თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ზაზა გოგავა.
– თქვენ ომის დაწყების პირველ დღეებში ერთ-ერთ არხზე თქვით, რომ შესაძლოა საფრთხის ქვეშ ვიყოთ ჩვენც, საქართველოც…
– ჩვენ რომ საფრთხის ქვეშ ვართ, ეს ფაქტია. ჯერ ერთი რაც შეეხება შემოსვლას, ჩვენ ტერიტორიაზე შემოსულია უკვე და დგას. გარკვეული ადგილებიდან ნაწილები გაიყვანა და ამაზე დოკუმენტალური მტკიცებულებებიც არსებობს, პრობლემები აქვს, კი მაგრამ მის ნებისმიერ ვარიანტში ჩვენც განვიხილებით. არ ვისაუბრებ ხელისუფლების კურსზე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვიტყვი ერთ რამეს, მანახეთ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც არ იძახის, რომ ჩვენ ვართ ჰიბრიდულ ომში! ყველა ამას აღიარებს, ხო? და თუ სიტყვა ომს აღიარებ, ე.ი. ომში ხარ. რა მნიშვნელობა აქვს ცხელი ფაზა ამას როდის მოჰყვება? ჰიბრიდულ ომს ცხელი ფაზა არასდროს არ მოჰყვება, თუ შენ ხელებაწეული ხარ და იძახი, მე წინააღმდეგობას არ ვწევ, ომი კი გაქვს ჩემთან, მაგრამ მე კაპიტულანტური დამოკიდებულება მაქვსო. როდესაც გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზორში და მოსახლეობას ეუბნება – აგერ, 40 კილომეტრში არის მტერი და შეუძლიათ, 2 საათში დაგვიპყრონო, მაინტერესებს, ან რა დიპლომატია აქვს, ან რა პროტოკოლია ეგ, რა სიტყვებია? ამის შემდეგ ამბობს, – იცით რა, თქვენ გგონიათ ჩვენ ინფორმაციები არა გვაქვს?! ჩემი დადასტურება და ჩემი თქმა რად უნდა ამას, სატელევიზიო ეთერში თვითონ გვეუბნება ამას ხელისუფლება, რომ ჩვენ დაპყრობილი ვართ, პრობლემა გვაქვს, ჰიბრიდულ ომი გვაქვს, აგერ დგანან, 2 საათში მოვლენ და ვერაფერს ვიზამთ… კაპიტულანტური დამოკიდებულება აქვთ და ძალიან უნდა გაგიჟდეს ამ სიტუაციაში რუსეთი, რომ დაპყრობილი ჰყავს ქვეყანა და ახალი კრაზანების ბუდე გააჩინოს…
– პირდაპირ ეთერში ვუყურე, როცა წაიკითხეს უკრაინიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირის მიმართვა საქართველოს პრემიერისადმი და თქვენ მაშინ აღნიშნეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის როგორც სამხედრო პირისთვის უსიამოვნო იყო მეგობარი ქვეყნიდან ამის მოსმენა.
– რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო! ჩვენ ბრძოლის ველზე იმიტომ არ ვყოფილვართ, ერთმანეთს პოლიტიკური საქმეები ვურჩიოთ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ როდესაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ლანძღავენ, ეს ჩემი შეურაცხყოფაა. ჩემი აზრი ემთხვა ქვეყნის კურსს, თუ არ ემთხვევა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუ მოქალაქეს ესეთი რეაქცია არ ექნება, მაშინ საერთოდ უნდა გაანებოს ყველაფერს თავი და ვთქვათ, ეს ჩვენი სამშობლო კი არ არის, ტერიტორიული ერთეულია, სადაც ოდესღაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. მშვიდობის გადავადება კარგს არაფერს არ მოგვცემს, თუ რეალობაა და ხელისუფლება თავად მეუბნება, რომ ვართ ჰიბრიდულ ომში, სახელისუფლებო არხიდან რატომ მესმის კითხვა – ომი გინდათ, კაცო?! ომი კი არ გვინდა – ომში ვართ, აგერ არიან, ჰიბრიდულ ომში ვართ… ეს ტერმინი, ჰიბრიდული ომი, ძალიან ცუდად აკერიათ პირზე და არც იციან რას ლაპარაკობენ. ომში ვართ ნიშნავს, რომ ომში ვართ, ჩემთვის აქ დასრულებულია ყველაფერი, მე სამხედრო ვარ და ჩემთვის ომია ეს, ტყვედ ჩავვარდები თუ ჭუვრს მესვრის, ერთი და იგივეა. ეს ვერ გაუმიჯნიათ, ძალიან დიდი შეცდომაა! ამბობენ, რომ ომში ვართ და მერე ამბობენ, – ომში რომ არ ვიყოთ, ესე უნდა მოვიქცეთ. გადაწყვიტონ, ვართ ომში თუ არა ვართ ომში. ეკითხებიან ჟურნალისტები – რატომ არ მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო? არც არაფერი ხდება და უსაფრთხოების საბჭო რატომ უნდა მოვიწვიოთ, –თუ არაფერი ხდება, მაშინ ომში როგორ ვართ?
– ჩვენ ოპერატიული მონაცემი გვაქვს, რომ საფრთხე არ გვემუქრებაო და პენტაგონი გვეუბნება, რომ აქვს მონაცემი, რომ საქართველოს, შესაძლოა, ემუქრება საფრთხეო და რომელ მონაცემს უნდა ვენდო?
– მე ძალიან მარტივი ფორმულა მაქვს, ეს ჩემი აზრია და არავის ჭკუას არ ვასწავლი. თუ არა გვაქვს საფრთხე, მაშინ სიტყვა „ომი“ დაივიწყონ, შეთანხმდნენ ამ მესიჯზე და ჩვენც დავისვენებთ. თუ ომი არ არის, თუ საფრთხე არ გვემუქრება, მაშინ, ე.ი. ზეწოლაა მორალური, როცა ომს ახსენებ. მერე გეკითხები სადაა ეს ომი და მეუბნები, არაფერი არ ხდება. იცით რაშია საქმე? უნდათ მოსახლეობა შეაჩვიონ – ომში კი ვართ, მაგრამ ამაზე უარესი თუ იქნება… ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, უარესი რა უნდა დაგვემართოს, ვერ გავიგე.
– დაგვბომბავენო, ეს იქნება უარესიო…
– არავინ დაგბომბავს, როდესაც კაპიტულაცია გაქვს გამოცხადებული, მაშინ რას გვეუბნებიან, რომ არ დაგვბომბონ კაპიტულაცია უნდა გამოვაცხადოთ?! შეთანხმდნენ ამაზე და გავიგებ მაინც რა უნდა გავაკეთო. ამიტომ გაქვთ ჟურნალისტებსაც ეს კითხვები და ახლა თქვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც ამ ინტერვიუს კითხულობს, უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, რა აზრი დაგრჩათ იმაზე, რასაც ამბობს სახელმწიფო, ეს ნორმალურია, მითხარით?
– 2008 წლის ომში მებრძოლთა ნაწილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, ამას როგორ შეაფასებთ?
– როგორ შეიძლება ყველა იქ მყოფი ადამიანი დამნაშავე იყოს? ცოტა შორიდან დავიწყებ – აფხაზეთის ომის შემდეგ, იქ მებრძოლთა შვილები გაიზარდნენ, ის თაობა 30-40 წლისაა და ზოგი მეტის, მათ მთელი ეს პერიოდი ესმოდათ, რომ იმ ომში ყაჩაღობა იყო… სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ არცერთი გმირი არ დაეტოვებინა… როგორ, იქ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს და მოხალისეებს, ერთი წარმატებული ოპერაციაც არ ჰქონდათ? ამაზე არცერთი ისტორია არ დაიწერა და მათ შვილებს ასმენინეს ის, რომ ომში მარტო ძალადობა იყო და მარტო ყაჩაღობა, ანუ თქვენი მამები იყვნენ ყაჩაღები და ბოროტმოქმედებიო, ამაზე გაიზარდა თაობები და ამან დააზარალა ქართული საზოგადოება… მივიდა იქ შეიარაღებული ძალები და შეაჩერა თავისი სისხლის ფასად. ვინ არიან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები? ჩვენი საზოგადოების წევრები, რომლებსაც შემდეგ უთხრეს, რომ ამათ თურმე დანაშაულები ჩაიდინეს. ეხლა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლო ამტკიცებს, რომ ასე არ არის და ადამიანები, რომლებმაც იომეს, ქვეყნიდან არიან წასულები, ეს ნორმალურია? არ არის ნორმალური და მერე ხელისუფლება გაკვირვებულია, რატომ არა აქვს მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. არ ექნება მხარდაჭერა, როდესაც თეთრზე იძახი შავია. არავინ შეგვიცვლის მეზობლებს, ესენი არსად არ წავლენ. ყველაზე მეტად ეხლა უჭირს ამ ბოროტების მანქანას და ეხლა გვაქვს შანსი, როგორც იქნა დაინახა მთელმა სამყარომ, ესენი ვინ არიან. მინიმუმ ის მაინც ვთქვათ, ვინ არის მტერი, ვინ მეგობარი და ვის მხარეზე ვართ… როდესაც უკრაინა აქედან გამოვა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი პრობლემა დადგება და ალბათ ერთადერთი ქვეყანა დარჩება მსოფლიოში, სადაც რუსული ჯარი დარჩება. და მერე, როდესაც მაგიდასთან მოგვიწევს ჯდომა, სადაც ჩვენი საკითხები უნდა გადაწყდეს, გვეტყვიან: თქვენ არ გიცნობთ, ვისი მეგობრები ხართ, არ ვიცით… ეს კითხვები იქნება და ეს ხელისუფლებამ ახლა უნდა გაითვალისწინოს. მათ უნდა იზრუნონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაგრამ დღეს არ უნდა გვითხრან, რომ ომში ვართ, ხვალ არ უნდა გვითხრან – არაფერი არ ხდება… როგორ შეიძლება ისეთი ტვინნაღრძობი იყო, რომ ჯარს მოუწოდო – ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთია, საათებში გაგვაქრობს. ესეთი სისულელე არსად არ წერია. გასაგებია, რომ მტერი შეისწავლო, მაგრამ მტერი რამდენია, ამის გულისთვის შენ რომ რაღაცებს გადახედო, ეგეთი რამე არ გამიგია. არავის თავს არ ვადარებ და სპარტელების დევიზია, რაც ჩემი ცხოვრების დევიზიცაა, ისინი არ კითხულობდნენ – მტერი რამდენია, კითხულობდნენ – სად არის მტერი? მეც ზუსტად ვიცი, რომ ესეთი წინაპრები მყავდა, ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოები სავსეა ასეთი მაგალითებით, რომ ურიცხვ ურდოს ებრძოდა ყოველთვის საქართველო და რა შეიცვალა დღეს? ის, რომ კარგი ცხოვრება გვინდა? კარგი ცხოვრება თავისუფლების გარეშე და ოფლის და სისხლის გარეშე, არ მოდის. პირდაღებული მკვლელი და ტირანი კი არ ვარ, მეც მინდა ჩემი შვილებთან ვიყო და სახლში, მაგრამ მინდა ვიცოდე, ჩემი შვილები უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ, უკეთესი ქვეყანა არ არის ის, რომ კარგი მანქანა ეყოლება და კარგი აგარაკი ექნება.
– იმ მდგომარეობაშია რუსეთი, რომ რუსეთის მეგობარ ქვეყანას, ესეც ვერ ეყოლება,
– რა თქმა უნდა, ამაზეა საუბარი, ეს უნდა გადავაფასოთ და გავიგოთ. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლება, უნდა ვაიძლოთ, რომ ჩვენი შეკვეთა სხვა არის. ერისთვის, რომელიც თავისი ბრძოლით არის ცნობილი, ყველაზე რთულია სიტყვა – „ვიყავით“… „ვართ“ უნდა დავინახოთ… მეორე ასეთი ასპექტია – მეგობარს კარგი საქციელი უნდა მოუწონო და შეაქო, შეაგულიანო და უთხრა კარგია. მეგობრის წარმატება უნდა გაგიხარდეს და თუ შენ უფრო მამაცი ხარ, ეს საქმით უნდა აჩვენო და როგორ ხარ იმაზე მამაცი, თუ გული მოგივიდა? უკრაინელების გმირობა მოგეწონა, თან კაპიტულანტური პოზიცია გაქვს და იძახი 2-3 საათში დაგიპყრობს… დილით ერთი განცხადებაა, საღამოს მეორე – ეს არის უსუსური პოზიცია, მე ზუსტად ვიცი ვინ იყო ჩემი წინაპარი და ჩვენი ქვეყნის წინაპრები ასეთ რამეს არ აკეთებდნენ.
კომენტარები