ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, უკვე მერამდენე უბედურება მოხდა საქარველოში, ამჯერად, ვაკის პარკის შარდევნიან აუზში დენის დარტყმისგან 13 წლის ბავშვი დაიღუპა და მისი ორი კლასელი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. უკვე მერამდენე შემთხვევაა ვეღარ ვიხსენებ, ვიღაცების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ერთ ფაქტს ვერ ვიხსენებ, რომ ამ ხელისუფლების თანამდებობის პირს აეღოს პასუხისმგებლობა და გადამდგარიყოს. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გადადგეს ვინმე, თუნდაც გამოძიების დასრულებამდე? ან უფლება-მოსილება შეუჩერონ? ამჯერად საზოგადოების ნაწილი თბილისის მერის, კახი კალაძის გადადგომას მოითხოვს, რას იტყვით?
– რა არის, იცით? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სისტემა აშენებულია არა კარიერულ პრინციპებსა და ჯანსაღ კონკურენციაზე, არამედ მედროვეებზე. მედროვის პრინციპი რა არის? მედროვე ყოველთვის ეპოტინება იმ სიკეთეს, რაც მიიღო თანამდებობაზე დანიშვნით და ეს სიკეთე მანამდე ექნება, ვიდრე ამ პოსტზე იმუშავებს. შესაბამისად, საკუთარი ნებით ამ სისტემიდან არავინ გადის. მით უმეტეს, ეს მანკიერი ვერტიკალია, ქვემოდან ზემოთ. ასეთ შემთხვევაში, ჭანჭიკის გაწირვაც კი ძნელია. იმ ჭანჭიკს ურთიერთობა აქვს თავის ზემდგომთან, არაფორმალური, კორუფციული ან ნეპოტისტური, მისი ბევრი უკანონო დავალება აქვს შესრულებული თუ ერთობლივად აქვთ ჩადენილი არაკანონიერი ქმედებები. იმ ზემდგომს კიდევ თავის ზემდგომთან აქვს ხინჯიანი ურთიერთობა და სისტემა ასეთ მედროვეებზეა აშენებული. მედროვეებზე აშენებული სისტემაში ყველა მედროვე ეპოტინება იმ სიკეთეს, რაც მიიღო, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ, რომ ეს არ დაკარგონ. ამასთან გვაქვს ამ შემთხვევაშიც საქმე. თბილისს მერს, კახი კალაძეს ვგულისხმობ. რეალური, კარიერული პოლიტიკოსისთვის, რომელსაც სურს, რომ პოლიტიკაში კიდევ უფრო წინ წავიდეს, გადადგომა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული. ხშირ შემთხვევაში, გადადგომა დასაწყისია პოლიტიკური უფრო დიდი კარიერისა. ცხოვრება ისეთია, რომ ასეთი, კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების გადადგომისთვის სიტუაციები იქმნება. შეიძლება უნებლიედ შეცდომა დაუშვა, ან რაღაცა მოხდეს. თუ მარტო ის გინდა, პასუხი არაფერზე აგო და მარტო სიკეთე მიიღო, ეს არასწორი მიდგომაა. კახი კალაძისთვის ამ ვითარებაში გადადგომა პოლიტიკური შანსების შენარჩუნების საშუალებაა. როგორც პოლიტიკოსი, კახი კალაძე უკვე დამთავრებულია, თუ პოსტზე დარჩება, არ გადადგება და ამით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს. სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ სამართლებრივად კახი კალაძე ამ საქმეში დამნაშავეა, რაიმე აქვს ჩადენილი, მაგრამ როდესაც შენს სისტემაში, რომლის გამართულად მუშაობაზეც შენ გეკისრება პასუხისმგებლობა და იქ ტრაგედია ხდება, უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამას როდესაც არ აკეთებ, საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მარხავ. ის ამაზე კი არ ფიქრობს, რომ საკუთარი რენომე შეინარჩუნოს. არა, მხოლოდ იმას ფიქრობს, მე რომ წავიდე, იქ ათასი საქმეები მაქვს დასალაგებელი, კორუფციული სქემები აქვს ამუშავებული, საიდანაც ფული შესდის და კიდევ სხვა სქემები უნდა დაალაგოს. ასე ფიქრობს ყველა.
– ბევრი ფიქრობს, თუ კახი კალაძე გადადგება, ეს მის მიერ დანაშაულის სამართლებრივი აღიარება იქნებაო, ასეა?
– ცხადია, ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა. კი, სამწუხაროდ ბევრი ასე ფიქრობს. აქ მერის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზეა ლაპარაკი და ეს დანაშაულის აღიარება არ არის. ეს პოლიტიკური აქტია და არა სამართლებრივი. ეს არ მოხდება, მაგრამ დავუშვათ, თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ საქმის გამო კალაძის დაჭერა, აღარაფერი ეშველება. გინდა მოქმედი მერი იყოს და გინდა უკვე გადამდგარი, მაინც დაიჭერს.
– ბევრი ფიქრობს, რომ კალაძეს გადადგომა რომც სურდეს, ამას საკუთარი პოლიტიკური გუნდი არ დაანებებს, რადგან კალაძე თუ გადადგა, თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები იქნება ჩასატარებელი და არის შანსი, არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს და თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს. ასეა?
– მე ვფიქრობ, თბილისი ისედაც დაკარგული აქვს “ქართულ ოცნებას“. გუნდურია თუ არაგუნდურია, ჩვენ ვართ პიროვნებები ყველანი, პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც. იმის პიროვნული ნებაც თუ არ გაქვს, რომ გადადგე და სახლში წახვიდე, ეს ნებაც თუ სხვისგან უნდა მიიღო, მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ თვლი, ეს ნებაც თუ სხვისგან უნდა მიიღო, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? კალაძის თბილისის მერის კანდიდატად ორჯერვე დაყენება, მისი გადასაწყვეტი არ იყო, ეს ვიცით, ეს იმ გუნდმა გადაწყვიტა, წეღან რომ ახსენეთ და ეს გუნდი, ერთი კაცია. აი, სახლში წასვლაც თუ სხვისი გადასაწყვეტია, ეს უკვე ფსკერია ჩვენს პოლიტიკაში. გამოდის, კალაძეც ჭანჭიკი ყოფილა, მეტი არაფერი. სხვის დაუკითხავად ტუალეტში ვერ მიდიან. ნებართვას სხვისგან ითხოვენ. ეს უკვე ისეთი მანკიერი წრეა და გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გადაიჭრას.
კომენტარები