44 წლის კაცი, რომელიც საკარანტინე ზონიდან სახლში გაწერეს, ორ დღეში კი უკან დააბრუნეს, კოვიდინფიცირებულია.
„პრაიმტაიმს“ ფაქტს ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი უდასტურებს.
პაციენტი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ოჯახის ოთხი წევრი კი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ტიგრან ეგოიანის თქმით, კაცის ანალიზის პასუხი სუსტი დადებითია.
შეგახსენებთ, სოფელ ყაურმის მკვიდრი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კარანტინში მოათავსეს.
ორკვირიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ კი გაწერეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო.
ორი დღის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივს თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გამო სოფელი იზოლირებულია, მოქალაქეებს სოფელ ყაურმის დატოვების უფლება არ აქვთ.
სოფელში მცხოვრებ 271 პირს კი თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.
“ალია”: შეგახსენებთ – თერმოსკრინინგი სიცხის გაზომვაა, უამრავ ადამიანს, ვისაც ვირუსი აღმოუჩინეს, სიცხე და სხვა სიმპტომი საერთოდ არ ჰქონდა, ვის უნახავს და რატომ არ იყენებს იმ სწრაფ ტესტებს ხელისუფლება, რომლებიც გვაჩუქეს ან ვიყიდეთ – უცნობია. როგორ აპირებს სიცხის გაზომვით ინფიცირებულთა პოვნას ჯანდაცვის მინისტრი, მაშინ როცა ორკვირიანი კარანტინის პერიოდშიც კი ვერ დაადგინა ტესტით კორონავისური – ეგაც უცნობია.
კომენტარები