მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ასრულებენ მუშაობას კანონპროექტებზე, აქედან ერთი – მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს, მეორეს კანონპროექტის მიხედვით კი – შეიქმნება “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი”.
დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა “შესაბამისი” არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტებისთვის.
“უცხოური გავლენის აგენტები” ვალდებულები იქნებიან ფინანსური სუბიექტები და ხარჯები დეკლარაციაში ასახონ. ცნობისთვის, “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი, რუსეთში 2012 წლიდან მოქმედებს.
“სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” იანვარში დააინიციირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე, ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის მცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური სუბიექტებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ”, – თქვა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება, მედიის შესახებ კანონს, მაჭარაშვილის მტკიცებით, კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას, თუმცა რომელს, არ დაუკონკრეტებია.
“დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა”, – თქვა მაჭარაშვილმა.
კომენტარები