“ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც კაზინოში წაგებული ფულის გამო თავს იკლავენ, დამატებით ფულს “ახევს” და ნაღდ სიკვდილზე უშვებს“
ალბათ ყველას ახსოვს, რა ამბავი მოყვა იმის თქმას, რომ აზარტული თამაშების ბრუნვამ წლიურად 15 მილიარდ ლარს, ანუ საქართველოს ბიუჯეტს გადააჭარბა. ისიც გემახსოვრებათ, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა როგორ ერთხმად დაგმეს ის, რომ აზარტული თამაშები დამღუპველია და რომ რეგულაციები აუცილებელია. ეგ კი არა და, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის ერთხელ დაწუნებული კანონი პარლამენტში მეორედ შევიდა და მართალია, ჯერ მისი მიღება ვერ მოესწრო, პირობას გვაძლევენ, რომ საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მიიღებენ. ეს იმ პირობებში, როცა 2020 წელი ოლიმპიადისაა და შესაბამისად, აზარტი და მოთხოვნაც ერთი ორად აიწევს. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ ასეთი შეზღუდვა დაწესდება, იმასაც მივესალმებით, თუ ინტერნეტით აზარტული თამაშები შეიზღუდება. ეს ჩვენ მივესალმებით, თორემ ხელისუფლებას გონება სხვანაირად უჭრის და სანამ რეკლამის აკრძალვაზე მიიღებდა კანონს, ისეთი რეგულაცია მიიღო, რომელიც მოთამაშეებს აზარალებს. ერთი შეხედვით ხომ წარმოუდგენელია, რა უნდა მიეღო ხელისუფლებას ისეთი, რომ მოთამაშე იმაზე მეტად დაზარალდეს, ვიდრე ახლა ზარალდება? არადა, მოახერხეს.
მოკლედ, 13 დეკემბრამდე ასე იყო – თუ ინტერნეტ-კაზინოში ან ინტერნეტ სლოტების თამაშის დროს, რიგითი მოთამაშე მოიგებდა თანხას, ამ თანხას ბანკის ბარათზე უპროცენტოდ რიცხავდა. ანუ, მოიგე ასი ლარი, ბარათზე რიცხავდი სწორედ ას ლარს. ახლა კი სხვაგვარადაა – მოიგე ასი ლარი და სახელმწიფო ერთ პროცენტს, ანუ ერთ ლარს ბიუჯეტისთვის „აგახევთ“.
„აქამდე მოგების გადასახადს მარტო ონლაინ კაზინოები იხდიდნენ, ანუ იგებდა კაზინო და რიცხავდა მოგების გადასახადს. ეს გადასახადი რა თქმა უნდა არ არის ერთი პროცენტი, ის ძალიან დიდია, მაგრამ არც იმდენად დიდი, მოგებას რომ დაეტყოს. მოთამაშე კი არანაირად არ ზარალდებოდა. ახლა მოთამაშესაც ჩაუჯდა სახელმწიფო წილში და მოგების ერთ პროცენტს ართმევს. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხა არაა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ყველაზე ცუდი დათვლით, 15 მილიარდიანი ბრუნვიდან, 3 მილიარდი ხომ არის მოთამაშეების მოგება და 12 მილიარდი კაზინოსი? ანუ 20/80-ზე? აი, ამ 3 მილიარდის 1 პროცენტი რამდენი გამოდის? სწორია – 30 მილიონი. ანუ, ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც კაზინოში წაგებული ფულის გამო თავს იკლავენ, დამატებით წლიურად 30 მილიონს ახევს და ნაღდ სიკვდილზე უშვებს“, – გვითხრა ყველაზე ცნობილი კაზინოს ერთ-ერთმა მენეჯერმა.
მოკლედ, ხელისუფლებამ „გამოსავალი“ აშკარად იპოვა და მოთამაშეების ხარჯზე ბიუჯეტში დამატებით 30 მილიონის მობილიზებაც მოახდინა. მერე რა, რომ ამის გამო მთელი ამბები იყო ატეხილი და მერე რა, რომ ერთ თვეში შვიდმა ადამიანმა სწორედ აზარტული თამაშების ვალის გამო მოიკლა თავი?! ერთეულების სიკვდილია ტრაგედია, თორემ რიცხოვნობა თუ იზრდება, უკვე სტატისტიკაა.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები