ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები ყოველდღიურად განიცდიან ზარალს, მაგრამ ამას კარგად მალავენ პიარ ტექნოლოგიებით. ამის შესახებ „მნიშვნელოვანი ამბების“ რუსული გამოცემის ჟურნალისტები ჩეჩნეთის ხელისუფლების წყაროებზე და დაღუპულთა ახლობლებზე დაყრდნობით წერენ.
რუსული გამოცემა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ჯარების რეალური დანაკარგები საგულდაგულოდ არის დამალული ხელისუფლების, მათ შორის კადიროვის უსაფრთხოების ძალების მიერ. თუმცა, უკრაინაში ბრძოლების დროს 13 ჩეჩენი მებრძოლის გარდაცვალება უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
გამოცემის წყარო, რომელიც მონაწილეობს დაღუპული ჩეჩნების ცხედრების უკრაინიდან სახლში გადასვენების პროცესში, ადასტურებს, რომ ჩეჩნეთის ქვედანაყოფები ყოველდღიურად განიცდიან მძიმე დანაკარგებს და მათ ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ.
ამავდროულად, კადიროვის ჯარები სოციალურ ქსელებსა და რუსულ პროპაგანდაში ქმნიან ყველაზე წარმატებული ფორმირებების იმიჯს. ამაზე კი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი პირადად მუშაობს.
დელიმხანოვი პირადად ურთიერთობს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ფორმირებების მეთაურებთან, უზრუნველყოფს მოხალისეების (არა მხოლოდ ჩეჩნეთიდან) შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს ლოგისტიკას, ასევე, აკონტროლებს კადიროვის საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერას.
დელიმხანოვის გარდა, საინფორმაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი, რომელიც ორგანიზებას უწევს რუსი პროპაგანდისტების, ბლოგერების, ასევე, უცხოელების ჩასვლას „კადიროველთა“ განლაგების ადგილებზე, სადაც ისინი მებრძოლების ოსტატობის შესახებ ვიდეოებს იღებენ.
კომენტარები