მთავარი ფოტო – მეგატივი
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კახეთში წელს ნესვისა და საზამთროს კარგი მოსავალია, თუმცა ფერმერები ხილს ვერ ყიდიან. ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს და არც გამოსავალი ჩანს.
თებერვალში ირემაძეებმა დაახლოებით 5 ჰექტარი მიწა წინა წლის ნარჩენებისგან გაასუფთავეს და დაამუშავეს. 2 ჰექტარზე საზამთრო დათესეს, სამზე – ნესვი. ზაფხულისთვის დაახლოებით 100 ტონა ნესვი და 50 ტონა საზამთრო მოიყვანეს. აქედან ჯერ მხოლოდ 15 ტონა ნესვი გაყიდეს. კილოგრამი 10-15 თეთრად. დანარჩენი ბაღშივე ულპებათ.
70 წლის თამაზ ირემაძე:
„ნესვი საერთოდ აღარ იყიდება. 10 თეთრს ვაფასებთ და ბოლო 24 საათში მხოლოდ 100 კგ გავყიდე. ეს ისეთი ხილია, მაქსიმუმ 10 დღე შეინახოს. ამ პერიოდში თუ არ გაიყიდა, ბაღშივე დალპება… ისეთი მდგომარეობაა, უფასოდაც არავის მიაქვს. 10 თეთრზე ნაკლები როგორ დავაფასო, როცა 8 თეთრი მკრეფავებს უნდა გადავუხადო?“ – ამბობს თამაზ ირემაძე და იმაზე წუხს, როგორ გადაიხდის მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებულ 45 ათასი ლარის სესხს.
„ადრე თავად ჩამოდიოდნენ მუშტრები სხვადასხვა ქალაქებიდან და საზამთრო მიჰქონდათ, ახლა არავინ ჩანს. მინდა ამ დღეებში მოვკრიფო და ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე გავიტანო გასაყიდად. თუ არ გაიყიდა, წავიღებ და საქონელს ვაჭმევ, დანარჩენს ბაღში მივატოვებ. აბა, რა გავაკეთო? სად წავიღო? თბილისში წაღებაც ძვირი ჯდება, მანქანა უნდა დაიქირაო, საწვავი ჩაუსხა და იქ რომ ჩავიტან, ან გავყიდი და ან არა. 25 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ასეთი წელი არასდროს ყოფილა…“ – ჰყვება ახალსოფლელი გია ლუხუშვილი. წელს მას 60 ტონა საზამთროს მოსავლის მოყვანა 12 ათასი ლარი დაუჯდა. ჯერ არცერთი კილოგრამი არ გაუყიდია.
.
კახელი ფერმერები ფიქრობენ, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ უწევს.
2022 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 12 ათას ტონამდე საზამთროა იმპორტირებული ოთხი ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ნიდერლანდიდან და თურქეთიდან.
თამაზ ირემაძე: „დიდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ბევრი კლიენტია, ძირითადად იმპორტული პროდუქტი იყიდება. რატომ არ შეიძლება, დროებით, როცა ჩვენთანაც მოდის, [უცხოეთიდან] ხილის შემოტანა შეჩერდეს?“
ფოტო – რადიო თავისუფლება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კახეთში შექმნილი პრობლემის შესახებ იციან, თუმცა რაიმე სახით ჩარევას ამ სიტუაციაში არ გეგმავენ: „იმპორტის აკრძალვა არ განიხილება არც ნესვის, არც საზამთროს და ზოგადად არანაირი მიმართულებით, ფასებს რაც შეეხება… სამინისტრო არ ადგენს [ფასს], ფასებს ბაზარი თავად განსაზღვრავს“, – მოსწერეს რადიო თავისუფლებას უწყებიდან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 60-დან 72 ათას ტონამდე საზამთროს მოსავალი მოჰყავთ. დაახლოებით 9 ათასი ტონა – ნესვი.
სრულად – რადიო თავისუფლება
კომენტარები