„პირველ რიგში იმას, რომ მმართველ გუნდს, მათი არასწორი ანალიზით, ეჭვი ეპარებოდა ევროინტეგრაციას ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა“ – ასე პასუხობს ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია BM.GE-ს კითხვას – რას ნიშნავდა მმართველის გუნდის მიერ მიღებული „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება.
მისი განმარტებით, მმართველმა პარტიამ აღმოაჩინა, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ნამდვილად 85%-ია და აქედან გადამწყვეტი რაოდენობა ის თაობაა, რომელმაც ჩვენი თაობისგან განსხვავებით არაჩვეულებრივად იცის რას კარგავდა, რისკენ მიდიოდა.
„ახალგაზრდა თაობამ აჩვენა, რომ მიტინგი, რომელიც იწყებოდა – არ მთავრდებოდა, რომ უკან არ დაიხევდნენ – ეს არის ახალგაზრდული ჟინი, რომელიც თავისუფლებისთვის საბრძოლველად აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იგებს. ეს იმდენად სანუკვარი მიზანია, რომ ამის წაგება შეუძლებელია. ახალგაზრდებმა დაანახეს, რომ უკან დამხევები არ არიან და მმართველმა პარტიამ ნახა, რომ მომავალში თავის ამომრჩეველთან უკვე დიდ წინააღმდეგობას აწყდება… ასეთი რიტორიკა არსებობდა, რომ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის აზრს ითვალისწინებდა და აღმოჩნდა, რომ მათი მცდარი შეხედულება იყო, რომ უმრავლესობა მათი მხარდამჭერი იყო. აღმოჩნდა, რომ თაობა, რომელიც ახლა იზრდება და ახალი ამომრჩეველია, გაცილებით უკეთესად აფასებს მდგომარეობას და მოქმედებაშიც მაგრები არიან“, – განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს თაობა აირჩევს კარგ ხელისუფლებას და შეცვლის საქართველოს მომავალს
„კარგ ხელისუფლებას აირჩევს ის თაობა, რომელიც Mcdonald’s-ში გაიზარდა და არა ტარხუნის ლიმონათზე. ეს არის თაობა, რომელიც ჩვენს მომავალს ცვლის, ჩემს მომავალსაც ცვლის. მიუხედავად იმისა რომ მე პრეტენზია მაქვს, რომ მეც ვცვლი მომავალს, მაგრამ ჩვენი მომავალი მათ უნდა მივანდოთ, რომლებიც არაჩვეულებრივ მომავალს დაგვიხატავენ“, – აღნიშნა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა.
კომენტარები