საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “ვენგო ჯგუფის” დირექტორის პავლე ზაკალაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ავტომობილების გადაადგილებისთვის მათ საშვზე უარი უთხრა და ალტერნატიულ გზად მთავრობის ცხელ ხაზზე – 144-ზე დარეკვა, ან მიკროავტობუსის დაქირავება შესთავაზა.
“როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ პირობებში? მავნებლობაა ეს, აბა რა არის!!!”, – ამბობს პავლე ზაკალაშვილი.
მისი თქმით, მათთვის მიუღებელია მიკროავტობუსის ქირაობა, რადგან ეს ამ რთულ პერიოდში ხელოვნურად გაზრდილი ხარჯი იქნება.
“მას შემდეგ რაც BM.GE-ს საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი კომპანიების – “ვენგო ჯგუფისა” და “ბართ-ლოგისტიკსის” წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაგვიკავშირდა და საშვზე მოთხოვნის საპასუხოდ შემოგვთავაზა, რომ M2 ტიპის მიკროავტობუსი გვექირავებინა და იმით გვეარა.
ამასთან ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური წერილი მოგვწერა, სადაც ასეთი განმარტებაა: რადგანაც თქვენი საქმიანობა არ არის შეჩერებული, შეგიძლიათ ნებისმიერი გადაადგილება შეათანხმოთ 144-თან, ან M2, M3 ტიპის მიკროავტობუსები დაიქირავოთო. საკითხავია 144-ში რამდენად ეყოფათ იმის კომპეტენცია რომ განსაზღვრონ, მჭირდება მე გასვლა თუ არ მჭირდება.
დღეს მთელი დღეა ვრეკავთ 144-ში, პრაქტიკულად შეუძლებელია იქ დარეკვა, რაც საქმიანობის განხორციელებაში გვიქმნის პრობლემებს. უცხოელ მძღოლებთან ნაღდი ანგარიშსწორება გვაქვს და ვერ ვახერხებ საბურთალოდან ერისთავის ქუჩაზე თანხის გატანას. ეს კონკრეტული დღევანდელი შემთხვევაა.
ჩვენ რომ ვიყოთ დიდი ორგანიზაცია და დავდიოდეთ ყველანი, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ დაგვექირავებინა მათ მიერ შემოთავაზებული მიკროავტობუსი და ისე გვეარა, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანის სამოძრაოა, გვთავაზობენ – იქირავე მიკროავტობუსი, წინასწარ მარშრუტი შეათანხმე და ისე გადაადგილდიო. ეს ხომ დამატებითი ბიუროკრატიაა და ყველაფერთან ერთად, რატომ მავალდებულებს სახელმწიფო დამატებითი ხარჯის გაწევას.
ისედაც გარკვეული პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან ჩვენი კლიენტების ნაწილს უჭირს თანხების გადახდა, იმიტომ რომ ამ დროისთვის არ მუშაობენ”, – აცხადებს “ვენგო ჯგუფის” დირექტორი.
როგორც პავლე ზაკალაშვილი აცხადებს, მიუხედავად ამისა “ვენგო ჯგუფი” და მათი პარტნიორი “ბართ-ლოგისტიკსი” არ წყვეტენ საქმიანობას, ტვირთების გადაზიდვას და საწყობში დასაწყობებას აგრძელებენ.
“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამით უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყნის ეკონომიკაც და ყველა ის კომპანია, ვინც გვანდო ამ ტვირთის ჩამოტანა”, – აღნიშნავს კომპანიის დირქტორი.
ცნობისთვის, პარტნიორი კომპანიები ჯამში, 60-70 ადამიანს ასაქმებენ.
კომენტარები