ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი:
“XXI საუკუნეში ადამიანს გვიმალავენ?! სწორად გავიგე? ეგ ხომ შეუძლებელია?
სინამდვილეში მიზანი ერთია:
ახლა ამაზე უნდა გვაწერინონ ხალხს – სმარტფონი არ აქვთ? რას გვატყუებენ? ამას ვინ ჭამს? წინა სხდომაზეც ხომ ეგ თქვეს და რატომ არ მოგვარდა?
ხელისუფლებამაც კარგად იცის, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანს ვერ დამალავ. ბოლოს და ბოლოს, თუ მოკვდა, ხომ ყველა ვნახავთ?!
ხელისუფლება ცდილობს, რომ სააკაშვილის ამბავი არ დამთავრდეს, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები ვერ გამოვიდნენ ამ საკითხის ტყვეობიდან, რადგან მართლაც – სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეში კვდება, ცოტათი ამორალურია ინფლაციაზე საუბარი ან საგადასახადო თუ განათლების რეფორმებზე ფიქრი.
ხელისუფლების მიზანია ეს არ დამთავრდეს. რადგან თუ ეს არ მთავრდება, ერთადერთი ვისაც არაისტერიკული, დალაგებული სახით რაღაც შინაარსობრივზე საუბარი შეუძლია, თავადაა. ამ დროს, ხალხს აინტერესებს, როგორ შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრება უკეთესობისკენ და ამაზე არავინ საუბრობს ხელისუფლების გარდა (და პრინციპში, ვერც გაამტყუნებ – ციხეში კვდება მესამე პრეზიდენტი და მართლა რა დროს ეგაა).
ამ დროს ხელისუფლება კვებავს სააკაშვილის საქმეზე ბუნდოვანებას – აი ახლა კადრებს გამოვდებ, თუ რადიკალები არ დამშვიდდებიან.
და ეს ბუნდოვანება კიდევ პროპაგანდის ტექნიკაა – მოქალაქემ ვერ მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან ვერ ახერხებს გაერკვიოს სიტუაციაში.
ამ ყველაფერში ხელისუფლებას ყავს მთავარი ხელქვეითი – მედია. ყველაზე რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ყველა მთვლელის მონაცემებით. ამას ეს მედია ახერხებს უამრავი ფულის ჩაყრით გასართობ შოუებში, რითაც იხვეჭს მაყურებელს, ზრდის ინფლუენსერებს, რომლებიც მერე პლაკატებზე თუ პოსტებით მას დაუჭერენ მხარს (აქვე აღვნიშნავ – ვინც მანდ მუშაობთ, ნუ დაიმშვიდებთ თავს, მე მხოლოდ გასართობ გადაცემას ვაკეთებდი და პოლიტიკა არ მეხებოდაო). ამ მოხვეჭილ მაყურებელს შემდეგ აჩვენებს ორ კადრს – პრემიერი საუბრობს ეკონომიკაზე – პრობლემებსა და მიღწევებზე და რომელიმე მარგინალიზებული პოლიტიკოსი ითხოვს მიშას თავისუფლებას. ეს მაყურებელი კიდე შტერი არაა – საქმეზე მოლაპარაკე ადამიანი უფრო მოსწონს.
ამგვარად, ხელისუფლება ახერხებს ტყვედ აიყვანოს პოლიტიკური პროცესი, მოახდინოს ყველას და ყველაფრის მარგინალიზება, რადგან თუ საქმეზე ლაპარაკობ, რა დროს ესაა – მესამე პრეზიდენტი კვდება ციხეში, ხოლო თუ საქმეზე არ ლაპარაკობ, მაშინ რით უნდა დააინტერესო ამომრჩეველი.
ხელისუფლება ეცდება არასდროს დასრულდეს სააკაშვილის ამბავი და ჩვენ ყველა – მთელი დანარჩენი საქართველო – ისინიც, ვისაც მიშა არ უყვარს და ისინიც – ვინც მიშას გამო ტყვიას შეუშვერს გულს, ყველანი ერთად ვართ ამ ტყვეობაში.”
კომენტარები