კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს ხუთი პირი: 1972 წელს დაბადებული ნ. ქ., 1975 წელს დაბადებული შ.ი., ასევე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1985 წელს დაბადებული გ.თ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და 33 აბი „მეტადონი“ (მარილი).
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას“- აცახდებენ შსს-ში.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები