პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე გაკეთებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს:
“ბიძინ-კობახიძის „ღალატის პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. მათ აზრი ერთ დღეში შეიცვალეს, იმისდა მიუხედავად, რომ თვენახევარია ღიად პრორუსული რიტორიკით არიან დაკავებულნი, რაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი შეტევებით გამოიხატება. ისიც კი იკადრეს, თითქოს, უკრაინელებმა ბუჩაში დახოცილი ადამიანები დაალაგეს, გენოციდის სურათი დადგეს და ამ საკითხში კარგი „მასწავლებლები“ ჰყავთ, ნაციონალური მოძრაობის წევრების სახით. ამის შემდეგ, უცებ, გონება გაუნათდათ და საპარლამენტო ვიზიტით მიემგზავრებიან უკრაინაში.
ყველასთვის საინტერესოა, რა მოხდა. რატომ გამოფინა ახალი დროშა „ღალატის პარტიამ“, რომელიც ბოლო ათი წელიწადია ცდილობს პროპუტინისტული პოლიტიკის გატარებას და ამისთვის რადიკალური ფრთაც კი ჩამოაყალიბა, „ალტინფოს“ სახით.
მოხდა შემდეგი:
- უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. პუტინის რეჟიმი დამარცხდება და შედეგად, იმედია, რუსეთშიც დემოკრატიული პროცესები დაიწყება. ამ მოცემულობაში, ღალატისა და ქურდობის პარტიის ადგილი არ არის და ვერც იქნება!
- ბოლო რამდენიმე წელია, „ოცნება“ ღიად აიგნორებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და ყველა შესაძლო მეთოდით ზღუდავს მათ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. „ღალატის პარტიის“ წარმომადგენლებს ეგონათ, რომ წინა წლების მსგავსად, ეს ყველაფერი ახლაც გაუვიდოდათ. თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურმა ანგარიშმა, „მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“ ცხადჰყო, რომ არაფერი შერჩებათ, „ღალატის პარტიის“ ნამოქმედარი ილექება და მათ ერთბაშად მოუწევთ პასუხის გაცემა მრავალ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ საკითხზე!
სწორედ ამ ახალმა გარემოებებმა განაპირობა ახალი დროშის გადმოფენა და ე.წ. თვითდეპუტინიზაციის პროცესის დაწყება ბიძინ-კობახიძის პარტიაში. მომავალში, უნდა ველოდოთ „პლასტინკის“ სრულ ამოტრიალებას და ამ პირობებში, არც რუსეთისა და პუტინის გინებას გამოვრიცხავ „ღალატის პარტიის“ მხრიდან.
მიველსამები ამ იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს მოღალატე და მოთამაშე ადამიანი გვმართავს!
კომენტარები