„ალიას“ ესაუბრება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ჟან მიშელი ჩაერთო. მისი წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი თბილისშია. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ დაპირისპირებული მხარეების მაგიდასთან დასმას, მოლაპარაკების გაგრძელებას და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ევროპის ამ მოწადინებამ – პლებისციტი თუ ვადამდელი არჩევნები? თუ არც აქედან გამოვა არაფერი?
– დღეს პრიორიტეტი რომელია, არც არავინ იცის. მოდით, მარტივად შევხედოთ. რესურსი არც ოპოზიციას აქვს და არც ხელისუფლებას. ამდენი ხანია საპროტესტო აქციები მიდის და ხალხს ვინ რას ჰპირდება ოპოზიციიდან, ეს ვერ ვათქმევინე. კონკრეტულად უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ ამა და ამ ვადებში, ამას და ამას გავაკეთებთ. ხალხს რომ ეძახი, გამოდით ქუჩაშიო, უნდა უთხრა, რის გამო გამოვიდეს, თვითონ რა სარგებელს მიიღებს. პოლიტიკოსის მოტივი გასაგებია, მეტი დეპუტატი უნდა ჰყავდეს პარლამენტში, მეტი თქვლეფის საშუალება რომ ჰქონდეს, ამისთვის იბრძვის. ამ ხალხს რისი უფლება უნდა ჰქონდეს, რა სარგებელს მიიღებს ამ საყოველთაო კრიზისის პერიოდში და შემდგომში რა ხეირი ექნება, ეს უნდა უთხრა. ახლა რომ გამოვიდნენ და ყველანი გაიძახიან, საყოველთაო შერიგება უნდა მოხდესო, რატომ უნდა მოხდეს ეს დიდი შერიგება, არ მესმის. ზვიად გამსახურდია რომ დაამხეს, ეროვნული ხელისუფლება რომ ჩამოაგდეს, იმ ხალხს უნდა ეპატიოთ? იმის შემდეგ ვერ გავსწორდით წელში. მე არაფერი მაქვს საპატიებელი. არც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მიბრძვია, არც არაფერი მომიპარავს, არც ხელისუფლებაში ვყოფილვარ და არც სხვა სახის დანაშული ჩამიდენია. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ჩვენი საარჩევნო სლოგანი, „ტრიბუნიდან ტრიბუნალამდე“ აბსოლუტურად სწორია. უნდა გასამართლდნენ ის ადამიანები, რომელთაც უმძიმესი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი და რომლის პატიება შეუძლებელია, რაც არ უნდა, დრო გავიდეს. ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, სამართალი არ იზეიმებს ქვეყანაში, მანამდე არაფერი გვეშველება. ამდენი დამნაშავეა მოკალათებული ორივე მხარეს, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. ვიღაცას რომ ჩაგრავენ, მივალ, გვერდში დავუდგები, ჰგონიათ, რომ იმ კონკრეტული პიროვნების გამო დავდექი მის გვერდით, ჰგონიათ, რომ მის მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს. არა, მე იმიტომ ვდგები მის გვერდით, რომ სიმართლე არ დამარცხდეს, უსამართლოდ კაცი არ დაიჩაგროს, მაგისთვის ვიბრძვი. ზოგიერთი ოპოზიციონერის მიმართ არანაირი სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ არ შეიძლება სამართალი იმის მიხედვით განსაზღვრო, ვინ გესიმპათიურება და ვინ – არა. ერთხელ თუ დახუჭავ სამართალზე თვალს, აღარც მეორედ და მესამედ გაგიჭირდება ამის გაკეთება და მერე ყოველთვის შერჩევითი სამართლის მომხრე იქნები.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები