ხორავას ქუჩის მკვლელობა – რეზონანსული საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის არასრულწლოვანმა შვილმა ჩვენება სასამართლოს წინაშე დღეს პირველად მისცა და სისხლიანი დღის მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენა.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეტალურად იხსენებს რა ხდებოდა 51-ე სკოლის საპირფარეშოში, სადაც მოზარდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
ალექსანდრე სუბელიანი აცხადებს, რომ საპირფარეშოში დათუნა სარალიძე არ უნახავს. სკოლის ტუალეტში კი მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობარი თემო ჩოგოვაძე, დათა ნიკოლაიშვილი და დაჩი ღლონტი.
სუბელიანის თქმით, სათამაშო იარაღიდან დაჩი ღლონტმა გაისროლა. რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, ე.წ. გარჩევა შემდეგ შესვენებაზეც გაგრძელდა, რა დროსაც მასში ღლონტის კლასელები, მათ შორის დათუნა სარალიძეც ჩაერივნენ.
სუბალიანი აღნიშნავს, რომ რადგან ისინი ასაკით პატარები იყვნენ დახმარებისთვის დეიდაშვილს, მიხეილ კალანდიას დაურეკა და დახმარება სთხოვა.
დღეს დაკითხული არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მოვლენები გაკვეთილების დასრულების შემდეგ შემდეგნაირად განვითარდა: სკოლასთან კალანდიასთან ერთად საქმეზე მსჯავრდებული ჯანაშია და ბარბაქაძეც გამოჩდნენ.
მოწმის მონაყოლის თანახმად, დაპირისპირებული მოზარდები შერიგდნენ, თუმცა მოულოდნელად გარკვეული კონფლიქტი დათუნა სარალიძესა და გიორგი ჯანაშიას შორის წარმოიშვა რის შემდეგადაც გამოყენებულ იქნა ცივი იარაღი.
„საპირფარეშოში სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა, რის შემდეგაც მიუხედავად ჩემი თხოვნისა, დაჩიმ გაისროლა იარაღი. ამის შემდეგ მე და დაჩი ცალკე გავედით სასაუბროდ. ვუთხარი – ხო გთხოვე არ ისროლოთქო, რაზეც მითხრა, შენთვის რა მნიშვნალობა აქვს თქვენთვის ხომ არ მისვრიაო. ამის მერე ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. თემო ჩოგოვაძე, დათა ნიკოლაიშვილი კი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ. მერე მე ვუთხარი ჩემს დეიდაშვილს ხო იცნობ, ის მეგობრობს ამათ მეგობრებთან და დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს სკოლის მერეთქო. ამის მერე დავიშალეთ”- აღნიშნა ალექსანდრე სუბელიანმა და ხორავას ქუჩის ინცინდენტი მოჰყვა:
„ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო…“, – განაცხადა სუბელიანმა, რომელიც ირწუნება, რომ ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია, თუმცა დარწმუნებულია, რომ კალანდია მკვლელი არაა.
ალექსანდრე სუბალიანმა თქვა, რომ კალანდია ფარდულთან შემხებლობაში არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე კოჭლობდა და ფეხი სისხლიანი ჰქონდა.
„ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა რომ მინდოდა იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე…
ბარბაქაძესაც აქვს დანა გამოყენებული სარალიძესთან, მენაბდესაც, მაგრამ რამდენად რეალურია ეს არ ვიცი. თვალი მოვკარი ბარბაქაძემ ხელი მოუქნია დადუნაშვილს. რაღაც საგანი ეჭირა, ეს უფრო შემდეგ დღეებში აღვიდგინე, იმ მომენტში მეგონა, რომ უბრალოდ ჩხუბი იყო, ალბათ, დანა იყო”, – განაცხადა სუბელიანმა.
ნიუპოსტი
კომენტარები