“ქართული ოცნების” მინისტრთა მომავალი კაბინეტი, შესაძლოა, გადახალისდეს და ახალ კაბინეტში სულ მცირე, ორმა მინისტრმა თანამდებობა ვეღარ შეინარჩუნოს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც არ მალავს საკუთარ კეთილგანწყობას “ქართული ოცნების” მიმართ, “პრაიმტაიმთან” საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ერთ-ერთი, ვინც შესაძლოა, მინისტრთა ახალ კაბინეტში ვეღარ მოხვდეს, ეკატერინე ტიკარაძეა:
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე რჩებიან ძალოვანი მინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე, თანამდებობაზე დარჩება მიხეილ ჩხენკელი, დავით ზალკალიანი, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და თეა ახვლედიანი.
როგორც ანალისტიკოსს, მაქვს მოსაზრება, რომ გარკვეულწილად, ახალი მთავრობა გადახალისდება. შეიძლება, შეიცვალოს ორი-სამი მინისტრი, მეტი არა. თეა წულუკიანის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ ის არ აპირებს პარლამენტიდან გამოსვლას და აღმასრულებელში დარჩენას, ასე, რომ შეიცვლება იუსტიციის მინისტრიც.
სამედიცინო წრეებზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალოს და ასევე, რომელიმე ფინანსურ- ეკონომიკური ბლოკის მინისტრი, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი შეიცვლება, თურნავა თუ მაჭავარიანი, რადგან მარჩიელობა გამომივა, თუმცა ველოდები, რომ ამ ბლოკში ცვლილებები მოხდება. ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მინისტრები, სავარაუდოდ, თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, ინტრიგას არ წარმოადგენს ის საკითხი, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. მთავრობის ხელმძღვანელი ისევ მოქმედი პრემიერი გახარია იქნება და ამის თაობაზე პარტია “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდშიცე, 10 სექტემბერს განაცხადა.”
კომენტარები