გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” ადვოკატი დაკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან კავშირი არ აქვს. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვიდეოკადრებში მონაწილე “თეთრპერანგიანი” პირის ვინაობა დაადგინა, თუმცა მისთვის სახელი და გვარი უცნობია.
ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ტელეფონის ამონაწერით დასტურდება, რომ ის უბნიდან არ გასულა და სახლში იმყოფებოდა.
“მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც ამბობდა მთავარი არხი, რომ ეს არის “კაწრო”. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია და საერთოდ ის პირი. ავთანდილ ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა”
მისი თქმით, ბილანიშვილმა გამოძიებას ამომწურავი ჩვენება მისცა იმ ბრალდებებზე, რომელიც მის წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მისივე ინფორმაციით, უწყებას დაკითხვაზე ჰყავს დაბარებული პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეკადრებში მონაწილე “თეთრპერანგიანი” ბიჭია.
დაკითხვიდან გამოსულ ბილანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე მან TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებთან არ მეგობრობს.
“ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ნიკა ჟვანიაზე, ეს ლაპარაკი რომ წავიდა ვიკითხე, მითხრეს, რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს არც ერთთან. შეიძლება უბანია და ვიღაცას ვიცნობდე გამარჯობით, ჩემი მეგობარი არცერთი არაა და ჩემი წრიდან, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოდესმე მაგათთან ერთად ვუნახივარ”
ბილანიშვილმა თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო. მისი თქმით, გავრცელებული კადრები ნახა, მაგრამ უარყოფს, რომ იქ თვითონ ფიგურირებს.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეში ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც დაპირისპირებაში მონაწილეებმა დახმარებისთვის მიმართეს.
კომენტარები