“რადიო თავისუფლება” აქვეყნებს ჟურნალისტ გიორგი გვახარიას ბლოგს, სადაც ის საუბრობს ფილმზე – “ალექსანდრა” (2007, რუსეთი, რეჟისორი ალექსანდრ სოკუროვი)
ბებია, რომლის როლს, არც მეტი, არც ნაკლები, გალინა ვიშნევსკაია, მსტისლავ როსტროპოვიჩის მეუღლე ასრულებს, ჩადის ჩეჩნეთში, რათა თავისი შვილიშვილი, რუსეთის არმიის ოფიცერი მოინახულოს. მას თვალი ეხილება და ხვდება “რა საშინელებაა ომი”… ეს ალექსანდრ სოკუროვის ფილმის მოკლე შინაარსია – სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ “ალექსანდრა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილიყო. პაციფისტური იდეა და “რა საშინელებაა ომი” იქით იყოს, სოკუროვის სახელიც მნიშვნელოვანია – საფრანგეთში ბევრი თვლის, რომ ეს რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკის პირდაპირი და, შესაძლებელია, ერთადერთი მემკვიდრეა რუსულ კინოში. სოკუროვს სახელიც არა აქვს გატეხილი – რამდენჯერმე წერილობით გააპროტესტა პუტინის მმართველობა. ომის დაწყებისთანავე კი უშველებელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ძალიან გაბრაზებულმა დაგმო ომი უკრაინაში. თუმცა “ალექსანდრას” მიმართ მსოფლიო კინოსაზოგადოების ინტერესი მაინც მთავარი როლის შემსრულებელმა განაპირობა – გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჩემთვის პირადად, აქედან გაქცეული ვიშნევსკაიას, ოპერის სახელგანთქმული მომღერლის მემუარები ყველაზე საინტერესო ანტისაბჭოთა წიგნი იყო – პირდაპირი მითითება, როგორ უნდა მოიქცეს საბჭოთა ადამიანი მაშინ, როცა კაგებე მის დაშინებას ცდილობს. სოკუროვს ნამდვილად გაუჭირდებოდა უკვე ასაკში შესული “დივას” დათანხმება კინოში გადაღებაზე. მით უმეტეს, თვითონაც არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ვიშნევსკაია ურთულეს როლს, რომელიც მნიშვნელოვან გარდასახვას მოითხოვს, ადვილად გაუმკლავდებოდა. მაგრამ ფაქტია – ალექსანდრ სოკუროვის პაციფისტურ სურათში დიდი მუსიკოსი ვიხილეთ, ერთგვარი სიმბოლო ქალისა, რომელიც საბჭოთა რეჟიმს არ შეურიგდა. სხვა საკითხია, რა მოიგო ამით “ალექსანდრამ”. გარდა იმისა, რომ კანის ფესტივალის პროგრამაში მოხვდა.
დიახ, “ალექსანდრაში” ვიშნევსკაია, იმხანად 80 წლის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი, მხოლოდ სიმბოლოა. შეიძლება ითქვას, რეჟისორს სურს ძეგლი დაუდგას დიდ მომღერალს. სათამაშო ბევრი აქვს, მაგრამ ჯერ ერთი გამოუცდელია, როგორც კინომსახიობი და მეორეც, ფილმის დრამატურგიაც არ ეხმარება – სურათის ბოლომდე გაუგებარი რჩება, მაინც რატომ მოინდომა ბებიამ 7 წლის უნახავი შვილიშვილის მონახულება? ანდა კონკრეტულად რა შეცვალა მასში ჩეჩნეთში გატარებულმა დღეებმა. ვიშნევსკაია-სიმბოლო, როგორიც იყო ფილმის დასაწყისში, ისეთივე რჩება ფინალში.
არ ვიცი, რამდენად გააზრებული ჰქონდა ეს რეჟისორს, მაგრამ “ალექსანდრა” გამოვიდა ფილმი სიცარიელეზე, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნა – როცა ყველა, მათ შორის ჯარი, იმდენად დაღლილი და გამოფიტულია, რომ რაღაცნაირი არაბუნებრივი ტექსტებით მიმართავს ერთმანეთს. ამას დაუმატეთ არტჰაუსისთვის დამახასიათებელი კარგა მაგრად დამკვიდრებული სტერეოტიპი – იმისათვის, რომ რეალობა აღბეჭდო, ნარატივი აუცილებელი არ არის. სადღაც ბოლოში კი ნათელი ხდება, ფილმი სიცარიელეზე, სინამდვილეში, უბრალოდ, ცარიელი ფილმია.
გალინა ვიშნევსკაიას პერსონაჟისგან არა იმდენად ცოცხალი ადამიანის, რამდენადაც უფრო თაყვანისცემისთვის განკუთვნილი მონუმენტი გამოიძერწა. შესაბამისად, იბადება კითხვა, არსებითად რა არის ალექსანდრ სოკუროვის მიზანი – ჩეჩენი ხალხის გენოციდის ასახვა თუ უბრალო რუსი ქალის ველიკორუსული სიდიადის ჩვენება და მისი წარმოდგენა “რუსეთის დედის” (უფრო სწორად, “ბებიის”) სახით? რუსეთის ისტორიის ამსახველ სოკუროვის სხვა ფილმებს თუ გავიხსენებთ (სოკუროვი პირველი პროფესიით ისტორიკოსია), შეიძლება ეჭვიც შეგვეპაროს ამ რეჟისორის “პაციფისტურ გულწრფელობაში”. მით უმეტეს, რომ ესთეტიკური პრანჭვა-გრეხა ამ კაცის თითქმის ყველა ფილმში ერთგვარი ნიღაბია, რომელიც რეალურად არც გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ ავტორის პოზიციაში. ასეა “ალექსანდრაც” – ჩეჩნეთის ომი ავტორისთვის ერთგვარი დეკორაციაა მარტოობაზე, მოწყენილობასა და სიბერეზე ფილმის გადასაღებად. და არა სისასტიკესა და დანაშაულზე, არა ტანჯვაზე, რომელიც ომს თან ახლდა.
ალექსანდრა ეკითხება ჯარისკაცებს: “რატომ არ ბრუნდებით სახლებში? კარგ გოგოებს გაიცნობთ, შეგიყვარდებათ”. რაზეც ისინი ასე პასუხობენ: “რუსეთში ყველა გაბოროტებულია. გოგოებს კი მდიდარი კაცები მოსწონთ”. აი, ხომ მრავალმნიშვნელოვანი დიალოგია თითქოს? პასუხიც ხომ მოსწრებულია? რაღაცნაირი ორმაგი სტანდარტის გრძნობა მაინც იქმნება. “რუსეთის ბებია”, რომელსაც სოკუროვი ძეგლს უდგამს, ამავე დროს, ისეთი გულუბრყვილოა, რომ არ იცის რატომ არ ბრუნდებიან ჯარისკაცები სამშობლოში და რანაირად შეუძლიათ უსიყვარულოდ ცხოვრება.
ამ “არ ვიცოდის”, სხვათა შორის, დღეს საქართველოში ჩამოსული ბევრი რუსი იმეორებს. ეკითხები, რანაირად შეგიძლია ჩახვიდე ქვეყანაში, რომელიც შენს მთავრობას დაპყრობილი ჰყავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ლამის თბილისში შემოიჭრა. ის კი გპასუხობს: “არაფერი ვიცოდი 2008 წლის შესახებ. გარწმუნებთ, რუსული საზოგადოების უმრავლესობას არანაირი ინფორმაცია არა აქვს ამ ომზე”.
პუტინის რეჟიმის სივრცეში მოღვაწე რუსი ლიბერალების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ორმაგი სტანდარტების თითქოს არც რცხვენოდათ. “ალექსანდრას” ფინალური ტიტრები შოკსაც იწვევს – სოკუროვი, რომელიც პაციფისტური ფილმით იწონებს თავს თუნდაც კანის კინოფესტივალზე, ამთავრებს სურათს მადლობებით – ჩამოთვლის იმ რუს ოფიცრებსა და კაპიტნებს, რომლებიც გადაღებაში დაეხმარნენ. კანის ფესტივალზე ნაჩვენებ “ალექსანდრას” ტიტრებში ასეთი მადლობაც “გაიპარა”: “მადლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს”. ამისათვის სოკუროვს ისე დასცინეს, რომ მოგვიანებით იძულებული გახდა, ეგ მადლობა ფილმიდან ამოეღო.
ამ კვირის დასაწყისში სოკუროვი ისევ გამოჩნდა მედიაში. თუმცა ამჯერად პუტინს კი არა… კანის კინოფესტივალს გამოუცხადა პროტესტი. სოკუროვი აღაშფოთა ფესტივალის შემრჩევი კომისიის უარმა, ჩაერთოთ მისი მოწაფის, მალიკა მუსაევას სურათი საკონკურსო პროგრამაში. “ეს დისკრიმინაციაა. აბსოლუტურად დანაშაულებრივი დისკრიმინაცია”, – განაცხადა სოკუროვმა “ტასისთვის” (!) მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინაში ომი რომ დაიწყო, სანამ პუტინი სიტყვა “ომის” ხსენებას აკრძალავდა, რუსული კულტურის მუშაკებმა პოზიცია ასე გამოხატეს – “მთავარია ომი არ იყოს!” (“Главное, чтобы не было войны”). ესეც მწარე ღიმილს იწვევს უკვე: დაგმო მხოლოდ ომი და ამით გაამართლო ყველა დანარჩენი საზიზღრობა და უსამართლობა.
კომენტარები