ლევან ჯავახიშვილი
ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე დაიწყო მობილიზაცია და უკრაინის ომში იწვევენ რუსეთის მოქალქეებს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას აფხაზეთში?
– ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლი ცოტა განსხვავებულად იქცევა. მაგალითად, ცხინვალის რეგიონსა და ვლადიკავკაზის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ცოტა უცნაურად მოიქცა. ორივე რეგიონს, ერთს რუსეთის ფედერაციის წევრს, მეორეს ოკუპირებულს, ერთად დაავალა 1000 ადამიანის მობილიზაცია. აქედან რამდენი იქნება ცხინვალის რეგიონიდან და რამდენი ვლადიკავკაზიდან, არავინ იცის. ცხინვალში უკვე გაიხსნა სამობილიზაციო პუნქტი. აფხაზეთში კი რუსეთი ფრთხილად მუშაობს. ამ ეტაპზე, აფხაზეთიდან მოხალისეთა დაახლოებით 400 კაციანი ჯგუფი ავიძბას მთთაურობით, უკვე იბრძვის უკრაინაში ცხელ წერტილში, ავდეევკაში, დონეცკის ტერიტორიაზე. ფრონტის ამ ხაზს „უკრაინის მარენჰეიმის ხაზს“ უწოდებენ სამხედრო ექსპერტები. ნაწილობრივი მობილიზაციის კონტექსტში, რუსეთმა აფხაზეთიდან გაიწვია რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ იქ სავარაუდო რაოდენობა არ დაუდგენიათ. აფხაზეთის მარიონეტულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა მობილიზაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფარული სეგრეგაციაც დაიწყეს, რომ ქართველებიც წაიყვანონ. გაგრაში აპირებენ სამობილიზაციო პუნქტის გახსნას, მაგრამ ჯერ არ გახსნილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თვლის და ცდილობს, ხალხსაც ეს ჩააგონოს, რომ აფხაზებს ვალი აქვთ რუსებისა, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარნენ, რომლებიც იბრძოდნენ ქართველთა წინააღმდეგ აფხაზების გვერდით, ბევრი დაიხოცა კიდეც და ახლა ეს ვალი აქვთ დასაბრუნებული. ვალი კი არა, ეს არის ხარკი, რომელიც რუსეთმა დააკისრა აფხაზებს. ვინც თვლიდა, რომ რუსეთის ვალი ჰქონდა გადასახდელი, ის მოხალისეები ავიძბას მეთაურობით, მოგახსენეთ, უკრაინის წინააღმდეგ უკვე ომობს დონეცკის ოლქში.
– გალის რაიონში ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსული პასპორტით და მათაც ემუქრებათ უკრაინის ომში წასვლა, არა?
– კი, ასეა და ამ ქართველების რუსეთის მოქალაქეობით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. ვფიქრობ, ამ ხალხს ულტიმატუმს წაუყენებენ – ან ომში წავლენ, ან ოჯახებიანად დატოვებენ გალის რაიონს. ეს კი დემოგრაფიულ მდგომარეობას აფხაზთა სასარგებლოდ შეცვლის. მე ასე ვვარაუდობ და ჯერ ძნელია ზუსტად იმის თქმა, რა მოხდება. კარგი რომ არაფერი ელით გალში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, თუ გაწვევა შეეხოთ, ეს ნაღდია.
– 40 ათასი აფხაზიღაა დარჩენილი აფხაზეთში და ახლა მაგათი ომში გაწვევა, აფხაზთა გენოციდის ტოლფასია. ვფიქრობ, აფხაზები გამოვლენ ქუჩაში და საპროტესტო აქციები იქნება. იქნებ, შეაჩერონ კიდეც აფხაზეთში გაწვევა და გალში მცხოვრები ქართველებიც გადარჩნენ?
– არ გამოვრიცხავ, ასე მოხდეს. კი, აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში არ შედის. თუმცა, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას სამხედრო ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ცხადია, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ რუსებიც, აფხაზებიც და ყველა ფიქრობდა, რომ ეს ხელშკრულება და მის საფუძველზე რუსეთის სამხედრო დახმარება აფხაზეთს დასჭირდებოდა. იმას არავინ წარმოიდგენდა, ფიქრადაც არავინ გაივლებდა, რომ ოდესმე რუსები აფხაზების დასახმარებლები გახდებოდნენ. არადა, ასე მოხდა. კომიკური ვითარება შეიქმნა. თუ ხალხმა სხვა და სხვა გზით სცადა გაწვევისთვის თავის არიდება, მათი არგუმენტი ის იქნება, რომ რუსეთის ფედერაციაში არ შედის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა. დავუშვათ, ეს ხელშეკრულებაც დააიგნორეს ურთიერთდახმარების შესახებ. ამას რუსეთი მაინც დაუპირისპირებს საკუთარ კანონებს, რომელთა თანახმადაც, რუსეთის ყველა მოქალაქე, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ვალდებულია, დაემორჩილოს ნაწილობრივ თუ საყოველთაო მობილიზაციას. თუმცა, აფხაზეთში არიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინაში უნდა წავიდნენ საომრად და ამით საბრძოლო გამოცდილება მიიღონ, რასაც მერე თვიანთი ტერიტორიების დაცვას მოახმარენ, თუ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოხდა ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებების დაწყება. აფხაზებს გააჩნიათ სტერეოტიპული მიდგომები და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო გამოიყენებს შანსს და მეორე ფრონტს გახსნის რუსეთთან აფხაზეთში. რუსული და აფხაზური მედიით, უკრაინის თანამდებობის პირთა მიერ სხვა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელებულმა განცხადებებმა, ეს აზრი, დღეს ბევრს დღეს უფრო გაუმძაფრა აფხაზეთში. ყველა რეიტინგულ უკრაინულ ტელევიზიაში გამოვდივარ, უკრაინულ სოციალურ მედიას მიაქვს და ავრცელებს ჩემს ინტერვიუებს, რომლებიც ქართულ მედიაში ქვეყნდება, ავრცელებს ჩემს აქტივობებს სოციალურ მედიაში. ლამის უკრაინელი სამხედრო ბლოგერისა და ექსპერტის სტატუსი მაქვს და არც ერთი ჩემი ნაცნობი უკრაინელი ჟურნალისტისგან, კოლეგისგან არ გამიგია, რომ საქართველო აპირებს მეორე ფრონტის გახსნას. ის, რომ უკრაინელები გვთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი. ამიტომ, როგორც ჩანს ქართული და უკრაინული პოლიტიკური სპექტრისგან ხორციელდება არასწორი ინტერპრეტაციები, ამან გააძლიერა ეს სტერეოტიპული განწყობა. თუმცა, ვიტყვი, რომ ამაში უფრო მეტად დამნაშავეა ქართველ პოლიტიკოსთა ის ჯგუფი, რომელიც დღე არ გავა, რომ განცხადებები არ აკეთოს, საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეზე და ამის სურვილს ხან ერთობლივად დასავლეთსა თუ თავიანთ ოპონენტ პოლიტიკოსებს აბრალებენ და ხან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
მოკლედ, იოლი განსაჭვრეტი არ არის, რა მოხდება ახლო მომავალში აფხაზეთში. ცოცხალი ძალის სერიოზული დეფიციტი რომ აქვს რუსეთს, ეს მარტო ამ ნაწილობრივი მობილიზაციით კი არა, სხვა ფაქტებითაც დასტურდება. საქართველოზე მობჯენილი, 58-ე არმია, რომელსაც რუსეთი აქამდე ხელს არ ახლებდა, გადაისროლა ხერსონის მიმართულებით. მათ შორის, ამ არმიის 503-ე მოტომსროლელი პოლკი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, პირველი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა მხოლოდ 39-ე არმიაა დარჩენილი, რომელიც შეიძლება სამხრეთ კავკასიის მიმართულებით იქნეს გამოყენებული და ასეც მოიაზრება.
კომენტარები