სად ვნახავთ ასეთ განსხვავებულ კლიმატს ორი საათის სავალ მანძილზე? ამით ზემო აჭარა უნიკალურია მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი თვითმმართველობა, მერი, ხელს შეუწყობს, რათა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მხარის პოტენციალი ბოლომდე იყოს ათვისებული.
„მივესალმები სილამაზით გამორჩეულ შუახევს. მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ბოლოს ალპურ ზონაში ავდივართ. ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. სად ვნახავთ ასეთ განსხვავებულ კლიმატებს და ტყეებს ორი საათის სავალ მანძილზე?! ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, სრულიად საქართველომ და იგი გარე ტურიზმისთვის მომზადებული უნდა იყოს.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის პროექტები, რომელიც ახლა დავათვალიერეთ და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, როდესაც დასრულდება. არ ვსაუბრობ მხოლოდ ინვესტიციებზე, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ თავისი მნიშვნელობით მაქსიმალურად განსხვავებული უნდა იყოს ეს რეგიონი და მიმზიდველი აბსოლუტურად ყველასთვის, იქნება ეს საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქე.
ტურიზმის დეპარტამენტის პრიორიტეტია ამ რეგიონის განვითარება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა – მერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს, რათა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით პოტენციალი ბოლომდე იყოს ათვისებული. დარწმუნებული ვარ, ის პროგრამები, რომელზეც დღეს ხელი მიუწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, კიდევ მეტად იქნება გამოყენებული – იქნება ეს სოფლის მეურნეობა, აგროტურიზმი თუ ეკოტურიზმი.
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობს, თუ არ ვცდები, ამ ბოლო პერიოდში 17 მარტო სპორტული მოედანი აშენდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია უფრო მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნოთ რეგიონებში და მათ თავიანთი პოტენციალი მოახმარონ ამ კუთხეს. ამისთვის უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კომენტარები