ქართული ოცნების სატელიტმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადაწყვიტა ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა, ამის მიზანი “ჯანსაღი ოპოზიციის” ჩამოყალიბებაა. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს:
“სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის”, – თქვა მაჭარაშვილმა.
კომენტარები