,,ფლანგვის დეტექტორი” ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
კიაზო გამრეკელაშვილი 2008-2015 წლებში ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი იყო. 2015-2018 წლებში კი ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტეში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2018 წლის თებერვლიდან იგი ისევ ხარაგაულის სოც. მომსახურების სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიაზო გამრეკელაშვილი მისი სოფლის, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ხარაგაულის საკრებულოში, ქართული ოცნებიდან. აგრეთვე, მის სახელს უკავშირდება 3 კომპანია/სამეწარმეო სუბიექტი, რომლებიც წლების განმავლობაში საკმაოდ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ, მეტწილად იმ მუნიციპალიტეტებიდან (ხარაგაული,ზესტაფონი), რომლებშიც კიაზო გამრეკელაშვილი წარსულში და ახლაც საჯარო მოხელედ მუშაობდა.
შპს “კომპაქტმშენი”
შპს “კომპაქტმშენი” 2019 წლის აპრილში დაარსდა, რომლის 50-50% წილებსაც კიაზო გამრეკელაშვილი და მისი ყოფილი თანამშრომელი ომარ გაგოშიძე ფლობდნენ. 2021 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ამონაწერში შევიდა ცვლილება, რის შემდეგაც კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი 1993 წელს დაბადებული ლაშა ჩაჩანიძე გახდა, რომელიც კიაზო გამრეკელაშვილის სიძეა.
აღნიშნულმა კომპანიამ რეგისტრაციიდან 2 კვირაში ზესტაფონის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ზესტაფონში ერთ-ერთი მინი მოედნის რეაბილიტაციისთვის გამრეკელაშვილის კომპანიას ბიუჯეტიდან 37,147 ლარი გადაუხადეს. 2019 წლის აგვისტოში შპს “კომპაქტმშენმა” აგრეთვე გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის მიერ მდ. ღორეშას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 35,821 ლარი მიიღო.
აგრეთვე, 2019 წლის აგვისტოში, ხარაგაულის მერიამ ამ კომპანიასთან გააფორმა 26,674 ლარის გამარტივებული შესყიდვა, ხარაგაულის სოფ.წყალფორეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად.
საერთო ჯამში, 2019 წლის აპრილში დაარსებულმა კომპანიამ დაარსებიდან 5 თვეში ბიუჯეტიდან 99,642 ლარი მიიღო, აქედან 62,495 ლარი ხარაგაულის
მუნიციპალიტეტიდან. 2019 წლის შემდეგ ამ კომპანიასთან რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
შვილი
2020 წლის 16 ოქტომბერს კიაზო გამრეკელაშვილის 20 წლის შვილი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა და 1 თვეში 15,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო ხარაგაულის მერიისგან, სოფ. ვარძიაში წყლის ჭაბურღილის მოწყობისთვის. 2021 წელს მასთან ხარაგაულის მერიამ და სოფ. ბორის საჯარო სკოლამ კიდევ 3 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. სამივეს ღირებულება ჯამში 68,135 ლარი იყო. სამივე შესყიდვა სხვადასხვა ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა.
მათ შორის იყო 2021 წლის 2 ივნისს ხარაგაულის მერიის მიერ ერეკლე გამრეკელაშვილთან გაფორმებული 38,000-ლარიანი გამარტივებული შესყიდვა, საიდან 26,000 ლარი სოფ. კიცხის წყლის სისტემის მოწესრიგებას უნდა მოხმარებოდა, რათა სოფელს წყალი წვიმიანი დღეების გარდა სხვა პერიოდშიც ჰქონოდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, მიუხედავად ათიათასაობით ლარის დახარჯვისა, მოსახლეობას წყალი მშრალ დღეებში მაინც არ მიეწოდება.
2021 წლის სექტემბერში ერეკლე გამრეკელაშვილმა აგრეთვე უკონკურენტოდ გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის გამოცხადებულ 4,915 ლარის ღირებულების ტენდერში, რომელიც საკანალიზაციო არხების შეკეთებას შეეხებოდა.
ამის შემდეგ ერეკლე გამრეკელაშვილთან თითქმის 2 წლის განმავლობაში ხარაგაულის მერიას არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, თუმცა 2023 წლის 11 ივლისს მერიამ მასთან კვლავ გააფორმა 39,141 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა, რომელიც სოფელ წყალაფორეთში სკვერის რეაბილიტაციას, წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას, არტეზიული ჭისთვის ტუმბოს დამონტაჟებას, გარე განათების მოწყობასა და სასაფლაოს შემოღობვას შეეხებოდა.
აღსანიშნავია ერეკლე გამრეკელაშვილის წერილი ხარაგაულის მერიას, რომელიც 2013 წლის 15 ივნისით არის დათარიღებული, სადაც სოფელ წყალაფორეთის გამგებელი რევაზ სხილაძე ხარაგაულის მერს სთხოვს, რომ ზემოთაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ერეკლე გამრეკელაშვილს გაუფორმოს. ადგილობრივი საჯარო მოხელის მიერ ამგვარი დაუსაბუთებელი თხოვნით მიმართვა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შესაძლო ფავორიტიზმისა და კორუფციის ნიშნებს.
საერთო ჯამში, 2020-23 წლებში კიაზო გამრეკელაშვილის შვილმა ხარაგაულის მერიისთან 112,331 ლარის ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების გზით გააფორმა. აქედან 82,444 ლარი მას ხარაგაულის ბიუჯეტიდან უკვე ჩაერიცხა .
სიძე – ლაშა ჩაჩანიძე
მესამე სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც კიაზო გამრეკელაშვილს უკავშირდება და რომელსაც ხარაგაულის მერიის საკმაოდ მსხვილი ტენდერი აქვს მოგებული, არის კიაზო გამრეკელაშვილის სიძე, ლაშა ჩაჩანიძე, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც ინდ. მეწარმე.
რეგისტრაციიდან 2 თვეში მან უკონკურენტოდ გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ხარაგაულის რამდენიმე სოფელში სასოფლო გზების რეაბილიტაციას ეხებოდა. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ხარაგაულის მერიამ მასთან 31,722 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
2022 წლის 7 ოქტომბერს ჩაჩანიძემ აგრეთე უკონკურენტოდ გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ვარძიაში მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების შესყიდვას შეეხებოდა. მასთან მერიამ 11,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ორივე ამ ტენდერის თანხები მას უკვე ჩაერიცხა ხარაგაულის ბიუჯეტიდან.
2022 წლის იანვრიდან ხარაგაულის მერიამ და სოფელ კიცხის საჯარო სკოლამ (რომლის მაჟორიტარიც მისი სიმამრია) ლაშა ჩაჩანიძესთან სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვების გაფორმება დაიწყო. საბოლოო ჯამში 2022-2023 წლებში აღნიშნულმა შემსყიდველებმა მასთან 124,133 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს. სამუშაოების უდიდესი ნაწილი შეეხებოდა სოფელ კიცხში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რა დროსაც ლაშა ჩაჩანიძეს ყოველთვის ჰქონდა კიცხის გამგებლის პაატა ბერაძის სარეკომენდაციო წერილები.
რამდენიმე შემთხვევაში, სოფელ წყალაფორეთსა და სოფელ ვარძიაშიც მან გარკვეული სამუშოები შეასრულა, რა დროსაც ამ სოფლის გამგებლებმა – რევაზ სხილაძემ და მზექალა გლუნჩაძემაც მიმართეს თხოვნით ხარაგაულის მერს ხელშეკრულების ლაშა ჩაჩანიძესთან გაფორმების თაობაზე.
საბოლოო ჯამში, 2021-2023 წლებში ხარაგაულის მერიამ ლაშა ჩაჩანიძესთან 166,855 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა გამარტივებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების გზით. სამუშაოების უდიდესი ნაწილი სწორედ იმ სოფელში სრულდებოდა, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაჩანიძის სიმამრი – კიაზო გამრეკელაშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ლაშა ჩაჩანიძე ხარაგაულის სპორტულ ა(ა)იპ-ში მუშაობს ჭიდაობის მასწავლებლად, საიდანაც ბიუჯეტიდან აგრეთვე იღებს ანაზღაურებას თვეში 485 ლარის ოდენობით.
შეჯამება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მასთან დაკავშირებული კომპანიებით 2019-23 წლებში 378,828 ლარის ტენდერები მოიგო, საიდანაც 341,700 ლარის შესყიდვა განახორციელა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 37,141 ლარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, სადაც გამრეკელაშვილი 2015-2018 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტად მუშაობდა.
სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი მიემართებოდა კიცხში მოსაწყობ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც კიაზო გამრეკელაშვილია. საყურადღებოა ისიც, რომ სხვადასხვა სოფლის გამგებლები ყოველთვის უპრობლემოდ უწევდნენ რეკომენდაციას გამრეკელაშვილის ოჯახის წევრებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამოცდილება არსებობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს გამრეკელაშვილთან დაკავშირებულმა შპს კომპაქტმშენმა ისე მიიღო ხარაგაულის მერიიდან 62,500 ლარის ხელშეკრულებები, რომ მაშინ ხარაგაულის მერი არ იყო კობა ლურსმანაშვილი. თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით 2019 წლის შემდეგ გამრეკელაშვილს უთანხმოება მოუვიდა მის ბიზნესპარტნიორ ომარ გაგოშიძესთან, რომელიც ოპოზიციაში, კერძოდ პარტია ლელოში გადავიდა. შესაბამისად, ამ კომპანიამ შეწყვიტა ტენდერებში მონაწილეობა და 2021 წლიდან ის გამრეკელაშვილის სიძეს გადაუფორმდა.
თუმცა 2020 წელს ლურსმანაშვილის მერად დაბრუნების შემდეგ, როგორც ჩანს კიაზო გამრეკელაშვილმა მასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რის შემდეგაც მისი შვილთან და სიძესთან ხდება ასიათასობით ლარის ხელშეკრულებების გაფორმება.
კიაზო გამრეკელაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა საბოლოო ჯამში ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასათბურე პირობებს უქმნის და საბიუჯეტო სახსრებს კორუფციიის რისკის ქვეშ განკარგავს.
კომენტარები