ქვეყანაში არსებული ვირუსული პანდემიის და დაინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.
„საკმაოდ უარესდება ვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენს სამეზობლოში, რაც საქართველოს დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი აქვს, ზოგიერთ ქვეყანას, პრაქტიკულად, ამაზე მეტი მაჩვენებელი აქვს ყოველდღიურად.
ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების, პრეკრიზისული და კრიზისული ფაზა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც მნიშვნელოვნად დაბალია, თუმცა ერთი გარდაცვალებულიც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. მთელი მსოფლიო მეორე ტალღის პირისპირ დგება, 218 ქვეყანაა დაინფიცირებული და ყველგან არის გარკვეული მზადება. ჩვენ გამოვიყენეთ ის პერიოდი, როდესაც დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელი იყო, იმისთვის რომ უფრო უკეთ მოვმზადებულიყავით შესაძლო მეორე ტალღისთვის.
მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ როდესაც დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი იყო მაგრამ შეზღუდვები მეტი გვქონდა, და დღეს, როდესაც უფრო მაღალია დაინფიცირების ხარისხი და ნაკლები აკრძალვებია. ჩვენ საკმაოდ აქტიურად მოვემზადეთ. კლინიკების 80% მზად არის საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მართვაში. დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა ჩართული ამ პროცესში და 3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული. ასევე კრიტიკული მედიცინის მედიკოსები გადამზადდა 43 კლინიკაში, ასევე ოჯახის და სოფლის ექიმები, დაახლოებით 2500-მდე სპეციალისტი გადამზადდა, რათა პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ ბინაზეც, თუ კი მსუბუქი გამოვლენის შემთხვევები იქნება”
მოკლედ, ყველაფერი კარგადაა, ყველა მზადაა და სანერვიულო არაფერი გვაქვს, ხუნდაძეს თუ ვენდობით.
ერთი მცირე შესწორება მხოლოდ – წარმატებით კი არ გავიარეთ, სახლში გავიარეთ მშივრებმა და უმუშევრებმა და გრძელდება ისევ, არსად წასულა არც შიმშილი და არც უმუშევრობა.
სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებს უფრო ცუდად ჰქონიათ საქმე, მეტი გარდაცვლილი ჰყოლიათ, სომხეთს და აზერბაიჯანს საერთოდ ომი აქვთ გაჩაღებული და ჩვენთანაც რომ არაა ომი და რომ არ გვიხარია, უმადურები ვართ.
სულ 836 ადამიანი გადის მკურნალობას სტაციონარში და ეს იმას ნიშნავს რომ დანარჩენ 3187 პაციენტს სიმპტომები არა აქვს და უსიმპტომოდ გადააქვს ვირუსი!
მართალია, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ზაფხულში ტურისტებიც შეუშვა ქვეყანაში და მოსახლეობას ბევრად მეტი დაურიგა, ვიდრე 200 ლარია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ 3 000 საწოლის მობილიზება შევძელით იმ პერიოდში, სანამ ქვეყანა ჩაკეტილი გვქონდა.
მერე რა, რომ ქვეყნის ჩაკეტვამდე 4040 საწოლი გვქონდა მობილიზებული, მერე რა…
აპრილში გვქონდა 4040 საწოლი, მერე სექტემბრის დასაწყისში უკვე 600.
“ალიას” ინფორმაციით, ჩაერთო სუს-ი საქმეში და 15 სექტემბრამდე ჩვენ დავიბრუნეთ 1800 საწოლი და გაგვიხდა 2400.
იმავე დღეს, ასევე “ალიას” ინფორმაციით სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ჩვენ ისევ დავიბრუნეთ 800 საწოლი და იგივე 15 სექტემბერს, საღამოს, უკვე გვქონდა 3200 საწოლი.
დღეს 5 ოქტომბერია და გვაქვს 3 000 საწოლი – ისევ მოუპარავთ 200 საწოლი! სამწუხაროდ, პანდემიას მოსდევს მარადიორობა!
საზღვრები რომ არ ჩაგვეკეტა, მეტს მოიპარავდნენ. მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, მადლობა მთავრობას.
“ალიას” ინფორმაციით, საწოლების ქურდებს არ ეკეთათ პირბადე და არ იცავდნენ დისტანციას!
კომენტარები