“ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს და კალაძის განცხადებას, რომ ქალაქში ჯანსაღი ჰაერია, დაცინვას უწოდებს.
მისი თქმით, ჰაერის ხარისხი არ იზომება იმ დაუსაბუთებელი ციფრებით, რომელსაც დღეს კალაძე აფრიალებს, ჰაერის ხარისხი დამოკიდებულია შესაბამის გარემოზე, რომელიც ქვეყანაში არ გაგვაჩნია.
სატრანსპორტო კოლაფსი, ქაოტური მშენებლობები, გამწვანების არასწორი დაგეგმარება და მისი მოსპობა, ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომელსაც ბიბილაშვილი ჰაერის მთავარ დამაბინძურებელ კომპონენტებად მიიჩნევს.
“კალაძე, თავის პარალელურ თბილისში ჰაერის გაუმჯობესებაზე გველაპარაკება და გვარწმუნებს რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი და ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. ქალაქში რეალობა ძალიან მძიმეა. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა საქართველოში სამჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით 4-ჯერ გაიზარდა სასუნთქი გზების დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს არის ჰაერის ხარისხის მთავარი პრობლემა და ამ ყველაფრის შემდეგ კალაძე გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ეს არის მოსახლეობის პირდაპირი დაცინვა, რასაც ის არ ერიდება,” – ანა ბიბილაშვილი.
კომენტარები