“ალია” ესაუბრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილს.
– კახი კალაძე ფეიკ–ნიუსების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. “ქართული ოცნების“ მომხრეები უკვე ითხოვენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. თქმა არ უნდა იმას, რომ ჟურნალისტი ცრუ ინფორმაციას არ უნდა ავრცელებდეს. თუ გაავრცელა, ვინმეს რაიმე დააბრალა, უნდა უჩივლონ სასამართლოში. არა, ამას არ აკეთებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, სამართლიანი პრეტენზიებიც აქვთ კონკრეტული მედია საშუალების, უფრო, ტელევიზიების მიმართ. იმის ეშინიათ, რომ იჩივლონ, მერე მათი საქმეები გაიქექება და იქ ბევრი რამ ამორალური და უკანონო აღმოჩნდება. ასეა?
– ეს არის პირდაპირ რუსული „შპარგალკა“, მისი გადმოღების მცდელობა ჩვენთან. გადახედეთ ბოლო თვეების რუსულ ნიუსებს, იგივე მოთხოვნებია, რაღაც საკანონმდებლო ინიციატივებია… ჩვენთან უკვე ნორმად იქცა, რომ „ფეისბუკის“ პოსტების გამო იბარებენ ხალხს პროკურატურასა და სუს–ში. 21–ე საუკუნეში ვის ეშინია ასეთი რაღაცების? რა უნდათ, ვერ გავიგე? რა მიზანი აქვთ? თუნდაც ინფორმაციის გამო ხალხის სამართლებრივი დევნა და ციხეში ჩასმა? სხვა ბერკეტები არსებობს ამისთვის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით დასჯადია და გამოიყენონ ეს. ციხეში, ამის გამო, ირანში სვამენ ხალხს და ირანს ბაძვენ? მაშინ მივლენ კიდეც იმ სანქციებამდე, რითიც ამერიკელები გვემუქრებიან.
რაც მახსენდება, ყველაზე დიდი საბოტაჟი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განახორციელა, როდესაც ჩავიდა დავით გარეჯში, განცხადება გააკეთა, ამით ვითარება დაძაბა. ამას მოჰყვა მთელი ესკალაცია და ლამის ომი დაგვაწყებინა აზერბაიჯანთან. ამაზე აგო პასუხი? ვინმემ მოსთხოვა პასუხი? არა, მას ვერ შეეხები, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია. სამოქალაქო კოდექსის გარდა, მედია თუ რაიმეს აკეთებს არასწორად, საზოგადოება შეაფასებს თავად, ფეიკ–ნიუსების გამავრცელებელ მედიასაშუალებებს აღარ ენდობა და ისინი ნელ–ნელა გაქრებიან, რადგან მომხმარებელი რომ არ ეყოლებათ, აღარც რეკლამა, შემოსავალი ექნებათ, გაკოტრდებიან.
მედიაბაზარი ნდობაზეა დამოკიდებული. თუ ფეიკ–ნიუსებზეა ლაპარაკი, კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთაველის 12 ნომერში მთელი „ფეიკების ფაბრიკა“ მუშაობდა, ბოტებისა და ტროლების მთელი არმია ჰყავდა „ქართულ ოცნებას“ და ეს რატომ არ გაახსენდა კახი კალაძეს?
ჩემი ყალბი პროფილი შექმნეს და პატრიარქი გალანძღეს. გამოიძიეს ეს? იქნებ რა საფრთხეს მიქმნიდა? გეთანხმებით იმაში, რომ ესენი, ხელისუფლების წარმომადგენლები იმიტომ არ ჩივიან ცილისწამებაზე სასამართლოში, რომ ეშინიათ. უკაცრავად და, ბევრი აქვთ მიქარული და არ უნდათ, რომ ისინი ამოყაროს მედიამ. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები,“ქართული ოცნების“ გამპრავებლები რომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, ყველას შეურაცხყოფას რომ აყენებენ, მაგას მიხედონ. ტყუილია? „ფეისბუკმა“ 200 ყალბი ანგარიში არ დაუხურა ამას წინათ „ქართულ ოცნებას“? ჯერ საკუთარი სახლი დაალაგონ, მერე სხვისას მიხედონ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №22
კომენტარები