პარლამენტმა პირველი მოსმენით “კარვების კანონპროექტი” მიიღო. პლენარულ სხდომაზე, ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა. როგორც ცნობილია, კანონში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2 ოქტომბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება: “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება – 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ან 15-დღიანი პატიმრობა მოუწევს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს აკრიტიკებენ. მათი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.
შეგახსენებთ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი, სადაც სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში “ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ”.
კომენტარები