საქართველოს მთავრობა “წერტილოვანი ლოქდაუნის” ფარგლებში სავაჭრო ობიექტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ იმ მაღაზიებს, რომელთაც ახალი დაგენილების შესაბამისად საქმიანობის გაგრძელება არ ეზღუდებათ, არ ეკრძალებათ გაყიდონ ის პროდუქტები, რომლებიც მათ დახლებზე არის განთავსებული.
თუმცა, არ აკონკრეტებენ, რისი განთავსების უფლება აქვთ დახლებზე…
თავად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში საუბარია იმაზე, რომ რიგი დასახელების საქონლით ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს. დადგენილების თანახმად, მაღაზიებს აეკრძალათ გაყიდონ ის პროდუქცია, რაც არც სურსათის და არც პირადი ჰიგიენის კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს აკრძალვა მთავრობის მიერ 26 ნოემბერს დამტკიცებული დადგენილებით არის განსაზღვრული და ის ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” წარმომადგენლებმა BMG-ისთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა მისცეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სასურსათო და პირადი ჰიგიენის პროდუქციის გაყიდვები გაეგრძელებინათ.
იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.
თუმცა თავად მთავრობის დადგენილების მიხედვით, შემდეგი აკრძალვბი არის დაწესებული:
“ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს.“
სუპერმარკეტების ადმინისტრაციები დღეს დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რა საქონლის რეალიზაციის უფლება შეუზღუდა მათ საქართველოს მთავრობამ. დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისების სიაში, ჯერჯერობით, არც თამბაქოს ნაწარმი არ წერია, რის გამოც, ზოგიერთმა სუპერმარკეტმა დროებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაც შეაჩერა.
დღეს დილით გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს, თუმცა მხოლოდ საახალწლო საქონელი არ არის იმ კატეგორიის პროდუქცია, რომელიც არც სურსათს და არც პირადი ჰიგიენის საგნებს არ მიეკუთვნება. ასეთია ჭურჭელი, საოფისე ინვენტარი (ქაღალდები; საწერი კალმები; რვეულები), წიგნები, ელემენტები და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტები.
წყარო – BM.GE
კომენტარები