მთიანი ყარაბაღისკენ უკვე გაფრინდნენ პირველი თვითმფრინავები, რომლითაც რეგიონში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი უნდა განლაგდეს… “სხვა გამოსავალი არ იყო… შეთანხმების დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ” – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
“არწახის ომში გაიმარჯვეს სომხეთის გამყიდველებმა”, – ასე ეხმაურებიან სომხები მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს, რომელთა ცნობითაც, ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ შესაძლოა, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს… როგორც გაირკვა, რეგიონში სამშვიდობო ძალებს განათავსებს რუსეთი, რაც სომეხი საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო… შეთანხმების გახმოვანების შემდეგ, ერევნის ქუჩებში აქციები დაიწყო.
შეთანხმება შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექნიკას გზავნის.
“შუშადან გამოქცეული ნათესავები მომადგნენ გამთენიას, გაყინული, მშიერი, შეშინებული… ზურგზე მოკიდებული ბარგით. 30 წლის ნაშრომი-ნაწვალები დატოვეს. 3 შვილით წასასლველი არსაით აქვთ, ჩვენ კი დავიტოვებთ, რამდენიმე დღე, მაგრამ მერე? ჯერ შოკი აქვთ, არც არავინ დაკავშირებიათ, სად უნდა წაიყვანონ, როგორ უნდა მიხედონ!.. ამ ეპიდემ-მძვინვარების დროს, ამდენი ადამიანი სად უნდა წავიდეს. ალბათ, რაღაც დასახლებას აუშენებენ…”- წერს ჟანა კირაკოზიანი სოციალურ ქსელში.
“ამ ომმა დაგვანახა. რამდენი მოღალატე სამხედრო გვყოლია შეიარაღებულ ძალებში… ერევანში მიმდინარე აქციები კიდევ ერთხელ არის ფაშინიანის ხელისუფლების არასწორი პიარის შედეგი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად არის და წუხელ, ფაქტობრივად, კაპიტულაციას მოაწერა ხელი. სტეპანაკერტი, რომელიც განადგურებულია, ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ დავკარგეთ ტერიტორიები, მათ შორის სტრატეგიული ქალაქი შუშა და რაც მთავარია, ხალხი თავს გრძნობს მიტოვებულად და დამცირებულად…” – წერს ელენა აკოფიანი.
“უკეთესობისკენ არაფერს ცვლის, მაგრამ ახლა მაინც ხომ აშკარაა, ვის აწყობდა ომის დაწყება – აზერბაიჯანმა, რუსეთთან შეთანხმებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ჩვენ კი დავისაჯეთ იმიტომ, რომ ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტიდან გასვლა დააპირა. მხოლოდ დააპირა… შედეგად მივიღეთ, დამღუპველი, სისხლისმღვრელი პროვოკაცია, გამანადგურებელი შედეგით, უამრავი ახალგაზრდის მსხვერპლით, ათასობით დევნილით, რომლებმაც სახლ-კარი დაკარგეს. ქვეყანაში პანდემიაა და ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია… ერთადერთი, მცირედი შეღავათი შეიძლება იყოს ევროკავშირის შეთავაზება 35, 6 მილიონი ფუნტის ჩარიცხვაზე, თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს საქართველოს 2008 წლის დროინდელ სიტუაციას, მაშინაც და ახლაც, მოგებული დარჩა რუსეთი, ჩვენ კი, კავკასიის ქვეყნებმა ჭკუა ვერასდროს ვისწავლეთ…”- წერს ერევნელი უსიკ მარკოსიანი.
სომხების ნაწილი სოციალურ ქსელებში ღიად წერენ, რომ რუსეთმა მათ ზურგი აქცია.
“ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობამდე ფაშიანიანი აცხადებდა, რომ ხალხის სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და ეს მან წუხელ გააკეთა. პუტინმა ფაშინიანი ბოლომდე დაამცირა, თავისი ევროპული და დემოკრატიული ხედვების გამო, ახლა მას მოუწევს იბრძოლოს ძალაუფლებაში დარჩენისთვის, რის გამო მოუვიდა, მივიღეთ ასეთი მძიმე შედეგი, აღარ არის საინტერესო, არც მისი თავის მართლება, ქვეყანა არის მიწასთან გასწორებული და არავინ იცის, ოდესმე შეძლებს თუ არა წამოდგომას”, – წერს მიხეილ მირზოიანი.
“ნებისმიერი ფერადი რევოლუცია ასეთი შედეგით სრულდება. ნუ გამოდიხართ ახლა ქუჩაში და ნუ აზიანებთ ისედაც გაუბედურებულ ხელისუფლებას, საკუთარ თავში ვეძებოთ პრობლემები, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მთავარმა მოკავშირემ ზურგი გვაქცია და მტერს შეეკრა, მას კი ორი ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდა, ღია და ფარული”, – მიმართავს თავის ხალხს ლეონიდ ბაბაიანი.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები