„–უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამისი რეალური შესაძლებლობა არ არსებობს, ვინმეს ძალიანაც რომ უნდოდეს…“ – ასე პასუხობდა უფლებების ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ხელოვანებს.
არადა, აღმოჩნდა, რომ რეალური შესაძლებლობაც არსებობს და ძლიერი სურვილიც. გიგა კობალაძე „ვინმეში“, ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს, კორუფციის რეალურ შესაძლებლობას კი ძველი საკანონმდებლო ბაზა და ის ცვლილებები აძლევს, რომელიც კანონში წინა ხელისუფლების დროს შევიდა და საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს ავტორების „კანონიერი“ გაძარცვისკენ გზა გაუხსნა.
ეს გზა კობალაძემ იმდენად ნაყოფიერად გამოიყენა, რომ ახლა, გამოცემა ნიუპოსტის ინფორმაციით, ხელოვანების 14 მილიონიანი დავალიანება აქვს, რომელიც ავტორების ნაცვლად, მის პირად კომფორტს მოხმარდა. დიახ, GCA ს ხელოვანების 14 მილიონიანი დავალიანება აქვს. თანხების არამიზნობრივ ხარჯვას 2 აუდიტორული შემოწმება ადასტურებს. დოკუმენტებით დადგენილია, რომ მხოლოდ 2021 წელს, ასოციაციის ერთადერთი შემოსავლიდან ანუ შეგროვებული ჰონორარებიდან – თითქმის ოთხი მილიონიდან, ავტორებს – 1300 – 1300 ლარი ერგოთ, გიგა კობალაძეს კი 233 062 ლარი. კობალაძის სარგებელმა 2022 წელს, შემოსავლის ზრდის ხარჯზე იმატა და უკვე 336 569 ლარი შეადგინა, აი, ავტორების ჰონორარი კი ისევ მიზერული დარჩა. გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ 2022 წელსაც, (მსგავსად 2021 წლისა) ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.
ფული იხარჯებოდა ავტომობილებზე, ავეჯზე, ოფისებზე, მივლინებებზე – ყველაფერზე, ავტორ შემსრულებლების ვალის გადახდის გარდა. თუმცა, როგორც ჩანს, კობალაძისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მადა გაეხსნა და ასოციაციის ბიუჯეტიდან საკუთარ თავს 30 ათასი ლარი ასესხა. დარღვევები იმდენად მძიმეა, რომ რეალურ მდგომარეობას იმ კომპანიაშიც კი ვერ უარყოფენ, რომელმაც „ჯისიეში“ შიდა აუდიტი ჩაატარა.
როგორც ჩანს, 12 წლის მანძილზე ასოციაციის ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობა, სწავლა და სხვა სარგებლების მიღება გიგა კობალაძისთვის იმდენად ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ ახლა ჩვეულებრივ ამბავს უწოდებს. ხოდა, რა გასაკვირია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები სულაც არ მოსწონს და არ აწყობს, რომელზეც პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და რომელიც მიზნად საკანონმდებლო ბაზის გამართვასა და ავტორ-შემსრულებლების უფლებების უკეთ დაცვას ემსახურება.
კობალაძეს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაც უნდა და დაცვის გარანტიებიც, ამიტომ, როდესაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციისგან წერილი მიიღო, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ სიზაკი გამიზნულად შეიყვანეს შეცდომაში ან, დახმარების სათხოვნელად ჩასულ გიგა კობალაძეს ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გადი ორონმა უარი ვერ უთხრა და კობალაძის მიერ საკუთარი თავის ლობიზმში ჩადებული ფულის დამსახურებით, წერილიც შეიქმნა.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სიზაკი იმ კანონპროექტს აკრიტიკებს და კულტურის კომიტეტს მის უკან გაწვევას სთხოვს, რომელიც პარლამენტში წერილის გამოგზავნის დროს ჯერ დარეგისტრირებულიც არ იყო და ეს ერთადერთი საეჭვო დეტალი არ არის. წერილში, უცნაურია კატეგორიული ტონიც – სიზაკი, რომლის ფუნქციაც მის წევრ ქვეყნებში ავტორების უფლებების დაცვის მიზენით, რეკომენდაციები უნდა იყოს, დაჟინებით მოითხოვს შეჩერდეს ცვლილებებზე მუშაობის ის პროცესი, რომელშიც სხვათა შორის, იუსაიდი და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის, CLDP -ის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. როგორც ჩანს, სიზაკის ხელმძღვანელობას არც უცხოელი პარტნიორების მონაწილეობა აინტერესებს და არც ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. დუმილით პასუხობს იმ კოლექტიურ წერილსაც, რომელიც 200-მდე ქართველმა ავტორ-შემსრულებელმა გასულ კვირაში გაუგზავნა. ხელოვანებთან ერთად, კულტურის კომიტეტშიც ფიქრობენ, რომ სიზაკის მიერ მათთვის გამოგზავნილ წერილთან კობალაძე პირდაპირ კავშირშია.
კობალაძემ თავდაცვის მექანიზმი მას შემდეგ ჩართო, რაც საქპატენტის დაკვეთით ჩატარებული აუდიტის შედეგები გახდა ცნობილი და მიხვდა, რომ მის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნა, ამიტომ მოქმედებაზე გადავიდა, ოპოზიციური ტელეარხი დაიხმარა და ასე სცადა მითის შექმნა იმის შესახებ, რომ მას რუსეთი ებრძვის.ქართული რეალობისთვის ეს ხელწერა აპრობირებულია. კობალაძემ მაგალითი იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან აიღო, რომლებიც საჯაროდ ყველაფერ რუსულს ხმალამოღებულები ებრძვიან. ოღონდ ჯიბეში რუსული რუბლებით და რუსული მეთოდებით.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:
სიზაკის გენერალური დირექტორი 2016 წელს რუსეთში ჩავიდა და საავტორო უფლებათა დაცვის იქაური ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. გადი ორონმა მაშინ, „რაო“–ს მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცა.
„რუსეთის სწრაფად განვითარებად ბაზარზე, RAO-მ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. CISAC (სიზაკი) მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს ზოგადად, და კერძოდ, RAO-ს, რუსეთში უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაძლიერებისა და ავტორების ინტერესების დაცვის მიზნით“, – სინქრონული თარგმანი.
არაფერია უცნაური იმაში, რომ სიზაკი ხვდება იმ რაოს ხელმძღვანელობას, რომელიც მისი ერთ-ერთი პარტნიორია. ეჭვებს სხვა ფაქტები იწვევს. იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, რომელსაც გადი ორონმა მუშაობა მოუწონა, მალე ინგლისში გამოძიება დაიწყო, რომელმაც დაადგინა, რომ 39 წლის სერგეი ფედოტოვი ავტორების კუთვნილი 8 მილიონი ფუნტის გაფლანგვასა და თაღლითობაში დამნაშავე. ისტორია ხომ არ გეცნობათ? ოღონდ კობალაძის რუსი კოლეგა ბევრად „გონიერი“ გამოდგა და შეგროვილი ჰონორარებით შოტლანდიაში, მე-16 საუკუნის ციხე-სიმაგრე იყიდა. ეს ფაქტები ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ ქართველ ავტორ-შემსრულებლებს საავტორო უფლებების დაცვვის ასოციაციის ხელმძღვანელი თან, რუსული მეთოდებით ძარცვავს, თან ამ ძარცვას რუსეთთან ბრძოლის ეგიდით ამართლებს.
დღეს, 12 ივნისს პარლამენტი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და ავტორ-შემსრულებლებზე ზრუნვას გეგმავს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ, მორიგი საკომიტეტო განხილვა კულტურის კომიტეტში გაიმართება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 18 მაისს საქპატენტმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც არაერთ დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს, მათ შორის, ასოციაციის ფულით ნაყიდ, უძრავ (მაგალითად, ბინა ბათუმში) და მოძრავ ქონებაზე საუბრობდა და ითხოვდა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორებას.
საქმე იმაშია, რომ დიდი გამდიდრება ოფიციალურადაა დეკლარირებული, კიდევ უფრო გასაგებად და მარტივად რომ გითხრათ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ კი, აქვს ავტორთა ვალი, მერე რა, რას იზამს, აქვს ვალი და ავტორებს „არც ეძლევათ და არც ეკარგებათ“, ქაღალდზე მათ აქვთ ეს ფული, და მაშინ როცა ასოციაციას ავტორებისთვის ვალი არ დაუბრუნებია, იყიდა ბინა, მანქანა, დაარიგა ექვსნიშნა ხელფასები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ შორის, დაარიგა პრემიები, რის გამო დაიმსახურეს პრემია, მაშინ როცა ავტორთა ვალი აქვთ, ამას, ცხადია, არ ასაბუთებენ. ასოციაცია კი არ უარჰყოფს, რომ ან ბინა იყიდა, ან მანქანა, ამ მივლინებით წავიდა, ან პრემიები და მაღალი ხელფასები დაარიგა – არა, არ უარჰყობს, ისევე როგორც არ უარჰყოფს იმას, რომ მას აქვს ავტორთა ვალი. სწორედ ამიტომაა აუცილებელი კანონმდებლობის ცვლილება, რადგან არც კობალაძეს და არც აღარავის სხვას, აღარ მიეცეს უფლება, დააგროვოს ავტორთა ვალი და შემოსული ფული გახარჯოს მისი სურვილისამებრ, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს ისე, რომ პირველ რიგში ავტორებმა მიიღონ კუთვნილი.
საქპატენტის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, რუსთავი 2–თან აცხადებს:
“საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები იქნა გახარჯული პრემიებზე, ბონუსებზე, მანქანის შეძენა იქნებოდა ეს თუ ბინის, როგორც თავად განმარტავენ საოფისე ფართის შეძენა ქალაქ ბათუმში, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ერთ-ერთი ადამიანის. მათი პოზიციაა, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს ოფიციალურად, ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ამიტომ არ არის დარღვევა. თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ავტორებს არ აძლევდნენ ჰონორარს. შინაარს რომ შევხედოთ აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მილიონობით ვალი არის ავტორების მიმართ და ეს ვალი არის დეკლარირებული. მაგრამ უნდა შევხედოთ შინაარსს თუ რატომ აქვს მას ეს ვალი. რატომ არ გადაუხადა ავტორებს ეს ფული, მაშინ როდესაც პრემიებს იღებდა და საზღვარგარეთ მიდიოდა.“
და წესით, მეტი რაღა უნდა გითხრათ, მაგრამ ბონუსად იმასაც მოგახსენებთ, რომ სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტაციის თანახმად, 2023 წლის 23 აპრილს ასოციაციამ ჩაატარა კრება, რომელზეც ასოციაციის თავმჯდომარედ გიგა კობალაძე იქნა არჩეული. თუმცა, საჯარო რეესტრმა ასოციაციის მიერ წარდენილი დოკუმენტაციის შესწავლის დროს იურიდიული ხარვეზები იპოვა და ასოციაციას მიუთითა, რომ ერთი თვის ვადაში შეეტანა შესწორებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სარეგისტრაციო ვადის დინება შეწყდებოდა და განაცხადი გიგა კობალაძის ასოციაციის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის შესახებ ოფიციალურ ამონაწერში არ აისახებოდა. 2 ივნისს საჯარო რეესტრმა ხელახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ მათ მიერ მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ შეძლო, ამიტომაც მათი განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ გიგა კობალაძე ასოციაციის თავმჯდომარედ იყოს არჩეული არ დაკმაყოფილდა, დაახარვეზა და შესაბამისი განაცხადის სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. როგორც ჩანს, გიგა კობალაძე თვლის, რომ ასოციაცია მემკვიდრეობით ერგო და იურიდიული ხარვეზის შესწორებაც კი არ ინება.
კომენტარები