ქირურგი და ორთოპედ-იმპლანტოლოგი, კლინიკა “dental room” – ის დამფუძნებელი ბატონი ჯონი ბაცანაძე, 20-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით უკვე საკუთარ კლინიკაში ემსახურება პაციენტებს, რომელთა შორის ბევრი მეზობელი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. მისი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება პაციენტებს შეუმჩნეველი არ რჩებათ, თუმცა თავად მიღწეულს არასდროს ჯერდება და ყოველდღიურად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და უახლესი მეთოდებით მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.
ჯონი ბაცანაძე: დედა თერაპევტი და კარდიოლოგი გახლდათ, მისი რჩევით გადავწყვიტე ექიმობა, თავდაპირველად კოლეჯში ჩავაბარე, შემდეგ უნივერსიტეტში და ბოლოს გავიარე რეზიდენტურა, თუმცა სწავლა და საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის მუშაობა ამით არ დასრულებულა, თვითგანათლების პროცესს მუდმივად ვაგრძელებ, ჩვენი სტომატოლოგია უფრო დიდი ნაბიჯებით ვითარდება და ჩემი მხრიდან ვცდილობ მაქსიმალურად ავუწყო ფეხი ამ პროცესებს.
– რა სიახლეებია იმპლანტოლოგიაში?
– დღეს იმპლანტების მრავალფეროვანი არჩევანია და შეგვიძლია თითქმის ნებისმიერ სიტუაციას მოვერგოთ, ახალამოღებულ კბილზეც და ადრე ამოღებულის ადგილზეც უპრობლემოდ ჯდება იმპლანტი და აგრძელებს ფუნქციონირებას ისე, როგორც ნამდვილი კბილი. ამაზე უკეთესი ჯერჯერობით არაფერი გამოუგონიათ.
– ასაკი შეზღუდულია?
– 18 წლის ზემოთ ნებისმიერ ასაკში კეთდება იმპლანტი, 90 წლის პაციენტიც კი გვყოლია.
– ქრონიკული თანმხლები დაავადებები რამდენად ხელისშემშლელია იმპლანტის სწორად ფუნქციონირებისთვის?
– ქრონიკული სომატური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი), რევმატიული დაავადება, ტუბერკულოზი, სისხლის დაავადებები (სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა), ენდოკრინოლოგიური სისტემის პათოლოგიები: ჰიპერ და ჰიპოთირეოზი, იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევები, ასევე ძვლოვანი სისტემის პათოლოგიები ხელს უშლის იმპლანტის სრუფლასოვნად ფუნქციონირებას, ამიტომ ეს პრობლემები არ უნდა ჰქონდეს პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ დენტალური იმპლატაცია.
– დღეს რა არის ყველაზე აქტუალური მოთხოვნა?
– დღეს დიდი ყურადღება ექცევა პაციენტების მხრიდან ესთეტიკურ მხარეს, ყველას უნდა ლამაზი ღიმილი, რა თქმა უნდა, ფუნქციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მოთხოვნა ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე თანდათან უფრო იზრდება.
– როგორც ვიცი, ქართველი პაციენტების გარდა, ხშირად მოგმართავენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
– პანდემიამდე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პაციენტები ჩამოდიოდნენ თითქმის ყველა ქვეყნიდან, გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო მათი ვიზიტები და ახლა ისევ განახლდა. ხშირად ჩამოდიან ჩვენი ემიგრანტები. საქართველოში სტომატოლოგია თითქმის ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა განვითარებული, იმდენად მჭიდროა უცხოელ კოლეგებთან კავშირები და ზღვა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, რომ ეს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს გვაძლევს. პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებამდე წელიწადში რამდენჯერმე გვიწევდა გასვლა სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციებსა და მასტერკლასებზე დასასწრებად, ჩვენი უცხოელი კოლეგებიც აქტიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში.
– როგორია ვინირის ხანდაზმულობის ვადა?
– ვინირის ხანდაზმულობის ვადა 8-10 წელია, შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ, ვინირი იცავს კბილს კარიესისგანაც, შეიძლება ითქვას, რომ ვინირი ჯობს, ვიდრე საკუთარი ცუდი კბილი.
– სტომატოლოგიური კლინიკა “dental room” -ის დამფუძნებელი ხართ, როგორ გაჩნდა საკუთარი კლინიკის გახსნის იდეა?
– მინდოდა დამოუკიდებლად გასვლა და საკუთარი თავისთვის მუშაობა, მქონდა ამბიცია, რომ საკუთარი კლინიკა გამეხსნა, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, იდეამ გაამართლა. დაახლოებით ხუთი წლის წინ გავხსენი მცირე კლინიკა და მალე, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოების აუცილებლობაც დადგა. ჩემი კლინიკის გარდა, იმპლანტაციაზე ვარ მოწვევით რამდენიმე კლინიკაში.
– რთულია ერთდროულად იყო ბიზნესშიც და პარალელურად იყო ექიმიც?
– რა თქმა უნდა, რთულია, უფრო ექიმი ვარ ვიდრე ბიზნესმენი, ექიმის რანგში ბოლომდე ვიხარჯები და ხანდახან ბიზნესს ვაკლებ ყურადღებას.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, მეუღლე პროფესიით ეკონომისტია და ძალიან მიდგას გვერდში კლინიკის მართვის პროცესში.
ნინო მახარაძე
კომენტარები