უზენაეს სასამართლოში ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ადვოკატზე, ზვიად კორძაძეზე, დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ და დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რასაც სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
“სასამართლოში საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა. არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა. დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებულები იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ,” – თქვა კორძაძემ [ინტერპრესნიუსი].
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
კომენტარები