„სისტემის მაქსიმუმი დაახლოებით 8 ათასი საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, ყოველდღე დაემატება კოვიდსასტუმროები. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„დამატებითი მობილობის შეზღუდვა ისევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე.“ – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისი, რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა სწორედ დედაქალაქზე მოდის.
შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 2297 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი გაფართოება. „გუშინ განხორციელდა 16 000-ზე მეტი აცრა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 000, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე გასული კვირების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მიზანია სულ მცირე 25 000 აცრა ყოველდღიურად. ემატება ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულები, რითაც ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები