ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, რუსული საბანკო სისტემით МИР გადახდის ფუნქცია გაუქმდა.
კომპანია აცხადებს, რომ МИР-ის ლოგო საიტზე “ჯორჯიან ეარვეისის” პარტნიორი ესპანური კომპანიის websky-ის ჰქონდა მითითებული საიტის განახლებამდე. კომპანიის მტკიცებით, საიტის განახლება ახლა დასრულდა.
“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex-ის ბარათებითაა შესაძლებელი:
“ჩვენ ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც მაგალითად Mastercard, Visa და MIR, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex). ჩვენ გადავედით websky ინტერნეტ დაჯავშნის სისტემაზე 2021 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის BOG-ის მეშვეობით.
ყველა ლოგოს ნახვა შესაძლებელი იყო ჩვენს ვებსაიტზე, რადგან websky-ს არ განუხორციელებია ახალი განახლებები თავის ძრავზე და ეს ჩვენი მხრიდან იქნა განხილული ჯერ კიდევ ამ სისტემის შეცვლამდე. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს განახლება უკვე დასრულდა”, – განმარტავს კომპანია.
“ჯორჯიან ეარვეისი” გუშინ, 9 მარტს და დღეს, 10 მარტს გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნავს, რომ რუსული საბანკო სისტემით – МИР არც ერთი ფრენის ბილეთი არ გაუყიდიათ.
კომენტარები