საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი “ქართული ოცნების” სატელიტი „ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ“.
განცხადება მაჭარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას. ცხადია, უკვე ჩაფერფლილი პროტესტის მონაწილეებს შორის გულწრფელი, მაგრამ პროპაგანდით მოტყუებული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, მათი წილი იმდენად მცირე იყო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო კანონი ზედმეტი გართულებების გარეშე გაიტანა“, — ამბობს მაჭარაშვილი უწყვეტი პროტესტის ფონზე და ძალადობრივი მეთოდების თანხლებით მიღებული რუსული კანონის შესახებ.
მაჭარაშვილის თქმით, კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების „ზღვარგადასული წინააღმდეგობა“ გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ის „ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იგივე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს“.
„დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ. ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში. არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციალური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება“, — წერს მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის თქმით, კანონის მოწინააღმდეგეებმა სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.
„ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს“, — წერს მაჭარაშვილი.
„ხალხის ძალა“ იყო პირველი, რომელმაც შარშან რუსული კანონი დააინიციირა პარლამენტში. ეს პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
„ხალხის ძალის“ დღის წესრიგში ამჟამად არის „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა“ და 2008 წლის ომის გამოძიება.
კომენტარები