აქვს თუ არა რეალური გეგმა 3 ოპოზიციურ გაერთიანებას – მეშვიდე დღეა, ოპოზიციის ამომრჩეველი კონკრეტული გეგმის მოლოდინშია. ბარიერგადალახული პარტიები შეხვედრებს აგრძელებენ და ორშაბათს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან სადაც, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, რას აპირებს ოპოზიცია.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ კარვების გაშლის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთად უნდა მიიღოს.
“ლიდერშიპი აქვს პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია – კარვები საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად – ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება. ფეხებზე გვკიდია საქართველოს ხელისუფლება რა რეპრესიებს განახორციელებს. უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვილი. აქედანაც მინდა მოვუწოდო ყველას – დაგვეხმარეთ,” – აცხადებს ნიკა გვარამია.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პროტესტთან დაკავშირებული გეგმების განსახილველად შეიკრიბა.
“აქ შევიკრიბეთ სწორედ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები პროტესტთან მიმართებაში, როგორ ვაგრძელებთ პროტესტს ორშაბათს, როგორ გაგრძელდება ორშაბათის შემდეგ ეს პროცესები. ვესაუბრებით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რადგან ეს პროტესტი არის ყველასი, ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს თითოეულ ჩვენგან,” – აცხადებს საბა ბუაძე.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია ამბობს, რომ კარვების დადგმის ლოკაციის შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარს არ აპირებენ.
“აქციები არის ერთადერთი გზა და გამოსავალი – თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერები აგროვებენ კარვებს. კარვების დადგმის იდეაზე – კონკრეტულად, სად, როდის და როგორ დაიდგმება, ამაზე ახლა, ღიად და საჯაროს საუბარს არ ვაპირებთ,” აცხადებს იგორ ნარმანია.
კომენტარები