„ხარისხიანად ტყუილის თქმაც კი არ შეუძლიათ. დაუკელი ერთი-ორი პროცენტი, ჩამოიკელი ერთი-ორი წელიწადი.“ – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ რომან გოცირიძე და ფინანსთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებულ პრეზენტაციას ეხმაურება, რაც სამინისტროს 10 წლიან გეგმას ეხება.
„მთავრობა რაღაც ათწლიან გეგმაზე რომ საუბრობს, მოგიკრავთ ყური ალბათ. გეგმა არ არსებობს, ცალკეული სამინსტროების მიხედვით კი რაღაც სლაიდებს აჩვენებენ კედელზე მინათებულს. გუშინ ფინანანსთა სამინისტროში მოაწყვეს მორიგი ასეთი ჩვენება, რათა განეცხადებინათ, რომ ათი წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დღევანდელი 4,3 ათასი დოლარიდან (სხვათა შორის, 2012 წელს იყო 4,4 ათასი დოლარი) გაიზრდება 10 ათას დოლარამდეო. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში ყოველწლიურად მშპ გაიზარდება 8,8 პროცენტით, თანაც ლარის კურსი იგივე იქნება, რაც არის დღეს.
გასული რვა წლის განმავლობაში მშპ საშულაოდ წლიურად იზრდებოდა 2,8 პროცენტით, პანდემიური 2020 წლის გამოკლებით კი 4,1პროცენტით. ვინმეს სჯერა იმ ზღაპრების, რომ ამათ რაიმეს დაგეგმავა და შესრულება შეუძლიათ, როცა წინა გეგმის 99 პროცენტი არ შესრულებულა? ხარისხიანად ტყუილის თქმაც კი არ შეუძლიათ. დაუკელი ერთი-ორი პროცენტი, ჩამოიკელი ერთი-ორი წელიწადი. არა, 2030-იო, ხომ ბრძანა იმან. ათი წელი კი არა, ამათ ხელში ყოველი ათი დღე სიღარიბის და უპერსპექტივობის ზრდის დღეებია.“ – წერს გოცირიძე.
კომენტარები