ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, მალე პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ არის შემუშავებული და რომლის თანახმადაც, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც საერთო დაფინანსების 20%–ზე მეტს უცხოეთიდან მიიღებენ, უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადდებიან. თავისთავად, მათი დამფუძნებლებიც და იქ მომუშავე ადამიანებიც. ამ ინიციატივაზე რას იტყვით?
– ბუნებრივია, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე ირიბი კონტროლის დაწესების მცდელობა. ეს ხდება იმ რუსული მოდელით, რომელიც რუსეთში მიიღეს და იქ იმუშვა – პროპაგანდისტული ნაბიჯებით, დისკრედიტაციის, კომპრომეტაციის გზით, ეტაპობრივად გაანადგურეს სამოქალაქო სექტორი. რაც შეეხება იგივეს გაკეთების მცდელობას საქართველოში, ეს აბსურდია. საერთაშორისო დონორები, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, ისინი ორგანიზაციებს კი არ აფინანსებენ, კონკრეტულ პროგრამებს აფინანსებენ. ზოგი სოციალურ–ეკონომიკური ხასიათისაა, ზოგი საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ზოგი მართლმსაჯულებისა და სამართლის სფეროსი. არანაირ შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე, გავლენის მოხდენაზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში მარტო უცხოელი დონორები არსებობენ, ქართველი დონორები არ არსებობენ. შესაბამისად, ამ კანონის მიღების შემდეგ, ნებისმიერი სამოქალქო აქტივისტი ხდება უცხოეთის აგენტი. გასაგებია ხელისუფლების ამოცანა, მათი მმართველობის სისტემა მთლიანად რუსულიდან არის კოპირებული და მეთოდურად ყველა იმ ნაბიჯს იმეორებენ, რაც თავის დროზე, რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა.
– საინტერესოა, „აგენტთა რეესტრში“ თუ შეიყვანენ რუსეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს?
– რუსეთი ლეგალურად არც არავის აფინანსებს საქართველოში, ფულადი გადმორიცხვების რუსულ კვალს ვერ აღმოაჩენ იმ ორგანიზაციებში, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ. ქეშ ფულს აძლევენ, ჩემოდნებით ჩამოაქვთ რუსეთიდან და ამ გზით აფინანსებენ და არა მხოლოდ ორგანიზაციებს, კონკრეტულ პირებსაც. ამ კანონის მიხედვით, ძალიან ძნელი იქნება რუსეთის აგენტურის გამოვლენა, თუმცა, რაღა გამოვლენა უნდა, როდესაც ღიად მუშაობენ რუსეთზე. თავად ამ კანონპროექტის ავტორების განცხადებებს გადახედეთ, რუსეთის პროპაგანდას ეწევიან მიზანმიმართულად და თავად აგენტები სხვების აგენტებად გამოცხდებას აპირებენ. რაც შეეხება ამერიკულ კანონზე აპელირებას, რომ ამერიკაშიც აკრძალულია უცხოეთის ქვეყნებიდან სამოქალაქო სექტორის დაფინანსება, იქ სპეციალური ინსტიტუტებია, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ და იქაურ კანონში პირდაპირ წერია, რომ უცხოურ აგენტებად ითვლებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. ისინი კი არა, პროგრამებს ვინც აფინანსებენ და სხვა და სხვა სფეროს რეფორმებს არ ატარებენ, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს ატარებენ. მერე, ასე ხელაღებით კი არ აცხდებენ უცხოეთის აგენტებად ამერიკაში? იქ სპეციალური გამოძიებები ტარდება, სპეცმეთოდებით ამ აგენტებად მიჩნეული პიროვნებების იდენტიფიცირება ხდება, ძირითადად, უცხო ქვეყნების ლობისტებისა. სპეციალური ფედერალური სამსახურები სწავლობენ, მტკიცებულებები გროვდება და მერე ხდება აგენტების გამოვლენა. ეს კანონი გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან მოქმედებს ამერიკაში. მერე, ამერიკას შიდა დონორები ჰყავს და იმიტომ არ სჭირდებათ უცხოეთიდან დაფინანსება. ვიმეორებ, აქ არ არიან დონორები. აბა, გაბედოს ვინმემ და სამოქალაქო სექტორი ან სხვა ნებისმიერი რამ დააფინანსოს, რაც ხელისუფლებას არ მოეწონება –გააუბედურებენ უცებ. კი, ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დონორების რეგულაციების დაზუსტებაზე, ვინ შეიძლება იყოს დონორი და ვინ არა, გამოიძიონ, გაარკვიონ, გაურკვეველი და საეჭვო წარმომავლობის ფული რომ არ მოხვდეს ამ ბაზარზე და მერე პროპაგანდისტული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების სალაროში არ აღმოჩნდეს „შავი ფული“. ეს შეიძლება კვლევის საგანი იყოს, მაგრამ საერთაშორისოდ აღიარებული, სუფთა რეპუტაციის მქონე დონორები, რომ აფინანსებენ თვითმმართველობის რეფორმების საკითხებს და ვინც ამაზე მუშაობს საქართველოში, ისინი აგენტები არიან? თან, ნახეთ ფორმულირება როგორ არის – უცხოეთის აგენტებზე კი არ არის კანონპროექტში ლაპარაკი, უცხოეთის გავლენის აგენტებზეა ლაპარაკი. ეს „გავლენის აგენტი“ ჩაკვეხებულია სპეციალურად. პირდაპირ ჯაშუშებზეა ლაპარაკი. ანუ, ჯაშუშის სტატუსი უნდათ მიანოჭონ ყველას, ვინც ცდილობს, თუნდაც უცხოური დაფინანსებით, ერთი აგური მაინც დადონ ამ ქვეყანაში. ნუ, ბუნებრივია, აბსურდია, რასაც ჩვენთან აპირებენ. კარგი ბიზნესის გაკეთება შეიძლება ამაზე. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ასეულ ათას მაისურზე დავბეჭდოთ წარწერა „აგენტი“ და მაისურები კარგად გაიყიდება საქართველოში. მერე, თვითონ ხელისუფლება გრანტებს რომ იღებს უცხოეთიდან, ამერიკიდან, ევროპისა და სხვა ქვეყნებიდან, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან, როგორ არის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აგენტებად გამოცხადდებიან? იგივე, დონორები არ აფინანსებენ სახელმწიფო პროგრამებს? საინტერესოა, ამ კითხვებზე რა პასუხი ექნებათ ამ კანონპროექტის ავტორებს.
– გარდა მაგისა, ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი უცხოური დაფინანსებით საზღვარგარეთ სწავლობდა, ზოგმა აქ აიმაღლა კვალიფიკაცია უცხოური საერთაშორისო ორგანიზციების დაფინანსებით.
– კი, ბატონო, ძალიან ბევრია ასეთი ხელისუფლებაში. ვინც ამ ქვეყანაში სუნთქავს და ვისაც რაღაც მოსაზრებები აქვს, ყველა აგენტი გამოდის. ხელისუფლების რამდენი წარმომდგენელი მუშაობდა უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებში“, რამდენია სამოქალაქო სექტორიდან გამოსული. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს, უამრავია ისეთი, აგენტის სტატუსს რომ იმსახურებს იმ კანონპოექტის მიხედვით. მათ შორის არიან მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, საკრებულოების წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირებები. მაინტერესებს, თავისიანებს რას უზამენ? გამოაცხადებენ აგენტებად და გაუშვებენ სამსახურებიდან? დღესაც რამდენი მოქმედი სახელისუფლებო პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის შვილი, ოჯახის სხვა წევრი სწავლობს უცხოური გრანტებით საზღვარგარეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, რამდენი აქ იმაღლებს კვალიფიკაციას, რამდენი მუშაობს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგნიზაციებში. ბევრმა დაამთავრა ეს კოლეჯები, უნივერსიტეტები, აიმაღლა კვალიფიკაცია და მუშაობს. რას აპირებენ, მათაც აგენტებად გამოაცხადებენ? ამაზეც გაგვცენ პასუხი.
კომენტარები