გარდაცვლილი 32 წლის ქართველი სამხედროს, მევლუდ ბენდელიანის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ბენდელიანი ქობულეთის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს უკვე მესამე სამხედროა, რომელიც ბოლო პერიოდში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ჯარისკაცის ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი სნაიპერი იყო, დაკარგულია მისი ქურთუკი.
ოჯახის ინფორმაციით, სამხედრომ ჯერ საქართველო-თურქეთის საზღვარი გადალახა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 3 დღეში ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მევლუდ ბენდელიანი თავს არ მოიკლავდა.
“რატომ იღუპებიან სამხედროები ყოველ მეორე დღეს, რატომ ხდება ეს. ჯარის ხალხი რატომ კვდება? გორის საქმე… მოიკლა თავი? მოკიდოს გამოძიებამ ხელი ნუ ზიან კაბინეტებში”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
“ტვ პირველთან” საუბრობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და გარდაცვლილის ძმა და ისინი ამბობენ:
“აიყვანეს, ჩამოკიდეს… ამას ეს თავისით არ გააკეთებდა. არ ვიცით რა გაუკეთეს, არ დატოვოთ ეს ბავშვი უყურადღებოდ… ძირამდე ჩადით და გამოარკვიეთ… არ დატოვოთ ეს საქმე ასე…”
“უკვე სამმა სამხედრომ თავი მოისწრაფა – რატომ, რის გულისთვის? ტყუილად არავინ თავს არ მოიკლავს. ჩამოსვლის დღიდან თურქეთში გადადის ბიჭი…”
“თურქეთში გადაკვეთა, მიდის და მოდის – ვის დავადოთ ხელი?”
ქვეყანამ ბოლო ერთ კვირაში სამი სამხედრო, ავღანეთის სამშვიდობო მისიის და აგვისტოს ომის მონაწილეები დაკარგა.
სამივე ამბავზე თავდაცვის სამინისტრო დუმს.
გამოძიებას არ ენდობა ასევე გორში ნაპოვნი გარდაცვლილი 45 წლის შალვა ტაბატაძის ოჯახი. გამოძიების ვერსიით, სამხედრო ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შალვა ტაბატაძის ახლობლები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებენ. ოჯახს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხიდის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ცხედარი ან რატომ არ მოიძია პოლიციამ მძღოლი, თუ მანქანა იპოვა.
კომენტარები