პროკურატურამ მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულმა მშობლების დახოცვვა კონფლიქტის და უთანხმოების გამო განიზრახა: “დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად ზ.ბ და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ.
დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს” – აცხადებს პროკურატურა.
დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები