„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება:
– ბატონო გია, გამართლდა თქვენი პროგნოზი, რომ ხელისუფლებას დასავლეთი აიძულებდა საარჩევნო სიტემის შესახებ შეთანხმების შესრულებას და იმ პატიმრების ციხიდან გამოშვებასაც, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. თუმცა, უკვე ჩამცხრალი იყო ყველაფერი, ყველას ყველაფერი უკვე მოგვარებული, დალაგებული ეგონა და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ისევ აურიეს საქმე, როდესაც განაცხადეს, რომ პატიმრების – უგულავასა და ოქრუაშვილის გაშვებას არ აპირებდნენ. თუმცა, ისევ დასავლეთის ზეწოლოთ, იძულებულნი გახდნენ, გაჩუმებულიყვნენ და ახალი სპექტაკლი შემოგვთავაზეს – სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს ეს პატიმრები, რომელთაც დასავლეთმა უკვე პოლიტპატიმრებიც კი უწოდა. რატომ გააკეთეს ეს, მე ვიტყოდი, დიდი სისულელე?
– ეს იყო დიდი სიბრიყვის ისტორია, სხვა არაფერი. რაც მათ გააკეთეს, ეს გონივრული ქმედებების ჩარჩოებს სცილდება. ხელისუფლებას ჰქონდა იაფფასიანი გათვლა. კორონავირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოში უამრავი პრობლემა გააჩინა, პოლიტიკა უკანა პლანზე დასწია, ყველა ქვეყანას თავისი შიდა პრობლემები ჰქონდა თავზე საყრელად. გარდა ამისა, ჩვენებს ვირუსის მართვის მენეჯმენტში ჰქონდათ მნიშვნელოვანი წარმატებები, ეს უცხოეთშიც აღიარეს და აქაც აეწიათ რეიტინგი ამის გამო, ეს უნდა ვაღიაროთ. იფიქრეს, მოდი, გადავაგდებთ დასავლეთს, დასავლეთის ქვეყნებს ჩვენთვის ახლა არ სცალიათ, თან ახლა კარგი თვალით გვიყურებენ. ჩვენზე ზეწოლა უკვე შეწყდა ამერიკაში, ევროპაშიც. მოდი, არ გამოვუშვებთ პატიმრებს, ოპოზიცია ამას არ დათმობს, კვლავ დაჟინებით მოითხოვს პატიმრების გათავისუფლებას და ამის გარეშე, საარჩევნო სისტემის შეცვლას პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას დავაბრალებთ ოპოზიციას და არჩევნებს კვლავ ძველი სისტემით – 77/73 ჩავატარებთ. ეგონათ, ყველა თვალს დაუხუჭავდა ამაზე და თავიანთ გამყარებულ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებდნენ. არ გამოუვიდათ ეს უაზროდ გათვლილი პოლიტიკური ხრიკი. არ იმუშავა ამ გეგმამ. „გადაგდება“ პოლიტიკაში ცუდი ტონია. მითუმეტეს, ამ მოლაპარაკების გარანტორებად გამოდიოდნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები. ამერიკასა და ევროკავშირს ერთდროულად რომ მოუნდომებ „გადაგდებას“, წარმოიდგინეთ ახლა, რამხელა ბრიყვები არიან. ამას მოჰყვა უმძიმესი რეაქცია დასავლეთიდან, რასაც ხელისუფლება არ ელოდებოდა. ამაყ რიტორიკას კაპიტულაცია მოჰყვა და გამოუშვეს პატიმრები ციხიდან. რაც კორონავირუსთან ბრძოლაში კაპიტალი დააგროვეს, ის სრულიად გაფლანგეს. როდესაც პოლიტიკური კლასი არ გაქვს, ეპოტინები რაღაცებს, რასაც ვერ შესწვდები, მაშინ თავზე დაგემხობა ყველაფერი. ასეც მოუვიდათ. ცხადია, არ მჯერა, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო პატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება. ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. ახლა კი ემიჯნებიან პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად გადაგდა ეს ნაბიჯიო, მაგრამ ამის თავად „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, იმდენად მტკნარი სიცრუეა.
– გამორიცხავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამდენი პოლიტიკური ორომტრიალისა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გადააგდოს“ ოპოზიცია და დასავლეთი, პარლამენტში კენჭისყრაზე ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები ძველებური სისტემით ჩაატაროს?
– იმდენი სისულელეები ხდება, ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ხელისუფლება როდესაც აფექტის მდგომარეობაში იწყებს მოქმედებას, მას გრძელვადიანი პოლიტიკური გათვლა არ აქვთ. ესენი ერთი დღის გადაგორებით ცხოვრობენ. რაღაც კონკრეტული მოცემულობა შეიქმნება და იმ მომენტში როგორ მოიქცნენ, იმაზე ფიქრობენ. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ ამ სპონტანურ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, იმაზე არ ფიქრობენ. ქვეყანა და ხალხი რომ ადარდებთ, ეს ვიცით, მაგრამ მათთვის რა შედეგები მოჰყვება, რა შეიძლება დაუბრუნდეთ ბუმერანგივით, ამაზეც კი არ ფიქრობენ. ეს უკვე სიბრიყვის პიკია პოლიტიკაში, სხვა არაფერი. რას ვუყურებთ ჩვენ გამუდმებით? დღეს ერთს აცხადებენ და მეორე დღეს იმის საწინააღმდეგოს. ასეთ აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლებისგან აღარაფერი მიკვირს. თეორიულად ისიც დასაშვებად მიმაჩნია, რომ მართლა ჩააგდონ საკონსტიტუციო ცვლილებები და ძველი სისტემით ჩაატარონ არჩევნები. – დავუშვათ და მართლა გააკეთეს ეს, მერე რა მოხდება? – ეს რომ გააკეთონ, შესაძლოა, არჩევნები არც ჩატარდეს, ხალხი გამოვა ქუჩაში და რა მოხდება შემდეგ, ამის პროგნოზირება თქვენთვის მომინდვია. თუ ჩატარდა არჩევნები ძველი სისტემით, ხელისუფლებას არანაირი გარანტია არ ექნება, რომ მოიგებს არჩევნებს. უპირატესობა კი ექნება, მაგრამ გარანტი – არა.
დასავლეთი დააკვირდება მთელ საარჩევნო პროცესს და ერთი ხმის გაყალბების, მოსყიდვის უფლებას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“. არ მისცემს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უფლებას, სუს–ის აქტიურობის უფლებას საარჩევნო პროცესზე და ამომრჩევლებზე. ასევე, სხვა უკანონო რესურსების გამოყენების უფლებას, რომელსაც დღემდე იყენებდა „ქართული ოცნება“ ბოლოს ჩატარებული რამდენიმე არჩევნებისას. ასეთ შემთხვევაში, დიდი შანსია, არჩევნები წააგოს „ქართულმა ოცნებამ“. გაკოტრებულია უკვე, მხარდაჭერა აღარ აქვს ხალხში, არც გარეთ და მე ვფიქრობ, ვერც ერთი სისტემით ჩატარებული არჩევნები ვერ უშველის. ნუ, კარგი, დავუშვათ და მოიგეს არჩევნები, მერე რას აპირებენ? მოგება უფრო იოლია, ვიდრე მოგებულის შენარჩუნება. ხელისუფლების მოპოვება ბევრად იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება – ეს აქსიომაა. დასავლეთი დაპირისპირებული კი არა, გადაკიდებული ეყოლებათ. მრავალგზის მოტყუებული პარტნიორები ფინანსურ დახმარებას არ აღმოუჩენენ. ეკონომიკა წაქცეულია, ხალხი გაღატაკებული, იმდენად გაუსაძლის მდგომარეობაშია, რომ ყველაფერზეა წამსვლელი და ასეთ პირობებში, უბრალოდ, ვერ შეინარჩუნებ ხელისუფლებას. დასაყრდენი როდესაც არ გაგაჩნია არც შენს ხალხში, არც გარეთ, როდესაც მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, რომც მოიგო ის არჩევნები, დიდხანს ვერ გაძლებ ხელისუფლებაში. არა, ბრიყვები არიან, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი ბრიყვები იყვნენ, რომ მაგაზე წავიდნენ. – ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის ლიდერები იმდენად პოლიტიკურად უვიცები არიან მართლა, რომ ვერ თუ არ აფასებდნენ იმ უცხოელი პოლიტიკოსების რეალურ გავლენას, წონას, რომლებიც არაერთხელ დაიპირისპირეს?
ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, მის მოადგილეს, ჯინ შაჰინს„ნაცების“ კლასტერის წევრებს“, სააკაშვილის მეგობრებს ეძახიან „ქართული ოცნების“ გავლენიანი პოლიტიკოსები. ამათ არ იციან, რომ სენატორმა ჯინ შაჰინმა, იმ დროს სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, პირველმა ამერიკის ხელისუფლებიდან, 2011 წლის 13 ოქტომბერს, საჯაროდ განაცხადა: „საქართელოსთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებისთვის მშვიდობიანი გზით გადაცემა“.
ფაქტიურად, მოუწოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, გადააბარე ოპოზიციას ხელისუფლებაო. ეს 2012 წლის არჩევნებამდე 1 წლით ადრე თქვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ჯერ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, შემდეგ ვიცე–პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იგივე, ოღონდ უფრო მკაფიოდ და კატეგორიულად გაუმეორეს სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“. ეს როგორ უნდა დაგავიწყდეს? მას „ნაცი“ და მიშას მეგობარი როგორ უნდა ეძახო? – ამ პერიოდში „ნაციონალების“ ოპოზიციაში ვიყავი, შემდეგ უკვე საარჩევნო პროცესშიც და კარგად მახსოვს, ჯინ შაჰინის ეს განცხადებაც, სხვა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც განცხადებებიც, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. კარგად მახსოვს ის დადებითი ემოციებიც, მადლიერების გრძნობა, რასაც მათ ამ განცხადებებზე გამოხატავდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, მათ შორის, ზოგიერთი დღევანდელი ლიდერი. მე ყველაფერი კარგად მახსოვს, ამათ აღარ ახსოვთ. კარგად მახსოვს, რომ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ გაგვიჭირდებოდა არჩევნების შედეგების შენარჩუნება, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ ცსკო–ს სხვა შედეგები დაედო და „ნაცმოძრაობა“ გამოცხადებულიყო გამარჯვებულად. არჩევნებამდე კიდევ ბევრი ცუდი განზრახვა ჰქონდა სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ, სერიოზული რისკები იყო, მაგრამ დასავლეთმა შეაჩერა. ეს დღეს აღარ ახსოვთ, სამწუხაროდ. ამერიკის ხელისუფლებაში რამდენიმე პოლიტიკოსია, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას.
იგივე რიში, შაჰინი, კიზინგერი და ალბათ, სულ ათიოდე პოლიტიკოსი კაპიტოლიუმში. დანარჩენებს საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო. ამერიკის ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ კონგრესში, სენატში, თეთრ სახლში საქართველოსთან დაკავშირებით, მათგან იღებენ ინფორმაციას, რეკომენდაციებს თუ რჩევებს, ამათ ეკითხებიან, რა ხდება საქართველოში. როდესაც ამ დონის პოლიტიკოსები უკვე ღიად გიპირისპირდებიან, უკვე ღიად იყენებენ ტერმინ „პოლიტპატიმარს“ ხელისუფლების მიერ დაჭერილი პოლიტიკოსების მიმართ, ეს უკვე ძალიან მძიმეა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, სულ მცირე, უნდა მიხვდე, რომ ძალიან ღრმად შეტოპე და უკან უნდა გამოტოპო. არა, ესენი იმ ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან. იმის ნაცვლად, ბოდიში მოიხადონ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ამ პოლიტიკოსებს და მათ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. ელემენტარული ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ლიდერებმაც და მათმა მხარდამჭერებმაც. ამერიკის ხელისუფლებისგან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებებს იღებენ, ეს ამ პოლიტიკოსების მხარდაჭერის გარეშე ხომ ვერ მოხდებოდა? ამერიკა თანმიმდევრულად მხარს რომ უჭერს საქართველოს ანტისაოკუპაციო პოლიტიკას, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის პოლიტიკას. ეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რიშისა და შაჰინის გარეშე მოხდებოდა? ეს ხალხი გეუბნება, რომ ჩვენი მეგობრები არიან და ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მათი „გადაგდება“ მოინდომა, თან არაერთგზის. მე ვერ ვიხსენებ ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიმე სენატორს ასე, ხელაღებით, ვინმესთვის პოლიტპატიმარი ეწოდებინოს ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ეს თავად ხელისუფლებამ გაიჩალიჩა. შესაბამისად, ადეკვატური ადამიანი კონსტრუქციული იქნებოდა, ამ გართულებამდე არ მიიყვანდა საქმეს.
შეეძლოთ, წყნარად გამოეშვათ პატიმრები და ლოგიკურად მივიდოდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლამდე. ამათ კი ეს არ გააკეთეს, ყველა ის შეცდომა დაუშვეს, რომლის დაშვებაც ამ ვითარებაში იყო შესაძლებელი. ამათთვის ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ამერიკაშიც და ევროპაშიც, პოლიტიკურ ინსტებლიშმენტში, ჩამოყალიბებულია მკაფიო აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის არაკომფორტული პარტნიორია, უცხო სხეულია, ხელისუფლების რეპუტაცია არის ძალიან დაბალი. ვიღაცები ბუზღუნებენ, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ეს რა მათი საქმეაო. არავინ არ ჩარეულა. ოპოზიციამ მიმართა ამერიკასა და ევროპას დახმარებისთვის, შუამავლობა სთხოვა ხელისუფლებასთან, მეტი არაფერი. ესენიც ადგნენ და იკისრეს ეს შუამავლის როლი, დასვეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ მაგიდასთან და რამდენიმე რაუნდიანი შეხვედრა ჩატარდა. ბოლოს, გადამწყვეტი ამერიკის საელჩოში ევროკავშირის ელჩის თანდასწრებით. მოილაპარაკეს კონკრეტულ პირობებზე, ელჩები დადგნენ გარანტორებად, რომ პირობები შესრულდებოდა. მოილაპარაკეთ? შეასრულე, რა გამოუშვი ის გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი და შეცვალე საარჩევნო სისტემა. არა, ამათ უფრო გაართულეს ვითარება. ამ შეთანხმების მერე, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი მიუსაჯეს, ნაცვლად იმისა, რომ აღმკვეთი ღონისძიება მაინც შეეცვალათ და გამოძიების დასრულებამდე გამოეშვათ. რას აპროტესტებს „ქართული ოცნება“? „გადაგდების“, ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი ხალხის „გადაგდების“ საშუალება რომ არ მოგცა დასავლეთმა, ეს საშინაო საქმეებში ჩარევაა? აი, ასეთი აბსურდული ლოგიკით გველაპარაკებიან ხელისუფლების აპოლოგეტები და ამ უცხოელი პოლიტიკოსების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. „ნაციონალებს“ და ათას სისულელეს ეძახიან ამ პოლიტიკოსებს. არადა, მათი უმეტესობა 2012 წლამდე ბუჩქებში იმალებოდნენ, საერთოდ არ ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ბევრი „ნაცმოძრაობის“ წევრი ან დამფინასებელი იყო. – მე მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ბიძინა ივანიშვილთან ერთად სუს–ი გააკონტროლებს, მათი რეკომენდაციის გარეშე, სიაში ვერავინ მოხვდება. – ფაქტობრივად, ეგ ყოველთვის ეგრე იყო. და ამჯერადაც ასე იქნება. „ქართული ოცნება“ ხომ რაღაც ამორფული ორგანიზმია, იქ ხომ პოლიტიკური ფიგურები, როგორც ასეთი, არ არსებობენ. ბიძინა ივანიშვილმა ყველა რომ გარეკოს „ქართული ოცნებიდან“, ქუჩიდან მოიყვანოს ხალხი და დეპუტატები გახადოს, შეიცვლება რაიმე? არც არაფერი. ყველაფერი ძველებურად დარჩება.ქართული ოცნება“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი. ეს არის ერთი კაცის პარტია. „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილი და ვინც ამ პარტიაშია, ყველა მისი მსახური, მისი ნების აღმსრულებელია. რამდენი პრემიერ–მინისტრი გამოვიცვლეთ? ზოგიერთი არც ახსოვთ უკვე. „ქართული ოცნება“ არის რუხი მასა, რომლის ნებისმიერი წევრის ნებისმიერ დროს შეცვლა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს. ერთადერთი შეუცვლელი მანდ თავად ივანიშვილია.
– ბატონო გია, ორმა კონგრესმენმა და ორმა სენატორმა, გავლენიანმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს წერილი გაუგზავნეს. ამ წერილში საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკის მტერთან, ირანთან უკანონო თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, ირანული საეჭვო წარმომავლობის ფულის თბილისში გათეთრებასა და ემბარგოს მიუხედავად, ირანული ნავთობის შესყიდვაში. ამერიკას ირანი ტერორისტული ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი და ამას აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას? როგორი საპატიებელია, როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორს, შენს მტერთან იდეალური ურთიერთობა აქვს? მასთან უკანონო გარიგებები აქვს? პოლიტიკურ წრეებში, მედიით ლაპარაკობენ, რომ ამერიკა ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს საბანკო ანგარიშებს გაუყინავს და არა მარტო ამერიკაში.
– ეს თემა ძალიან მძიმეა, შინაარსის განსჯაში არ შევალ. ეს საკითხები რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაგიდაზე აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. ამ თემამ, შესაძლოა, მალე ძალიან მძიმედ იფეთქოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. არაფერს გამოვრიცხავ ამერიკის მხრიდან. ირანი იგივეა ამერიკისთვის, ხარს წითელი ნაჭერი რომ აუფრიალო. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაკვეთა ის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაზეც ამერიკა თვალს არც სტრატეგიულ პარტნიორს დაუხუჭავს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №18
კომენტარები