ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა არმიიდან 45 ინდოელი ჯარისკაცი გაათავისუფლა, ხოლო კიდევ 50 ინდოელის გათავისუფლების მცდელობები კვლავ მიმდინარეობს.
ივლისში ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთმა პირობა დადო, რომ ჯარიდან გაათავისუფლებდა ნებისმიერ ინდოელს, რომლებიც უკრაინასთან საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს.
მაისში ინდოეთის პოლიციამ ადამიანით ვაჭრობის ქსელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი, დასაქმებისა და სასწავლებელი ადგილების პირობით, ახალგაზრდა კაცების რუსეთში შეტყუება და შემდგომ უკრაინაში საბრძოლველად რუსულ ჯარში მსახურობის ძალდატანება გახდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოელი ახალგაზრდები, რომლებიც ომში მოტყუებით წაიყვანეს, შველას ითხოვდნენ, ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
ინდოეთის გარდა, რუსულ ჯარში უცხოელების წაყვანის ცნობები სხვა ქვეყნებიდანაც ვრცელდება. CNN-თან სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, რომ წინა წელს რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელი მებრძოლების ჯარში აყვანის პროგრამის წარდგენიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასთან ომში საბრძოლველად დაახლოებით 15 000 ნეპალელი დაიქირავა.
ნეპალის მთავრობის თქმით, რუსეთის ჯარში ნეპალის 200 მოქალაქე იბრძვის და ბრძოლაში 13 ნეპალელია მოკლული. თუმცა, ნეპალელი კანონმდებლებისა და უფლებადამცველების თქმით, მთავრობის ოფიციალური რიცხვები ბევრად ჩამოუვარდება ნამდვილ მონაცემებს.
კომენტარები