ქალი, რომელმაც პირველმა და ღიად თქვა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირის მსხვერპლია, 33 წლის ლელა კურტანიძეა. ის ამბობს, რომ ათ წელზე მეტი დასჭირდა, ხმამაღლა საუბარი რომ გაებედა. თავად მიტროპოლიტი ქალის მონათხრობს ცილისწამებად მიიჩნევს, რომლის მიზანი მისი რეპუტაციის შელახვაა და “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს: „ამბობენ, რომ ენას ძვალი არ აქვს და ხავერდოვანი ფარდის უკნიდან ვისაც რა მოუნდება იმას იტყვის…”
რადიო თავისუფლება ლელას გარდა კიდევ არაერთ ქალს ესაუბრა, რომელთა ნაწილი შევიწროებაზე, ნაწილი კი სექსუალურ ძალადობაზე ჰყვება. მათგან ერთი ქალი ამბობს, რომ მიტროპოლიტის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი როცა გახდა, არასრულწლოვანი იყო. ერთის ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გერმანიაში ვითარდება. ორმა ქალმა კი, ლელას მსგავსად, სტუდენტობისას, ჯავახეთის ექსპედიციაში გაიცნო ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ლელას გარდა საკუთარ ამბებს ყველა ანონიმურობის პირობის დაცვით ჰყვება.
ლელა კურტანიძემ 5 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა: „ჯავახეთის ექსპედიციის მიმდინარეობის დროს, დაახლოებით 12-13 წლის წინ, გავხდი არაერთგზის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ“.
“მახსოვს ადგილი – ეს მოხდა სოფელ ასფარაში, სადაც კარვებით ვიყავით. ფარავნის ტბის პირას გვქონდა ბანაკი და ისე მომწონდა იქაურობა. ღამე, მთვარის სხივები რომ ეფინებოდა ამ ტბას, ულამაზესი სანახაობა იყო“, – ჰყვება ლელა.
ასფარის ბანაკის სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით ლელა ტბაში მხოლოდ იქამდე შედიოდა, სადამდეც ფსკერს გრძნობდა. ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა. ეპისკოპოსმა ეს შეამჩნია და ცურვას გასწავლიო, შესთავაზა. ლელა დათანხმდა. იხსენებს, რომ ექსპედიციაში არც საცურაო კოსტიუმი ჰქონდა, არც შორტი და ტბაში კაბით შედიოდა. მიტროპოლიტს ლელა ტბაზე ბანაკისგან მოშორებით, მანქანით მიჰყავდა – ცურვის გაკვეთილებისთვის.
„ცურვას ერთ დღეში ხომ ვერ ისწავლი, რამდენჯერმე ვიყავი ტბაში მასთან ერთად შესული. როცა ხელებს უხერხულ ადგილებში მკიდებდა, ვკრთებოდი, ვცდილობდი მოშორებას და წყალში ვვარდებოდი. ამ დროს მეკითხებოდა, რას შვრები, აი, როგორ აფუჭებ ყველაფერს? ისე მეკითხებოდა, თითქოს მე ვაკეთებდი რაღაც არაადეკვატურს. ხან გავიწევდი, ხან თავის დახსნას ვცდილობდი, მაგრამ უფრო ვემორჩილებოდი.
პირველივე დღეს მაკოცა, არა ტუჩებში, მაგრამ ისე, რომ რაღაც ზედმეტად ინტიმური იყო ამაში.
ამ დროს ორი გზა გაქვს, ან გააანალიზო, რომ რაღაც საშინელი ხდება შენს თავს და ეს მოცემულობა მიიღო, ან დაიჯერო, თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება. მაშინ მე ეს მეორე გზა ავირჩიე“, – ამბობს ლელა და ამატებს – სულ მქონდა იმედი, რომ ერთხელაც მიტროპოლიტი მიხვდებოდა, როგორ უხერხულობას მიქმნიდაო.
ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობის გამოცდილება და არც შევიწროებისა და ძალადობის შესახებ იცოდა ბევრი რამ.
მაშინ არც საქართველოს კანონმდებლობა ცნობდა სექსუალურ შევიწროებას, როგორც დანაშაულს. მხოლოდ 2019 წლის მაისში მიღებული კანონით განისაზღვრა, რომ სექსუალური შევიწროება ესაა სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.
ლელას წლები დასჭირდა მომხდარისთვის სახელის მოსაძებნად და მას მერეც კი, რაც მიტროპოლიტის საქციელს სექსუალური შევიწროება დაარქვა, ამ თემაზე ლაპარაკის დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა.
როგორ წარმოგიდგენიათ, ცურვის სწავლება შეხების გარეშე? – ჰკითხა მიტროპოლიტმა ფაჩუაშვილმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, როდესაც მას ლელას და სხვა ქალების მონათხრობის დადასტურება ან უარყოფა სთხოვეს და დააყოლა: “ბრალდება ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ ის შესაბამისი წესების დაცვითაა გამოთქმული”
კიდევ ერთი ქალი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა, ანონიმურობას იცავს:
ამბობს, რომ საკუთარი ამბის მოყოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯავახეთის ექსპედიციის სხვა მონაწილეებმა, მისმა და ლელას ნაცნობებმა, ლელას არ დაუჯერეს და მისი საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სკეპტიკურად იკითხეს: კი მაგრამ, სად იყო აქამდე?!
„ამ მოგონებების გახსენება ჩემთვის ძველი ჭრილობიდან სახვევის აგლეჯასავითაა, ხორცის ნაწილები რომ აჰყვება. მაგრამ ვალდებული ვარ იმ გოგოების წინაშე, ვინც შეიძლება ამ უბედურებას ასცდეს. გრძელი და მტანჯველი გზა გამოვიარე ჯავახეთის ექსპედიციის იმ ღამეებიდან ჩემს საწოლში მშვიდ ღამეებამდე. შუალედში ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირდა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვახერხებდი ჩემს თანატოლ მამაკაცებთან ნორმალურ ურთიერთობას, ვერბალურ დონეზეც კი. თვითშეფასება ისე მქონდა დაცემული, რომ მომავალზე ფიქრიც აღარ შემეძლო. ისედაც გრძელი კაბა უფრო დავაგრძელე, ვეცადე უფრო შეუმჩნეველი გავმხდარიყავი. საბოლოოდ, ძალიან დიდხანს გამყვა დანაშაულის გრძნობა.
ექსპედიციის დასრულების შემდეგ, თავისთან დამიძახა, რაღაც სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, ოღონდ ნურავის ეტყვიო. სიხარულით ცას ვეწიე, ღმერთის სწორმა კაცმა შემამჩნია, დრო დამითმო და რაღაც საერთო საიდუმლო გაგვიჩნდა უცებ.
საძინებელში შემიყვანა და მთხოვა ჩამოვმჯდარიყავი საწოლზე. ძალიან კი მეუცნაურა, მაგრამ უბრალოდ არც კი დამიშვია, რომ რამე არასწორი შეიძლებოდა იქ მომხდარიყო. ჩემს სექსუალურ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე დამისვა კითხვები. მე ძალიან დავიბენი და გულწრფელად ჩამოვურაკრაკე ყველაფერი. მერე, გვერდით მომიჯდა და მერე ყველაფერი გაიბლარა და გაიდღაბნა.
სხეულზე შეხება, მის სხეულზე, ჩემსაზე, გენიტალიებზე. ოღონდ ეს არ იყო შემთხვევითი შეხებები. გაოგნებული ვიჯექი და შოკისგან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, გონებაში ბორბალი უსწრაფესად ბრუნავდა, ვერც კი დავუშვი, რომ ადამიანი, რომელიც ბახს გვასმენინებდა წინა დღეს, ამაღლებულ სიყვარულზე გვესაუბრებოდა, რამე ამორალურის ჩამდენი იყო. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ან არ მინდოდა დაჯერება.
წასვლისას მითხრა, რომ ის, რაც მოხდა, იყო დიდებული და ამაღელვებელი, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მიძინებული ენერგიის მატარებელი, ულამაზესი სხეული და ძუძუები მაქვს, ძლიერი და ლამაზი ფეხები და რომ ჩვენი შეხვედრები საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ. მე და ღმერთის სწორ კაცს საიდუმლო გაგვიჩნდა“, – ჰყვება ის.
ის იხსენებს, რომ ეპისკოპოსთან არაერთი ასეთი შეხვედრა ჰქონდა. ის მას მონასტერში დარჩენას სთავაზობდა. ჰყვება, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ახალქალაქის ეპარქიაში გაატარა, ნახა, რომ იქ მონაზვნებს და მორჩილებს მკაცრი წესი ჰქონდათ: „კურთხევის გარეშე არავის არაფერი დაენახა, არავის არაფერი ეკითხა“.
თავად მეუფე ნიკოლოზისგანაც ახსოვს სასულიერო პირებისა და მონასტრის სტუმრებისთვის არაერთხელ ნათქვამი ფრაზა: თვითშემოქმედება დასჯადია, ზედმეტ კითხვებს ნუ დასვამთო.
ქალი ამბობს, რომ დარწმუნებულია, იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მისი მსგავსი გზა გაიარეს, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობდა.
ჰყვება, რომ მხოლოდ თვეების შემდეგ მოახერხა მეუფე ნიკოლოზის გავლენისგან თავის დახსნა და სახლში დაბრუნება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ ამ ამბავს წერტილი დაუსვა.
„მახსოვს, როცა ვუთხარი, რომ მე ასე არ მომწონდა და ვეღარ გავაგრძელებდით, მიპასუხა, რომ აქ არც ცუდი ხდებოდა რამე, არც ვინმე მაძალებდა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ და მე ჩიტივით თავისუფალი ვიყავი გადაწყვეტილებებში. ძალიან დიდხანს ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ მე გამოვიწვიე, მე მივიპყარი მისი ყურადღება“, – ჰყვება ქალი.
„ნიკოლოზ ფაჩუაშვილისგან შევიწროების მსხვერპლი ვარ მეც და მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო… ეს ამბავი 2012 წელს მოხდა, მე 19 წლის ვიყავი“, – კიდევ ერთი ქალის ნაამბობი რადიო თავისუფლებასთან.
“მეგობრულად” მიმიპატიჟა, ჩვენი მეგობარი ჩამოდიოდა და დავხვდეთო. ვინილებს ვათვალიერებდი მის რეზიდენციაში, როცა კაბის ქვეშ შემიყო ხელი და უკანალზე მომიჭირა. მე გავიწიე და თავად ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარა და საუბარი განაგრძო. ეს ფაქტი დავივიწყე, ვითომ ოღონდ, და ასე გავაგრძელე ცხოვრება. ნელ-ნელა დავშორდი ეკლესიას და რწმენა შემერყა“, – ჰყვება ის.
ის ამბობს, რომ სტრატეგია, რომელსაც ეპისკოპოსი გოგოებთან იყენებს, ერთნაირია: ისე გექცევა, თითქოს გამორჩეული ხარ და შენ გირჩევს „მეგობრად“, გელაპარაკება, გემესიჯება და უცბად ისე ხდები მსხვერპლი, რომ ვერც იაზრებ.
კიდევ ერთი ქალი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თავის ისტორიას ჰყვება, ამბობს, რომ მისი მშობლები მიტროპოლიტთან 90-იანი წლებიდან მეგობრობდნენ. მაშინ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჯერ კიდევ რიგითი მღვდელი იყო. თამარმა ის მშობლებისგან გაიცნო.
„10-11 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. ისეთი ემოციური კავშირი მქონდა მასთან, როგორც მამასთან. შეიძლება მამაზე მეტადაც კი მიყვარდა. მეც ეკლესიური ვიყავი მაშინ, სადღაც 6 წლიდან ეკლესიაში სიარული ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო და ეგ ადამიანიც, როცა მასთან მშობლებმა მიმიყვანეს, გახდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგის ხელში გავიზარდე. მართლა მშობლებისგან არ ვარჩევდი, ისე მიყვარდა და ბოლომდე ენდობოდნენ ჩემი მშობლებიც, აბსოლუტურად“.
კალთაში ჩამისვა და მითხრა, ახლა მარჯვენა ლოყაზე მაკოცებ, მერე მარცხენაზე, მერე ისევ მარჯვენაზე და მერე ისევ მარცხენაზეო. იმხელა მოწიწება მქონდა, იმხელა აღმატებული ადამიანი მეგონა, ფიზიკურად კი იყო ჩემთვის უსიამოვნო, მაგრამ ვერაფრით ვერ ვეწინააღმდეგებოდი ამას“, – ჰყვება ის.
ამბობს, რომ ეპისკოპოსთან ურთიერთობისას ბევრჯერ განუცდია სინდისის ქენჯნა – ეგონა, რომ რაღაც მოეჩვენა ან არასწორად გაიგო, ხან ფიქრობდა, რომ კაცი მასთან ფიზიკური კონტაქტით მის რწმენას ცდიდა.
„ხელით შეხება, ფეხზე ხელის მოსმა და კომპლიმენტები, შენზე ვგიჟდები და ეგეთები, ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც მალავდა ამას. ამბობდა, რომ ამას ვუფათურე ხელი, იმას ვუფათურე ხელი, იმასთან დავეცი, ამასთან დავეცი. მერე ერთხელ იყო, სადღაც 19 წლის ვიყავი, მძიმე მარხვის დროს, აღსარების ჩასაბარებლად შევედი და კაბაში ჩამიყო ხელი უკნიდან, “მაინც ხომ გაგაწითლეო”.
რამდენჯერ უთქვამს, ოღონდ შენ მონასტერში წამოდი და მთელი ცხოვრება გვერდიდან არ მოგიშორებო – ეგეთი რაღაცები ძალიან ბევრი ყოფილა…“, – იხსენებს და ამბობს, რომ ეპისკოპოსთან კავშირი საბოლოოდ დაქორწინების შემდეგ გაწყვიტა. წარსულთან დისტანცირებისთვის მას წლები დასჭირდა.
და კიდევ ერთი ქალი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თავის ისტორიას ჰყვება, ბავშვობიდან, 11-12 წლის ასაკიდან იცნობს მიტროპოლიტს – ის მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა და ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც თავიდან მშობლებთან ერთად ნახულობდა. ჯავახეთის ექსპედიციაში პირველად სტუდენტობისას წავიდა, 19 წლისა და იქ გატარებული დრო კარგად ახსენდება.
მისი ისტორია, სხვა ქალების ამბებისგან იმით განსხვავდება, რომ საზღვარგარეთ ხდება, გერმანიაში, სადაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1 წლით წავიდა სამუშაოდ. იქ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მასპინძელი ოჯახი კარგად იცნობდა ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას შეხვდნენ.
მიტროპოლიტი, რომელიც მაშინ ხშირად დადიოდა ევროპაში, ერთ-ერთი ჩასვლისას იმ ოჯახსაც ესტუმრა რამდენიმე დღით, სადაც ის მუშაობდა:
„ერთად ვიმოგზაურეთ, რაღაცები დავათვალიერეთ… იმ სახლში მე უფრო მასპინძლის სტატუსით ვიყავი. ძალიან უშუალოდ იქცეოდა, მამაშვილურად. ამ დღეებიდან ემოციურად უხერხულად რაც მახსენდება, იყო ერთი შემთხვევა, როცა თავის ოთახში იყო და მითხრა, მოდი, საწოლთან ჩამომიჯექიო. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა შემეწუხებინა, ჩემს საქმეებს მივხედავდი და დავტოვე“.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, გვიან შემოდგომაზე, როცა გოგოს საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი, მიტროპოლიტი ისევ გამოჩნდა:
„მოიწერა, რომ გერმანიაში იყო და თუკი აქ ვიყავი, მნახავდა. ამ ჯერზე სხვა ქალაქში იყო და მითხრა, მეთხოვა ოჯახისთვის, მოეცათ იქ წასვლის ნებართვა და ეყიდათ ბილეთი. ეს ოჯახი ადვილად დამთანხმდა და მართლაც წავედი ორი დღით და ერთი ღამით მეუფის სანახავად. წირვას დავესწარი, აღსარება ჩავაბარე მას, ვეზიარე, მერე ერთად ვისადილეთ და მითხრა, წამოდი ჩემთან, ჯავახეთის ამბებს მოგიყვებიო.
სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ძალიან პატარა ოთახი ჰქონდა, რომელსაც ოთახშივე ჰქონდა გადატიხრული საშხაპე და საპირფარეშოც. რაღაც მომენტში მითხრა, თუ გინდა, შედი და გადაივლეო, რაზეც უარი ვუთხარი. მერე საწოლზე წამოწვა და მითხრა, მოდი, მომიჯექიო. გვერდზე ვეჯექი და რაღაცებზე ვლაპარაკობდით – ამ დროს მე შეყვარებული მყავდა და აღმოჩნდა, რომ კარგად იცნობდა ამ ბიჭის ოჯახსაც, რაღაც მომენტში მათზეც მელაპარაკა“, – იხსენებს ის.
ის ჰყვება, რომ ამ პატარა ოთახში მიტროპოლიტის საწოლზე ჩამომჯდარს უხერხულობის განცდა ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო გაუღრმავდა, როცა კაცმა ხელებზე ხელი მოკიდა და ჰკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი გაყინული ხელები. მერე კი შესთავაზა, გაიხადე და საწოლში შემომიწექი, გაგათბობო.
„არა, ძალიან დიდი მადლობა-თქო, ვუთხარი ძალიან ცივად და შევეცადე დისტანცირებას. ძალიან დავიბენი და მახსოვს, ჩემთვის ვლოცულობდი: “ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე!” მოკლე დროში ხდებოდა ეს ყველაფერი, არ იყო გაწელილად, მე მგონი. რეალურად ჩემთან მეტი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მახსოვს განცდა, რომლითაც იქაურობა დავტოვე. ერთი სული მქონდა, აეროპორტში მიმეღწია, გზაში ძალიან ვიტირე, სიცარიელის საშინელი განცდა მქონდა, ჩემ თავს ვადანაშაულებდი და თან ვერ ვხვდებოდი, რაში ვადანაშაულებდი, რა ჩავიდინე ისეთი, რაც არ უნდა გამეკეთებინა?!“.
ეპისკოპოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია, რასაც ქალი იხსენებს, უკვე საქართველოში დაბრუნებისას მოხდა. მას ახლობელმა დაურეკა და გააფრთხილა, კარგად დაფიქრებულიყო, სანამ ჯავახეთში წასვლას გადაწყვეტდა. ახლობელმა უთხრა, რომ მათი საერთო მეგობარი, ასაკით უფროსი ქალი, მიტროპოლიტთან ჯავახეთში ყოფნისას მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. მეუფემ ქალს უთხრაო, არავის მოუყვე ეს ამბავი, იცოდე, მაინც არ დაგიჯერებენო.
პირველად ეს ამბავი თავის შეყვარებულს და მომავალ მეუღლეს მოუყვა, როგორც სხვისი ისტორია. როცა აღმოაჩინა, რომ მეგობარი ბიჭი სასულიერო პირს ამტყუნებდა, გაბედა და ძალიან ახლობელ გოგოებსაც გაუმხილა, მათ, ვინც მასავით ჯავახეთში დადიოდნენ. მერე რამდენიმე ნაცნობ მღვდელსაც – სულ ეს იყო, რაც მოაფიქრდა.
„უთქვამთ, რომ მსმენია ამის შესახებ, მაგრამ არ მეგონა, თუ მართლა ხდებოდა. მომისმენია ისიც, რომ ეკლესიას ისედაც წყალი აქვს შეყენებული და სჯობს ამაზე ხმამაღლა თუ არ ვილაპარაკებთო. მერე, სიმართლე გითხრა, გადავკეტე ეს თემა“, – ამბობს და აქვე იხსენებს მიტროპოლიტთან ბოლო შეხვედრას ხალხმრავალ ღონისძიებაზე, სადაც უნდოდა გულწრფელად ეთქვა მისთვის ყველაფერი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა – აზრი მაინც არ ექნებოდაო.
დარწმუნებულია, რომ მიტროპოლიტს დაუსჯელობის განცდა მისმა გარემოცვამაც გაუღრმავა, რომელიც წლების განმავლობაში „ფართოდ დახუჭული თვალებით“ უყურებს მის ქცევას და დუმს.
2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილ ჩანაწერებში, რომელიც დიდწილად სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე დაკვირვების დეტალებს აღწერს და რომელთა ავთენტიკურობა დღემდე დადგენილი არ არის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ წერია:
„მიტროპოლიტი ხასიათდება, როგორც განათლებული, ერუდირებული, გაქნილი და მექალთანე პიროვნება. საუბრობს რუსულ, სლავურ და ინგლისურ ენებზე. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების როგორც მართლმადიდებელ, ისე სომხურ-გრიგორიანული მრწამსის მქონე მოსახლეობაში სარგებლობს ავტორიტეტით და გარკვეული გავლენებით.
ნ. ფაჩუაშვილი დაკავებულია სიწმინდეების (წმინდანთა სხეულის ნაწილები) მოძიებით, რის გამოც სისტემატიურად მოგზაურობს საზღვარგარეთ. გატაცებულია მთიან რეგიონებში მოგზაურობით და სხვადასხვა მწვერვალის დალაშქვრით.
დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მიტროპოლიტის განათლება და კომუნიკაბელურობა, რაც ეხმარება პიროვნებებთან ურთიერთობაში და მათზე დადებითი ზეგავლენის მოხდენაში. მის უარყოფით მხარედ ითვლება მისი დამოკიდებულება სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. ცნობილია, რომ ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს: ეპარქიაში მომლოცველ ახალგაზრდა ქალებთან და მონაზვნებთან“.
საეკლესიო წესებით, უბიწობის აღთქმა ერთ-ერთია, რისი დაცვის ვალდებულებაც სასულიერო პირს აქვს. ბერებს და ეპისკოპოსებს ეკლესია განსაკუთრებულ ასკეტობას, ყველანაირი ამქვეყნიური სიამოვნებისგან თავის შეკავებას და მათი მთელი არსების ღმერთისთვის მიძღვნას სთხოვს.
გარდა ზემოთ აღნიშნული კომენტარისა, მიტროპოლიტმა მედიასთან ე.წ. სუსი კრებსებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ფაილების გავრცელება „კრიმინალური დანაშაულია, რომელიც ადრე თუ გვიან დაისჯება“.
„ჩემგან დაცვა ადამიანებს არ სჭირდებათ, პირიქით, ჩემი მსახურება სწორედ ადამიანების საფრთხისგან დაცვაა – როგორ ვახერხებ, ღმერთი და საზოგადოება განსჯის. მით უმეტეს, რომ უანგაროდ გაწეულ სამსახურს თავს არავის ვახვევ“, – წერილობით უპასუხა მან რადიო თავისუფლებას.
„ცუდ საქმეში მონაწილეობთ. როგორც ჩანს, ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი ტალღაა აღძრული, მაგრამ ეკლესია ჰგავს ბერმუხას, რომელსაც მუმლი ვერაფერს დააკლებს. ტერენტი გრანელი ამბობს: ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად…
რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მედიის ნაწილმა ტალახი ესროლა, ვიღას რა უნდა გაუკვირდეს?
მიხარია, თუ ცოტათი მაინც მის ბედს ვიზიარებ. შეხვედრასა და კომენტარზეც მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით, რომ სამღვდელოება და მრევლი გავამხნევო – მათაც მოუწევთ განსაცდელის გადატანა.
რაც შეეხება ახალქალაქისა და კუმურდოსა და კარის ეპარქიაში – საქართველოს ამ მიტოვებულ ძირძველ მხარეში – მოღვაწე გმირ დედებს, ამ 25 წლის მანძილზე ვინმე მაინც ჩამოსულიყო და ამ ბინძური ცილისწამების ნაცვლად მათი ღვაწლი აღეწერა ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე… ამბობენ, რომ ენას ძვალი არ აქვს და ხავერდოვანი ფარდის უკნიდან ვისაც რა მოუნდება იმას იტყვის. მაგრამ დადგება დრო და “მტყუანს და არმტყუანს, მართალს და არმართალს, ყველას და ყველაფერს – კაცის გამრუდებულს – უფალი გამართავს”. ეკლესიასტე“, – ეს არის პასუხი, რომელიც მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს მისწერა.
იურისტი ანა თავხელიძე:
„თანხმობის გარეშე სექსუალური ქმედება არის სექსუალური ძალადობა და აქ რომ თანხმობა არ არსებობდა, ამაზე ბევრი გარემოება მიანიშნებს. ერთ-ერთი და მთავარი, რომ ამ ადამიანების ნება იყო დათრგუნული, არის ამ ადამიანის გავლენა, მისი ავტორიტეტი, მის ტერიტორიაზე ყოფნა, ასაკობრივი სხვაობა. გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად იყვნენ იმ ტერიტორიაზე ადამიანები, ვინც მათ დახმარებას გაუწევდნენ. ამ კატეგორიის საქმეებს მსხვერპლის ლინზიდან შევხედოთ და დავინახოთ, რა გზას გადის ის, სანამ ხმას ამოიღებს და რამდენად რთული გზაა სამართლებრივი დავის დაწყება“.
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი:
„ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ცხოვრობს რეალობაში, სადაც პატრიარქი არის საჯაროდ ბრალდებული პედოფილიაში და საქმის გამოძიება ეკლესიის შიგნით არ მიმდინარეობს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ინსტიტუცია უნდა არსებობდეს, რომელიც მას დასჯის ან რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას დააკისრებს? „მან იცის, რომ დაუსჯელი დარჩება. მხოლოდ უფალია მისი განმკითხავი და ალბათ მასაც ეტყვის, სამსჯავროზე როცა წარსდგება, რომ კარგი საქმე უფრო მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ცუდი.”
სრულად – რადიო თავისუფლება
კომენტარები