“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რეგიონის გეოპოლიტიკურ და სატრანზიტო პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს. რუსეთის გავლენით ანაკლიის გაჩერება, გაზსადენის მონაკვეთის ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა და შემდეგ ყარაბაღში (ტავუშის პროვინცია) სამხედრო მოქმედებების განახლება საქართველოს სასიცოცხლო არტერიას უკეტავს.
ესეც რომ არა, პანდემიის დასრულების შემდეგაც ტურისტები არ მოისურვებენ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს დასასვენებლად ჩამოსვლას. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაზე.
სამწუხაროა რომ სომხეთი აგრძელებს რუსეთის მარიონეტის როლის თამაშს. ის ყარაბაღს ვერასოდეს ვერაფერში გამოიყენებს აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე. მიუხედავად შელახული რეპუტაციისა (ის წარმოადგენს ოკუპანტ მხარეს) ის არ არის განწყობილი კომპრომისისთვის. თავის მხრივ აზერბაიჯანი არასოდეს შეეგუება ტერიტორიის დაკარგვას, ხოლო გარკვეულ ვითარებაში მის ქმედით მხარდამჭერად შესაძლოა მოგვევლინოს თურქეთი.
ყოველივე ზემოთ თქმული იმაზე მიანიშნებს, რომ არსებულ ვითარებაში ყარაბაღის საკითხი არასოდეს გადაწყდება და ეს გარემოება ყოველთვის შეაფერხებს რეგიონში დემოკრატიულ, ინტეგრაციულ და ეკონომიკურ განვითარებას.
ერთადერთი მხარე, რომელიც კავკასიაში მუდმივი დესტაბილიზაციით და დენთის კასრის აფეთქებით მოგებული რჩება, არის რუსეთი:
1.ის თანდათან ზრდის საკუთარ როლს და სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში;
2.ყველა სატრანზიტო მარშრუტი გადამისამართდება მის ტერიტორიაზე;
3.შესაძლოა ჩინეთი ამგვარად ჰკარგავს წვდომას კავკასიის მარშრუტზე, მაგრამ ის დიდად არც გააპროტესტებს ამ დანაკარგს (2012 წელს რუსეთმა ჩინეთის სასარგებლოდ წაუყრუა ჩინეთის მიერ ფილიპინების ერთ-ერთი სტრატეგიული კუნძულის ოკუპაციას);
რა არის გამოსავალი?
საქართველო, როგორც დაინტერესებული მხარე, უნდა ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მოიწვიოს დელეგაციები თბილისში, გააცნოს საკუთარი ხედვა, მოისმინოს და შეაჯეროს პოზიციები, ან შესთავაზოს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ვერსია.
ეჭვგარეშეა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა პრობლემებს უკიდურესად დაგვიმძიმებს.
კავკასია იქამდე ვერ ამოისუნთქავს, ვიდრე რეგიონიდან არ გააძევებს დესტაბილიზაციის და უბედურების მუდმივ წყაროს – რუსეთს.”
კომენტარები