2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად, კონკურსზე მოგებულ ჯილდოს, მინის მიკროფონს აუქციონზე ყიდის. გამარჯვებული იქნება ის, ვინც 28 მაისამდე Monobank-ის საშუალებით, როგორც კრიპტოვალუტის, ასევე ნაღდი ფულის სახით ყველაზე მეტ თანხას ჩარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.
აუქციონზე გაიყიდება ასევე, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის ვარდისფერი ქუდიც. მისმა მსურველებმა სპეციალურ ანგარიშზე მინიმუმ 5 ევრო უნდა ჩარიცხონ. რაც მეტი იქნება დონაცია, მით უფრო მეტი იქნება მოგების შანსიც. ქუდის მომავალ მფლობელს შემთხვევითობის პრინციპით გამოავლენენ.
“ჩვენ ევროვიზიის კონკურსში გავიმარჯვეთ, ახლა კი გვსურს, რომ უკრაინას ომის მოგებაში დავეხმაროთ. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად გადაირიცხება. თქვენ მიერ გადმორიცხულ თითოეულ ევროს შეუძლია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინოს. მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”. – ამბობენ ჯგუფის წევრები ვიდეომიმართვაში.
კომენტარები