ამ დრომდე უცნობია, რა წარმომავლობისაა საფრენი აპარატები, რომლებიც კახეთში ჩამოვარდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უპილოტოები ქართული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე 2 ობიექტი გუშინ 18:35 და 45 წუთებზე შემოვიდა, გამოძიება გუშინვე დაიწყო. რას უკავშირდება ინციდენტები, ოფიციალური უწყებები ამ საკითხზე არ საუბრობენ.
ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სურათებზე გამოჩენილი ნარჩენი ნაწილები 100%-ით ემთხვევა ყარაბაღში ნარჩენი ნაწილების გადაღებულ სურათებს.
“სურათებზე გამოჩენილი ნარჩენი ნაწილები, 100%-ით ემთხვევა ნარჩენი ნაწილების ყარაბაღში გადაღებულ სურათებს. მართვადი არანჟირებადი დრონი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუშვეს მიზანზე, რომელმაც თავისი მიზანი ვერ იპოვა, ან სომხებმა გამოიყენეს რაღაც საშუალებები და მას ტვინი აუბნიეს. შედეგად კი, დაბნეულ აპარატს ფრენის შემდეგ საწვავი გაუთავდა და აქ ჩამოვარდა. კახეთის ჩვეულებრივი მოსახლეები რომ რისკის ქვეშ იყვნენ, ეს ფაქტია. აპარატი თვითმფრინავივით არის, რომელშიც 23 კილო ასაფეთქებელი ნივთიერებაა,”- აცხადებს დრონების მწარმოებელი კომპანია “ჯი-დრონის” დამფუძნებელი უჩა აბაშიძე.
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ფაქტი საჰაერო სივრცის დარღვევას ნიშნავს და ამის შესახებ დიპლომატიური არხებით უნდა იყოს შესაბამისი ნოტა გაგზავნილი.
“თუ გადმოვიდა საჰაერო სივრცეში და ამ ტერიტორიაზე შიგნით დაფრინავდა, რა თქმა უნდა, ეს საჰაერო კონტროლისა და თვალთვალით უნდა დადასტურდეს. ეს წარმოადგენს საჰაერო სივრცის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევას. შესაბამისად, დიპლომატიური არხებით უნდა იყოს შესაბამისი ნოტა გაგზავნილი,”- აღნიშნავს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლაშა ძებისაშვილი.
წყარო – რეზონანსი
კომენტარები