საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოვლენილი.
როგორც ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, 62 შემთხვევაში ჩატარდა ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, მათგან უმრავლესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
„მედიკოსების ტესტირება დღეს სრულდება. 62 ტესტირებიდან, რაც ჩატარდა გუშინ, 4 იყო ოჯახის, დანარჩენი – მედიკოსების. დღეს აბსოლუტურად ყველა მედიკოსის გამოკვლევა დასრულდება, რომელიც ამ ქალბატონთან კონტაქტში იყო. ცხელების ცენტრიდან სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 16 ნიმუში იყო გაგზავნილი.
დანარჩენ კონტაქტებსაც, მათ შორის პაციენტებს ვიკვლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა კომუნიკაცია ყველა პაციენტთან, რომელთანაც ეს ქალბატონი იმყოფებოდა, დღეს უკვე ჩაღრმავებულ კვლევაზე მივდივართ და საჭიროების შემთვევაში ნიმუშებსაც ავიღებთ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კომენტარები