ანი დვალიშვილი, ალია
„ალიას“ მკითხველს კარგად ახსოვს, ორი კვირის წინ ვწერდით, რომ „ოცნებამ“ ბაკურიანსა და გუდაურში ტრენინგები ჩაატარა, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან უკვე შტაბების დაკომპლექტება დაიწყებოდა, ხოლო მაისიდან სრული საარჩევნო კამპანია. ისიც დავწერეთ, ჯერ შტაბებს დააკომპლექტებენ, შემდეგ კი კანდიდატებს დაასახელებენ და კანდიდატი იძულებული იქნება, შტაბის იმ ხელმძღვანელთან იმუშაოს, რომელსაც პარტია შეარჩევს თქო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ესეც სიტყვა-სიტყვით ახდა – ამ კვირიდან „ოცნების“ კოჰორტა რეგიონებში მოგზაურობას იწყებს და ადგილზე აჯანყებული აქტივი უნდა დააწყნაროს. აჯანყების მიზეზი კი აქტივს ნამდვილად აქვს – ჯერ ერთი, საპარლამენტო არჩევნების დროს, დაპირებული სამსახურები უმრავლესობას არ მიუღია და მეორე და უმთავრესი – მმართველი გუნდი წინ კვლავ ძველი ნაციონალების წამოწევას აპირებს. რეგიონებში ყოფილი ნაციონალების წინ წამოწევის შესაძლებლობა იმდენად მწვავედ დგას, რომ ძველი გვარდია ბოიკოტით იმუქრება და დღევანდელ პირობებში, ეს რომ დამღუპველი იქნება, „ოცნებაში“ იციან. ამიტომაცაა, რეგიონებში ჩასვლასა და აქტივთან ადგილზე საუბარს ლიდერები რომ აპირებენ, თუმცა…
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ავადმყოფობამ თავიდან ბევრი შეაწუხა, ოპოზიციამაც კი გამოჯანმრთელება უსურვა მას, მაგრამ მერე კალაძის ავადმყოფობის თემა მიჩუმათდა და ბევრმა საბოლოოდ დაივიწყა. არადა, კახას გარეშე პოლიტსაბჭოს ორი სხდომა ჩატარდა, კალაძის გარეშე, მმართველმა გუნდმა კრისტიან დანიელსონთან მოილაპარაკა და ის სანქციები, რომლებიც შესაძლოა, მმართველი გუნდის ლიდერებს ევროკავშირმა დაუწესოს, ისევ კალაძის ჩარევის გარეშე იქნება, რადგან მასთან არავის შეუთანხმებია, როგორ უნდა ეპასუხათ დანიელსონის დოკუმენტისთვის და რაზე უნდა დათანხმებულიყვნენ ან არ დათანხმებულიყვნენ. აბა, გაიხსენეთ, გააკეთა კალაძემ განცხადება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით? თქვა, რომ ის ეთანხმებოდა გუნდის გადაწყვეტილებას? არა და საავადმყოფოში მოხვედრით, მან ეს პასუხისმგებლობა შეგნებულად თუ ძალაუნებურად აიცილა.
„კალაძეს გუნდის წევრებთან მძიმე საუბარი ჰქონდა. მან არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი ფორს-მაჟორის გამო გახდა და კალაძე დედაქალაქის მერი რომ არ ყოფილიყო, პრემიერი ის გახდებოდა. შესაბამისად, მან მოითხოვა შემდეგი: ის უხელმძღვანელებს ცენტრალურ შტაბს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დახარჯავს არც თუ მცირე თანხას და შედეგზეც პასუხისმგებლობას აიღებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, ის ხდება პრემიერ-მინისტრი და ვერავინ ვერაფერს გააპროტესტებს. ეს „რასკლადი“ პირველ რიგში არ მოსწონს ღარიბაშვილს და აღარ მოსწონს ირაკლი კობახიძესაც, რადგან კობახიძეს თავად სურს პრემიერობა და კარგად იცის, კალაძის გაწევა ბევრად რთული იქნება, ვიდრე – ღარიბაშვილის. დედაქალაქის მოქმედ მერს აღარ სურს კვლავ მერობა, რადგან ეს მისთვის განვლილი ეტაპია“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
სხვათა შორის, კალაძეს ისიც უთქვამს, თუ ჩემს პირობას არ დათანხმდებით, არჩევნებამდე გახარიასკენ წავალ და ვნახოთ, ვინ ვის აჯობებსო. გახარიას საკითხი ერთი შეხედვით მმართველ გუნდს არ აწუხებს და როგორც ადრე გითხარით, ოფიციალურად ექსპრემიერი მაისში გამოჩნდება ახალ პარტიასთან ერთად. მის გუნდში ბოლო დროს თანამდებობიდან წასული ლამის ყველა ცნობილი სახე იქნება და პარალამენტარების არც თუ მცირე ჯგუფი გააკეთებს განცხადებს, რომ მას უერთდებიან. ჰოდა, ამ ყველაფერში კალაძის ჩარევა, „ოცნებისთვის“ გამოცხადებული დამარცხების ტოლფასი იქნება.
კომენტარები