ბელარუსში კორონავირუსის გავრცელების ტემპი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ბელარუსში ჯანმოს წარმოამდგენელმა, ბატირ ბერდიკლიჩევმა განუცხადა.
მისივე თქმით, ვირუსის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „ფიზიკური დისტანცირების ადეკვატური ზომების“ დაწესებაზე უარის თქმაა, ამის გარეშე კი ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით წარმატების მიღწევა უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება.
ჯანმომ ბელარუსს მოუწოდა, გადადოს მასობრივი ღონისძიებები, შეაჩეროს ყველა მეორეხარისხოვანი საწარმოს და ორგანიზაციის საქმიანობა, დანერგოს დისტანციური მუშაობისა და სწავლის ფორმატები, შემოიღოს მკაცრი სანიტარული მოთხოვნები და მაქსიმალურად შეზღუდოს მოქალაქეების მობილობა.
ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსის 14 917 (+890 ბოლო დღე-ღამეში) შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 2 918 ადამიანი (+532), გარდაიცვალა 93 (+4). ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, ხოლო შემთხვევების ასეთ ზრდას ჩატარებული ტესტების რაოდენობას უკავშირებენ. ბოლო მონაცემებით, ბელარუსში 186 262 ტესტი ჩატარდა.
შეგახსენებთ, ჯანმომ ვირუსთან ბრძოლის მაგალითად დაასახელა შვედეთი.
კომენტარები