კარდიოქირურგია მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მიმართულებაა, სადაც კარგი განათლება, გამოცდილება, მყარი ფსიქიკა და ფიზიკური ძალა უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, სწორედ ამ თვისებების მატარებელია ახალგაზრდა, წარმატებული კარდიოქირურგი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი – ბატონი გიორგი კალანდაძე, რომელიც კარდიოქირურგიულ პრობლემებსა და მათი მოგვარების თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრა.
გიორგი კალანდაძე:
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 22 წლის ასაკში წავედი მოსკოვში, ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიულ ცენტრში, სწორედ იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები კარდიოქირურგიაში, იმ პერიოდში ეს დარგი საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამდა და ეს კლინიკა ჩატარებული ოპერაციების რაოდენობით პირველ ადგილზეა ევროპაში და მესამეზე – მსოფლიოში. მაშინ კლინიკის ხელმძღვანელი მსოფლიოში ცნობილი კარდიოქირურგი ბატონი ლეო ბოკერია გახლდათ და მისი უშუალო ხელმძღვანელობით დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა კარდიოქირურგიაში. დაახლოებით ხუთი წელი დავყავი იქ, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი დავყავი პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ამის შემდეგ რამდენიმეთვიან სტაჟირებებზე ვიყავი ევროპის სხვადასხვა კლინიკაში და თითოეულმა მათგანმა მომცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცდილება, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ. ამაყი ვარ, რომ მეც და ჩვენი კარდიოქირურგების უმრავლესობამ ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ საქართევლოში კარდიოქირურგიული დონის ამაღლებაში, დღეს ბევრი მიმართულებით შედეგებით ევროპის დონეზე ვართ.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– პირველად დამოუკიდებლად შუნტირების ოპერაცია გავაკეთე თბილისში, 65 წლის ქალბატონთან, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, სამივე სისხლძარღვი დაზიანებული ჰქონდა გულზე, წარმატებით ჩატარდა ოპერაცია და დღემდე მაკითხავს ხოლმე.
– ძირითადად, რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ფაქტობრივად, ყველა ტიპის და სირთულის ოპერაციას ვაკეთებთ გულზე.
– რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებებს და როგორ ებრძვით მას?
– გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა ტიპის დაავადებებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ეს არის გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, მაგ: გენეტიკური ფაქტორი, არაჯანსაღი საკვები, არასწორი ცხოვრების წესი და ა.შ, ეს ყველაფერი იწვევს გულის სისხლძარღვების სხვადასხვა ხარისხის დაზიანებას, როდესაც საქმე გვაქვს გულის სისხლძარღვების მრავალსისხლძარღვოვან დაზიანებასთან, მაშინ კეთდება ღია ტიპის ოპერაციული ჩარევა, იგივე შუნტირება, რა დროსაც ვიღებთ მისივე სხვა სისხლძარღვებს და გადავნერგავთ დაზიანებული სისხლძარღვების ბასეინში, რათა გულს შევუქმნათ ახალი, ალტერნატიული კვების წყარო. ამას ვაკეთებთ მუშა გულის პირობებში, რაც ჩვენი აზრით ბევრად უფრო ბუნებრივი და დამზოგველი პროცესია, თუმცა გაჩერების ფონზეც კეთდება ოპერაცია, რა თქმა უნდა, ამ მეთოდსაც აქვს არსებობის უფლება და ყავს თავისი მიმდევრები, თუმცა, დღეს ძირითადად ყველა ცდილობს გადავიდეს მუშა გულის პირობებში ოპერაციებზე, რასაც ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ.
– მედიცინა მუდმივად განვითარების პროცესშია, რა ახალი გამოწვევების წინაშეა კარდიოქირურგია?
– მედიცინის ყველა დარგი, მათ შორის კარდიოქირურგიაც ძალიან სწრაფად ვითარდება, ყოველწლიურად ახალ-ახალი მიდგომები და ჩარევები ვითარდება, ერთ-ერთი მათგანი იყო ე.წ ოზაკის ტიპის ოპერაცია, რომელიც ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა გავაკეთოთ საქართველოში, ეს არის აორტის სარქველის პროტეზირება არა ხელოვნური სარქველის გამოყენებით, არამედ, საკუთარი პერიკარდეომის ფურცლიდან შექმნილი სარქველით, რაც ახალი მიმდინარეობაა. ეს არ არის ყოველდღიური რუტინული ჩარევა, ამას თავისი სპეციფიკური ჩვენება აქვს, თუ როდის შეიძლება და როდის არა, მაგრამ როცა შეიძლება, ის უალტერნატივოა და სხვა რაიმე მისი საპირწონე ჩარევა არ არსებობს. ეს ოპერაციები არ არის იმაზე ხანგრძლივი ვიდრე სტანდარტული სარქველის პროტეზირება, ბევრად კარგია იმ მხრივ, რომ საკუთარი ქსოვილია და შემდგომ სისხლის გამათხელებლებზე ყოფნა არ სჭირდება პაციენტს, რაც ხელოვნური სარქველის პროტეზირების დროს აუცილებელია.
გარდა ამისა, ყოველწლიურად დახვეწის ფაზაშია და ჩვენც ვაკეთებთ შუნტირების ოპერაციებს მინიინვაზიურდად, ანუ მცირე განაკვეთით, ასევე ახალი მიმდინარეობაა საქართველოსთვის სარქველის პროტეზირებები მინი ჩარევებით. ყველა კლინიკა და ქირურგი ვესწრაფვით, რომ დავეწიოთ მსოფლიოში მიმდინარე ახალ მეთოდებს, ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მაგ: ოზაკის პირველი ოპერაცია, ევროპაში აღიარებული, უკრაინის მთავარი კარდიოქირურგის – პროფესორის ბორის თოდოროვის დახმარებით გავაკეთე. მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას.
– კოვიდპანდემიამ რამდენად დაამძიმა თქვენი პაციენტების მდგომარეობა?
– კოვიდინფექციისგან დაზღვეული არც ერთი პაციენტი არ არის, მით უმეტეს პოსტოპერაციულ პაციენტებს, რომლებმაც გადაიტანეს ოპერაციული ჩარევა, ძალიან დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი და უფრო მარტივად მიმღებნი არიან კოვიდინფექციის. გვქონია ასეთი შემთხვევები და უმრავლესობამ კარგად გადაიტანა, რასაც ოპერაციამდე არსებული გულის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გადაიტანდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
– კარდიოქირურგია იმდენად კომპლექსური დარგია, რომ ერთი ქირურგი ვერაფერს გააკეთებს, რომ არა გუნდი, არ ვიცი მედიცინის სხვა დარგი, სადაც გუნდური პრინციპი უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ეს კარდიოქირურგიაშია.
– ჯანდაცვის პოლიტიკაზე რა აზრის ხართ?
– ძალიან კარგი იყო, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკა ამოქმედდა ქვეყანაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ნაჩქარევად და დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი, წლების შემდეგ ცოტა კოლაფსი გამოიწვია ამან სისტემაში, რამაც თავისი შედეგი გამოიღო.
– თქვენი ოჯახი გაგვაცანით…
– მყავს მეუღლე და სამი შვილი, 12 და 7 წლის გოგონები და 5 წლის ვაჟი. მეუღლე მოსკოვში გავიცანი, პროფესიით დიზაინერია, მაგრამ ამ ეტაპზე, ოჯახიდან გამომდინარე, ძირითადად ბავშვების აღზრდა-განათლებითაა დაკავებული.
– კარდიოქირურგია ძალიან მძიმე პროფესიაა, რა ემოციები გინაღზაურებთ ამ უდიდეს შრომას?
– ძალიან შრომატევადი საქმეა, რაც ძლიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგრადობას საჭიროებს, თუმცა, მეორე მხრივ ძალიან მადლიანი საქმეა და თითოეული წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდგომ იმდენად დიდ მორალურ სიამოვნებას ვიღებ, რომ ეს დაღლა აღარ არსებობს, მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, როდესაც საოპერაციოდან გამოდიხარ და ოჯახის წევრებს ეუბნები, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ღირს ამ ყველაფრად.
– გული რასთან ასოცირდება თქვენთან?
– ერთი სიტყვით გამიჭირდება ახსნა. ოპერაციის დროს პირდაპირი მნიშვნელობით მიჭირავს ადამიანის გული და შესაბამისად, სიცოცხლე ხელში, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ვიხარჯები თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.
ნინო მახარაძე
კომენტარები