საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, თქვა:
„მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მათი ლოცვა და მადლი.
დღეს აგრეთვე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს.
ვფიქრობთ წინასწარმეტყველის ღვაწლზე, – ვინ არის წინასწარმეტყველი? ერთი მხრივ, იგი გვაუწყებს მომავალს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის წინასწარმეტყველის მსახურება, არამედ, უპირველესად, წინასწარმეტყველის მსახურება – ეს გახლავთ ღვთის ნების ქადაგება, უფალი მისი მეშვეობით ესაუბრება, თავის ნებას გამოაჩენს მორწმუნეებისა და ერისთვის.
და აი, წინასწარმეტყველთა შორის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული გახლავთ ილია წინასწარმეტყველი. ჩვენ გვახსოვს, რომ თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს იგი მოსესთან ერთად დიდებით ეცხადება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და როგორც სახარება ამბობს, ესაუბრება მას მისი განსვლის შესახებ, რომელიც უნდა აღსრულდეს იერუსალიმში. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველი ცაში იყო ზეაყვანილი ცეცხლოვანი ეტლით და მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს ჟამს, უფალი მას კვლავ მოავლენს, როგორც მამხილებელს ცრუსწავლებისა, ანტიქრისტეს სწავლებისა, იგი იქადაგებს და მოწამებრივად აღესრულება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისეთი დიდი კადნიერება აქვს მას წინაშე უფლისა მოპოვებული, რომ ბუნების სტიქიონებიც კი ემორჩილებიან.
ჩვენთვის საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული იყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული, ვინაიდან მისი წმინდა მოსასხამი, ხალენი, დავანებულია ჩვენთან, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც დიდი ნიშანი და ლოცვა-კურთხევა ჩვენთვის, რომ როგორც იგი იქნება დიდი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და მამხილებელი ცრუსწავლებათა, ასევე ჩვენი ერისთვისაც არის ლოცვა-კურთხევა, რომ ჩვენი ერიც იყოს შემნახველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მქადაგებელი მისი მეორედ მოსვლის წინ. ასეთი საოცარი ნიშანია.
უდიდესია იგი წინასწარმეტყველთა შორის. როგორც მოგახსენეთ, დაბადებიდანვე, ბავშვობიდანვე სასწაულებრივი და საკვირველი იყო მისი ცხოვრება. არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც იგი დაიბადა, მამამისმა იხილა, რომ კეთილმშვენიერი ჭაბუკები მას ცეცხლოვანი სახვევებით ახვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. შემდეგ იგი იზრდება და, მართლაც, ცეცხლოვანი, გულანთებული მოღვაწე და მქადაგებელი ხდება ღვთისა, ჭეშმარიტებისა. მთელი მისი ცხოვრება აი, ამ ცეცხლის თაობაზე გვაუწყებს, ყველა საგალობელი, ყველა საკითხავი, რაც კი ეკლესიაში მას ეძღვნება, ყველაფერი ამაზე საუბრობს, ამ ცეცხლოვანებაზე, ეს ცეცხლი ენთო მის გულში, ღვთის სიყვარულისა, ჭეშმარიტების სიყვარულისა და ღვთის ძიებისა. ეს განსაკუთრებულად გამოვლინდა, როგორც გახსოვთ, ქორების მთაზე, როდესაც იგი ეღირსა ღმერთთან შეხვედრას, რომელიც ესაუბრება მას და იგი ისმენს ღვთის სიტყვებს.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველი ჩვენგანიც აი, ამ ცეცხლოვანი სახვევლებით იყო შეხვეული ნათლისღების დროს, ვინაიდან ნათლისღების მადლი არის აი, ეს ცეცხლოვანი მადლი, ყველამ მივიღეთ ეს და დღეს ვფიქრობთ, ისევ ისე ანთია ჩვენს გულებში ეს ცეცხლი, როგორც მივიღეთ? ალბათ ვერ ვუპასუხებთ, რომ ისევ ანთია. ამ დროს კი ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამისთვის, ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, რომ ჩვენც ვიყოთ ცეცხლის სვეტი, როგორც იყო ილია წინასწარმეტყველი. არათუ მოწოდებულნი ვართ, არათუ შეგვიძლია ეს, არამედ უნდა ვიცხოვროთ ასე. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ჩვენც მოვისმინოთ ღვთის სიტყვები და ჩვენც ვეღირსოთ ღმერთთან შეხვედრას, ეს არის ადამიანის დანიშნულება. მხოლოდ მაშინ შესრულდება ყოველი ჩვენგანის მისია ამ დედამიწაზე და ამ ცხოვრების უმაღლეს საზრისს ვეწევით ჩვენ ყველანი, როგორც წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცხოვრება იყო მადლით აღსავსე.
ასე რომ, გვახსოვდეს ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ეს მადლი ნათლისღების ჟამს და ჩვენ ძალგვიძს, ღვთის შეწევნით, გამოვავლინოთ და ავამოქმედოთ ეს მადლი, რომ ვიცხოვროთ ჭეშმარიტად ქრისტიანული, ჭეშმარიტად ადამიანური ცხოვრებით, რომელიც დაგვიცავს ჩვენ ყოველგვარი მწუხარებისგან, ბოროტებისგან როგორც ამ მიწიერ, ასევე მარადიულ ცხოვრებაში.
დღეს არის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე.
მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები – „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია.
რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას.
დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა.
მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი.
დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“
კომენტარები