პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმ ნაწილს, რომელიც შევიდა პარლამენტში და იმ ნაწილს შორის, რომელიც არ შევიდა პარლამენტში. განხეთქილების ვაშლის როლი ითამაშა ამნისტიის შესახებ კანონმა. პარლამენტში შესული ოპოზიცია ნაწილობრივ აღიარებს კიდეც თავის შეცდომას, თავის დროზე არ იყო ეს საკითხი დეტალურად გავლილი. ხელისუფლების ამოცანა თავიდანვე ცხადი იყო, ჩემი აზრით, ამნისტიის საფუძველი მელიას გათავისუფლება კი არ იყო, არამედ საკუთარი დანაშაულის დაფარვა და ამაში მელიას გამოყენება და მელიას დისკრედიტაცია. მელიას განცხადების შემდეგ, ეს გეგმა ჩაიშალა, მაგრამ სამაგიეროდ, მათ მიიღეს ახალი ბონუსი ოპოზიციის შიგნით დაძაულობის სახით.
ოპოზიციამ უნდა შეხედოს ყველაფერ ამას, როგორც პროცესის ხარვეზს, ნუ აჰყვებიან ემოციას და ნუ მიაყენებენ ერთმანეთს ისეთ შეურაცხყოფებს, რაც შეუქცევადს გახდის დაპირისპირებას. პროცესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი საკითხი. ამოცანაა, რიგგარეშე არჩევნების მიღწევა და ამის მექანიზმი ამ შეთანხმებაში ჩადებულია, ბევრი თანმდევი საკითხია გადასაწყვეი და ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
მელიამ თავისი მორალური დილემა სწორი მიმართულებით გადაწყვიტა, მისი ციხიდან გამოსვლის ფორმა, დღეს უკვე ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს, მას ვერავინ დასდებს ვერაფერში ბრალს. ის რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან და საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობაც უნდა აღმოჩნდეს პარლამენტში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – ძირითადი პოლიტიკური ბატალიები პარლამენტში წავა, მარტო ამნისტია არ არის, საუბრია მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არჩევნების მოსამზადებელ პერიოდზე, კანონპროექტში ცვლილებებზე და მიმდინარე პრობლემებზე, უკიდურესი გაჭირვება, ეკონომიკური თემები, კორუფციის თემები – რაც მძლავრობს და ქაოსთანაც კი გვაქვს საქმე.
ხელისუფლება შეეცდება რომ გაზარდოს ბზარი, ითამაშოს ემოციებზე და დააპირისპიროს ოპოზიციური პარტიები და მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს, მაგრამ ვფიქრობ, ოპოზიციამ ამის საშუალება არ უნდა მისცეს. ვიღაცას შეეშალა, ვიღაცას არ შეეშალა, ამაზე უკვე ამომრჩეველმა გამოიტანოს ვერდიქტი, ვინ გამოიყურებოდა იგივე ამნისტიის მიღებისას უკეთესად და უარესად და ამომრჩეველი იმ პარტიას მისცემს ხმას, ვინც უფრო სწორად იქცეოდა, თუნდაც შეთანხმების პროცესში.
კომენტარები